წარმატებებს ვუსურვებ ქართულ ღვინოს შვეიცარიაში – ბერნის მერი

ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2021
გამოწერა
შვეიცარიაში მსგავსი მასშტაბის ღონისძიება პირველია და ის ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. შვეიცარიის ქალაქ ბერნში ფესტივალ FERNWEH-ის ფარგლებში „ქართული ღვინის ფორუმი" გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში ღვინის პროფესიონალებსა და დაინტერესებულ პირებს სამი დღის განმავლობაში შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ ქართული კომპანიების მიერ წარმოდგენილ სხვადასხვა დასახელების ღვინოს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ფორუმში მონაწილეობდნენ კომპანიები: „თელავის ღვინის მარანი“, „შატო მუხრანი“, „თელიანი ველი“, „შილდა“, GWS, „წინანდლის მამული“, „კონჭო და კომპანია“, „ნაბერაული“ და „ნიკოლაიშვილების ღვინის მარანი“.
ღვინის ფორუმს ესწრებოდა ქალაქ ბერნის მერი ალეკ ფონ გრაფენრიდი, რომელმაც ქართულ ღვინოს შვეიცარიის ბაზარზე წარმატებები უსურვა.
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2021
შვეიცარიაში ქართული ღვინის ფორუმი იმართება
„ფესტივალი FERNWEH-ის მიზანი ადგილობრივებისთვის უცხო ქვეყნების კულტურის გაცნობაა. დღეს გავეცანი საქართველოს, რომელსაც ქვევრში ღვინის დაყენების 8-ათასწლიანი ტრადიცია და ისტორია აქვს და ასევე დავაგემოვნე სხვადასხვა რეგიონიდან წარმოდგენილი ღვინოები, რომელსაც აქამდე არ ვიცნობდი. წარმატებებს ვუსურვებ ქართულ ღვინოს შვეიცარიაში“, – აღნიშნა მერმა.
შვეიცარიაში „ქართული ღვინის ფორუმი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს, „ქართული ღვინის გალერეის“ და შვეიცარიაში „ქართული კულტურის ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა.
ფორუმის ფარგლებში ქართული ღვინის პრეზენტაცია–დეგუსტაცია „ქართული ღვინის გალერეის“ (GeoHaus GmbH) დამფუძნებელმა ზვიად არაბიძემ წარმოადგინა. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიაში, ქალაქ ციურიხში მიმდინარე წელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით ქართული ღვინის პირველი გალერეა გაიხსნა, რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციაში საკუთარ წვლილს შეიტანს. ქართული ღვინის გალერეის გახსნის იდეა ქართველ ბიზნესმენ ზვიად არაბიძეს ეკუთვნის.
ფორუმის ფარგლებში სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმის „საქართველო ღვინის სამშობლო“ ჩვენება გაიმართა.
ყველა ახალი ამბავი
0