ქუთაისიდან აბასთუმნის მიმართულებით მგზავრობის დრო 1,5 საათით შემცირდება

© courtesy of UN Studioქუთაისის აეროპორტი
ქუთაისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
გამოწერა
ბაღდათი–აბასთუმნის განახლებული მარშრუტით ერთმანეთს უმოკლესი გზით დაუკავშირდება იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონები.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან აბასთუმნამდე მგზავრობის დრო 1,5 საათით შემცირდება და მგზავრობას 4 საათის ნაცვლად 2,5 საათი დასჭირდება, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ბაღდათი–აბასთუმნის გზის სამშენებლო სამუშაოების დათვალიერებისას.
როგორც მინისტრმა განაცხადა, ქუთაისი–ბაღდათი–აბასთუმანი–ბენარას დამაკავშირებელი 71 კმ-მდე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. უკვე დასრულებულია 10 კმ-იანი მონაკვეთი, მომდევნო წელს დასრულდება 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობაც. ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს ასევე დანარჩენ მონაკვეთებზე.

„ბაღდათი–აბასთუმნის გზის პროექტი ისტორიულია თავისი მნიშვნელობით, რადგან ეს გზა აკავშირებს იმერეთს და სამცხე-ჯავახეთს. გზა სრულად დაააკმაყოფილებს სტანდარტს. გათვალისწინებულია შესაბამისი სიგანე – 7 მეტრი გვერდულებით, რომელიც ორზოლიანი გზის პირობებში თავისი პარამეტრებით დაუბრკოლებელი გადაადგილების საშუალებას იძლევა", – განაცხადა ქარსელაძემ.

აღნიშნული საავტომობილო გზის 4 კმ-იანი ნაწილი ამჟამად გადის დაბა აბასთუმნის ხეობაში, სადაც საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო ნაგებობები ძირითადად გზის გასწვრივ არის განლაგებული. კურორტის ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით დაიწყო აბასთუმნის შემოვლითი 16 კმ-იანი გზის მშენებლობა. პროექტი ბაღდათი–აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტის შემადგენელი ნაწილია, რომლის სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2022 წელს იგეგმება.
გზის მშენებლობა რაჭაში - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2021
ახალი გზის გახსნის შემდეგ თბილისიდან რაჭამდე მგზავრობის დრო შემცირდება
ბაღდათიდან აბასთუმნამდე მისასვლელი გზის დღევანდელი ალტერნატივა ბაღდათი–ხაშური–აბასთუმნის გზის მარშრუტია, რომელიც ქუთაისის აეროპორტიდან მანძილს საგრძნობლად ზრდის. ახალი გზის მშენებლობით კი ჩრდილოეთი–სამხრეთის კავშირი შენარჩუნდება იმდაგვარად, რომ კურორტის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტმა არ გაიაროს.
მთლიანობაში ბაღდათი–აბასთუმნის გზის დასრულება დაგეგმილია ეტაპობრივად 2023 და 2024 წლისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0