„თბილისობა 2021“: დედაქალაქის მერმა საპატიო თბილისელები დააჯილდოვა
© Tbilisi City Hallდაჯილდოება
© Tbilisi City Hall
გამოწერა
საპატიო თბილისელის წოდებას ანიჭებენ ადამიანებს, რომელთაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით სამშობლოსა და ერის წინაშე.
თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვა, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2021 წლის საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია დღეს დედაქალაქის საკრებულოში გაიმართა.
დაჯილდოების წინ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
მისი თქმით, საპატიო თბილისელის სტატუსი იმ ადამიანებს მიენიჭათ, ვისაც ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურება და ღვაწლი აქვს.
„თბილისს უამრავი საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, ხელოვანი, სპორტსმენი თუ ექიმი აღუზრდია, თუმცა თბილისმა ყველას გვასწავლა, რომ პროფესია კი არ გამოარჩევს ადამიანს, არამედ ადამიანი გამოარჩევს პროფესიას. გვსურს ჩვენი ქალაქისთვის საყვარელ, დასაფასებელ და საპატიო ადამიანებს ოფიციალურად მივანიჭოთ საპატიო თბილისელის წოდება, რადგან მინიმალურად მაინც დავაფასოთ თბილისის წინაშე გაწეული მათი ღვაწლი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა:
რისმაგ გორდეზიანს - ქართველ მეცნიერს, ფილოლოგს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრს, აკადემიკოსს.
აკაკი ნადარეიშვილს - ექიმს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს;
ირაკლი ფავლენიშვილს - ექიმს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს;
რამაზ ყურაშვილს - ექიმ-ენდოკრინოლოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს;
დავით კვაჭაძეს - ფოტოგრაფს, ამავდროულად კრივის სამგზის ჩემპიონს და სპორტის დამსახურებულ ოსტატს;
ლილი კინწურაშვილს - ქალაქის დასუფთავების სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მთავარ სპეციალისტს, რომელიც უკვე 49 წელია მუნიციპალიტეტს ემსახურება;
ელგუჯა ბურდულს - ცნობილ მსახიობს, საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრს;
პაატა კერვალიშვილს - ფიზიკოსს, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორს, მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებში აღიარებულ მეცნიერს ატომური ენერგიის მიმართულებით.
ინგა ჯიბუტს - ენისა და ლიტერატურის სპეციალისტს, ტერმინოლოგს, საქართველოს ტერმინოლოგთა ასოციაციის თანადამფუძნებელს.
ბადრი ქუთათელაძეს - მწერალს, პოეტსა და მკვლევარს, ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის, გალაკტიონ ტაბიძის პრემიების ლაურეატს, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრს, ღირსების ორდენის კავალერს;
გრიგოლ ჩიგოგიძეს - თეატრმცოდნესა და ჟურნალისტს, ახალგაზრდა კინომოყვარულთა საერთაშორისო ფესტივალის „თბილისური აისი“-ს დამფუძნებელს და ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდ „ოქროს ფრთის“ ლაურეატს;
დავით მუსხელიშვილს - ისტორიკოსს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, აკადემიკოსს.
გივი ღამბაშიძეს - პროფესიით ზეინკალს, რომელიც სხვადასხვა დროს თბილისის მეტროპოლიტენში ზეინკლად და სამურნეო საამქროს თანამშრომლად მუშაობდა. გივი ღამბაშიძის თაოსნობით მოხდა საწარმოო ტერიტორიის განაშენიანება, გაიმართა შესაბამისი ინფრასტრუქტურა და წლების განმავლობაში ის შეუცვლელ როლს ასრულებდა თბილისის მეტროპოლიტენის გამართულად მუშაობაში.
საზეიმო ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა თბილისის მერიის ბიგ ბენდი.
პირველად „თბილისობის" დღესასწაული 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს. რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო 1989 წლიდან 1994 წლამდე ეს დღესასწაული არ იმართებოდა.
2018 წლიდან „თბილისობა" ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას იმართებოდა და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო მიღებული.
შარშან „თბილისობის" დღესასწაული, ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ონლაინ–რეჟიმში კონცერტითა და საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონიით შემოიფარგლა.
წელს, 8 ოქტომბერს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, როდესაც სახლის ჩამონგრევის გამო ცხრა ადამიანი დაიღუპა, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით მუსიკალური წარმოდგენა გაუქმდა, ხოლო მისთვის გამოყოფილი თანხა ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა და დაზარალებული ოჯახების დახმარების ფონდში გადაირიცხა.