ცესკოს თავმჯდომარემ არჩევნების მეორე ტურის წინ მოსახლეობას მიმართა

© Facebook / CEC of Georgiaგიორგი კალანდარიშვილი
გიორგი კალანდარიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2021
გამოწერა
კალანდარიშვილის თქმით, ცესკოს გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თითოეულმა ამომრჩეველმა თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში შეძლოს ხმის მიცემა.
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება, განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა.
მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია, 40 საოლქო საარჩევნო კომისია და 1.870 საუბნო საარჩევნო კომისია განაგრძობს მუშაობას არჩევნების მეორე ტურის მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩატარებისთვის.

„მინდა მივმართო საოლქო და საუბნო კომისიების წევრებს, მიუხედავად იმისა, პროფესიული ნიშნით არიან არჩეულები თუ პარტიის მიერ არიან დანიშნული, არ დაიშუროთ ძალისხმევა და მაღალი პასუხისმგებლობით ჩავატაროთ არჩევნების მეორე ტური. ჩვენ ერთად ვატარებთ არჩევნებს", – განაცხადა კალანდარიშვილმა ბრიფინგზე.

ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის მაჩვენებელი სწორედ კარგად ჩატარებული არჩევნებია, აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ.
„ჩვენი გუნდი შრომობს და ყველაფერს გააკეთებს, რომ თითოეულმა ამომრჩეველმა გამოიყენოს მისი კონსტიტუციური უფლება, ხმა მისცეს თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში. მინდა მივმართო მათ, მოვიდნენ არჩევნებზე და იყვნენ დარწმუნებული, რომ ჩვენი, ცენტრალური თუ ადგილობრივი საარჩევნო კომისიების ძალისხმევით მათ ექნებათ უსაფრთხო არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა", – აღნიშნა კალანდარიშვილმა.
არჩევნების მეორე ტური ჩატარდება 30 ოქტომბერს ხუთ თვითმმართველ ქალაქში, 15 რაიონში და 24 საარჩევნო ოლქში. ამომრჩევლების საერთო რაოდენობა მეორე ტურისთვის 2.088.722 ადამიანია, აქედან 1.002.525 – თბილისში.
არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობის მიღება შეეძლო 3.497.345 ამომრჩეველს. კენჭისყრაში მონაწილეობდა დაახლოებით 52%.
ყველა ახალი ამბავი
0