ქართული კინო გერმანიაში საერთაშორისო კინოფესტივალზე მიემგზავრება

CC BY-SA 2.0 / Flickr / Alexandre Chassignon / L'Odéonკინოდარბაზი
კინოდარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2021
გამოწერა
ფესტივალის მაყურებელი ნახავს ფილმს, რომელიც საქართველომ „ოსკარის“ კინოპრემიაზე წარადგინა.
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. ორ ქართულ ფილმს – რეჟისორ ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონს“ და ლუკა ბერაძის მოკლემეტრაჟიან ნამუშევარს „ბოდიში დაგვიანებისთვის“ აჩვენებენ კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც 2-7 ნოემბერს გაიმართება.
საერთაშორისო კინოფესტივალი კოტბუსში პირველად 1991 წელს გაიმართა და იმ დროიდან აღმოსავლეთ ევროპის მთავარ ფესტივალად მიიჩნევა.
„მეოთხე ბრაიტონი“ – საქართველოს სახელით „ოსკარზე“ წარდგენილი ფილმი-კანდიდატია. ის ფესტივალის მთავარ კონკურსზეა წარდგენილი.
ოსკარის სტატუეტი - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
„ოსკარსა“ და „ოქროს გლობუსზე“ საქართველოდან ლევან კოღუაშვილის ფილმი გაიგზავნება
ლევან კოღუაშვილის ფილმი გვიყვება ამაღელვებელ ისტორიას ქართველი მოჭიდავის, კახის შესახებ, რომელიც ბრუკლინში ჩადის, რათა შვილს აზარტული თამაშების გამო დადებული ვალის გადახდაში დაეხმაროს.
ფილმში კახის პერსონაჟს ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, მსოფლიოს ხუთგზის და ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი ლევან თედიაშვილი ასრულებს. ამასთან, ერთ-ერთ მთავარ როლშია ასევე ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე, რომლისთვისაც „მეოთხე ბრაიტონი“, სამწუხაროდ, ბოლო ფილმი აღმოჩნდა. ფილმის დამდგმელი ოპერატორია ფედონ პაპამიქაელი, რომელიც ორჯერ იყო ნომინირებული „ოსკარზე“, როგორც საუკეთესო კინოოპერატორი.
რაც შეეხება ფილმს „ბოდიში დაგვიანებისთვის“, ფესტივალზე ამ მოკლემეტრაჟიანი ფილმის ევროპული პრემიერა შედგება.
ფილმი რეალურ ისტორიას მოგვითხრობს, როდესაც სასწრაფო დახმარების ბრიგადა აგვიანებს გამოძახებაზე, რის შედეგადაც პაციენტი კვდება. უბედური შემთხვევის შედეგად ნათესავებსა და სასწრაფო დახმარების ექიმებს შორის დაპირისპირება იწყება. პირველად მოკლემეტრაჟიანი ფილმი ბაკურიანის კინოფორუმზე აჩვენეს, სადაც მან დადებითი შეფასება დაიმსახურა.
ყველა ახალი ამბავი
0