დავით ზალკალიანმა დიპლომატებს ქართული დიპლომატიის დღე მიულოცა

© Government of Georgiaდავით ზალკალიანი
დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2021
გამოწერა
ასობით ქართველი დიპლომატი იცავს საქართველოს ინტერესებს მსოფლიოს 73 ქვეყანაში, აღნიშნა ზალკალიანმა.
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებებს საგარეო პოლიტიკაში და ამაში არის ქართველი დიპლომატების დიდი დამსახურება, თქვა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დიპლომატებისთვის ქართული დიპლომატიის დღის მილოცვისას.
როგორც საქართველოს პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, მსოფლიოს 73 ქვეყანაში ქართულ დიპლომატიას ემსახურება ასობით პროფესიონალი და ქვეყნის პატრიოტი, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში თავდაუზოგავად შრომობენ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წინსვლისა და წარმატებისთვის.

„მე, როგორც დიპლომატიური ოჯახის წევრმა, კარგად ვიცი, თუ რამდენი შრომა და ძალისხმევაა საჭირო საერთაშორისო ასპარეზზე თუნდაც მცირე წარმატების მისაღწევად. შესაბამისად, ჩვენ, ყველა ერთად როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ მაქსიმუმს ვაკეთებთ საქართველოს უკეთესი მომავლისთვის“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, დიპლომატია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ამავე დროს კომპლექსური პროფესიაა, განსაკუთრებით, დღევანდელ სამყაროში, სადაც დიპლომატიური საქმიანობის ტრადიციული წესები და მოქმედების არეალი სრულიად შეცვლილია და დიპლომატიური სამსახური აბსოლუტურად ახალი შესაძლებლობებისა და გამოწვევების წინაშე დგას.
„სწორედ ქართული დიპლომატიის ძალისხმევის შედეგად, რთული გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად, საქართველოს აქვს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი წარმატება საგარეო პოლიტიკაში და ამისთვის ყველა თქვენგანს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო“, – ნათქვამია დავით ზალკალიანის მისალოც სიტყვაში.
3 ნოემბერს ქართული დიპლომატიის დღე აღინიშნება. ეს თარიღი ქართველი დიპლომატების პროფესიულ დღესასწაულად 2004 წელს დაწესდა და ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება.
ყველა ახალი ამბავი
0