ვის უძვირდება გაზი დეკემბრიდან – „სოკარ ჯორჯია“ განცხადებას ავრცელებს

© Pixabay / stevepbგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2021
გამოწერა
გაზის ფასი უცვლელი დარჩება მხოლოდ პურის მწარმოებელი კომპანიებისთვის.
თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ (SOCAR Georgia Gas) გადაწყვეტილებით, 1 დეკემბრიდან ბუნებრივი გაზის ფასი კომერციული აბონენტებისთვის გაძვირდება, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოსახლეობისთვის საყოფაცხოვრებო ტარიფი უცვლელი რჩება და ტარიფის კორექტირება მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო აბონენტებს შეეხება.

„ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 95 თეთრის ნაცვლად 1,15 ლარი იქნება დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) ჩათვლით. კომპანიის მიერ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის ფასი შენარჩუნებული იყო ბოლო 2,5 წლის განმავლობაში. ფასის კორექტირების აუცილებლობა მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების გაზრდისა და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებითაა განპირობებული“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ამასთან, გაზის ფასი უცვლელი დარჩება პურის მწარმოებელი კომპანიებისთვის.
როგორც კომპანიაში განმარტეს, კომერციული აბონენტებისთვის კორონავირუსის პანდემიის პირობებში ბუნებრივი გაზის ფასი არ შეცვლილა, რაც არ ასახავდა საქართველოში საბაზრო ფასის რეალობას.
„არსებული ვითარების გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება, შეგვეცვალა კომერციული ტარიფი და იგი საქართველოში არსებულ საბაზრო ფასთან შესაბამისი გაგვეხადა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამჟამად საქართველოში როგორც ბუნებრივი აირის, ისე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ძირითადი მომწოდებელი არის კომპანია SOCAR-ი. კომპანიის შვილობილი კომპანიები ქვეყანაში ახორციელებენ გაზგამანაწილებელი სისტემების გაფართოებას და მოდერნიზაციას.
SOCAR Georgia Gas-მა 2008 წლიდან საქართველოში 290 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა და 250 ათასი აბონენტის გაზიფიცირება მოხდინა. SOCAR-ი საქართველოს მასშტაბით 700 ათას აბონენტს ემსახურება. კომპანიას 34 ათასზე მეტი კომერციული აბონენტი ჰყავს.
ყველა ახალი ამბავი
0