სპეცრაზმის მობილიზაცია რეგიონებში: ხელისუფლება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

© photo: Sputnikსპეცოპერაცია თბილისში
სპეცოპერაცია თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2021
გამოწერა
მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება ქვეყანაში არჩევნების წინ მოსახლეობაში პანიკის და შიშის დათესვას ემსახურება, აღნიშნეს სუსში
თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციური ტელეარხები მეორე დღეა ავრცელებენ ინფორმაციას სპეცდანიშნულების რაზმების მობილიზაციის შესახებ ცალკეულ რეგიონებში, მათ შორის სამეგრელოში, ხელისუფლება ამას საარჩევნოდ უწყებების დისკრედიტაციის ახალ მცდელობას უწოდებს.
სამეგრელოსა და შიდა ქართლის რეგიონებში განსაკუთრებული დანიშნულების რაზმების მობილიზაციის შესახებ ინფორმაცია პირველმა ოპოზიცურმა „მთავარმა არხმა“ გაავრცელა. მისი მონაცემებით, მობილიზაცია შესაძლოა არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლებზე ზეწოლის მიზნით ხორციელდებოდეს.
აღნიშნული ინფორმაცია ორმა ძალოვანმა უწყებამ უარყო.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის არცერთ თანამშრომელს თავისი მუდმივი დისლოკაციის ადგილი არ დაუტოვებია. მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება, პირდაპირ ემსახურება წინასაარჩევნოდ საზოგადოებაში შიშისა და პანიკის დათესვას, აზიანებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმიჯს და მიზნად ისახავს უწყების მიმართ საზოგადოების ნდობის შემცირებას“, – აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
მსგავსი განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა.
„განსაკუთრებული მობილიზება არ ხდება და პოლიციელთა გეგმური როტაცია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. აღნიშნული როტაცია სხვადასხვა პერიოდულობით ტარდება“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ პოლიციის ძალები იქნებიან მობილიზებული მხოლოდ და მხოლოდ უსაფრთხოების და საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად, მათ შორის შაბათს დაგეგმილ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მართლწესრიგის და უსაფრთხოების დაცვის მიზნით ყოველთვის მობილიზებული არიან", - აცხადებენ შსს-ში.
ტელეარხის ინფორმაციაზე ნეგატიური რეაქცია ჰქონდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც.
„არარსებული ამბავი გამოიგონეს, სრული ტყუილი, რომ თითქოს ჩვენ ვაპირებდით სპეცრაზმის გაგზავნას სამეგრელოში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა და „მთავარ არხს“ პროვოკატორი უწოდა.
საქართველოში 30 ოქტომბერს მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. განსაკუთრებით სერიოზული ბრძოლა წარიმართება სამეგრელოს ცენტრში - ზუგდიდში, სადაც მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ანზორ მელიას პირველივე ტურში გამარჯვებისთვის მხოლოდ 3% დააკლდა.
ყველა ახალი ამბავი
0