სააკაშვილის მხარდამჭერებს აბაშაში ცოცხები დაუშინეს — ვიდეო

გამოწერა
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები რეგიონებიდან თბილისისკენ მოემართებიან, რათა საპროტესტო აქციას შეუერთდნენ და მისი ციხიდან გათავისუფლება მოითხოვონ.
დასავლეთ საქართველოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა ავტომობილებს „ქართული ოცნების“ მომხრეებმა ცოცხები ესროლეს. იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ვიდეო შემთხვევის ადგილიდან.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, საღამოს მასშტაბურ მიტინგს გეგმავს თავისუფლების მოედანზე, რომლის მთავარი ლოზუნგიც იქნება „თავისუფლება მიშას!“
თბილისისკენ რეგიონებიდან დილიდან მოემართებიან „ნაცმოძრაობისა“ და ექს-პრეზიდენტის მხარდამჭერები. აბაშის გამოსასვლელთან ცოტა ხნის წინ ინციდენტი მოხდა: სააკაშვილის მხარდამჭერთა ავტოკოლონას მმართველი პარტიის მომხრეებმა ცოცხები დაუშინეს პროტესტის ნიშნად. საქმეში პოლიცია ჩაერია და ხალხს გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცა. თუმცა მათ ცოცხების სროლა არ შეუწყვეტიათ, რის შედეგადაც რამდენიმე ავტომობილს მინები დაუზიანდა.
საქართველოში ცოცხები 2012 წლის „ციხის სკანდალის“ სიმბოლოდ იქცა, როდესაც მედიასაშუალებებში ცოცხების გამოყენებით პატიმრების წამებისა და მათზე სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია დღეს, საღამოს 18:00 საათზეა დანიშნული.
ყველა ახალი ამბავი
0