თბილისში მარათონი Tbilisi Hills Trail Race გაიმართება

© Pixabay / mohamed_hassanფიტნესი და რბენა
ფიტნესი და რბენა - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
გამოწერა
გარბენს საქართველოს სამთო სირბილის ფედერაცია TrailLab-თან პარტნიორობით მართავს, ღონისძიებას კი Tbilisi Hills Golf & Residences უმასპინძლებს.
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში 24 ოქტომბერს სამთო გარბენი – Tbilisi Hills Trail Race გაიმართება, მარათონში მონაწილეობას სრულწლოვანი პირები მიიღებენ, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.
მარათონი კრწანისში, Tbilisi Hills-ის მთავარ მოედანზე 10:00 საათზე აიღებს სტარტს. გარბენზე სულ სამი დისტანცია იქნება – 18 კილომეტრი 750 მეტრი ვერტიკალური დისტანციით, 14 კილომეტრი 550 მეტრი ვერტიკალური დისტანციით და 9 კილომეტრიანი Fun Run 300 მეტრი ასევე ვერტიკალური დისტანციით.
ორგანიზატორების ცნობით, კრწანისიდან სამთო გარბენისთვის განკუთვნილი გზა თელეთის ქედს მიუყვება. მარათონისას მორბენლები ჩამოიტოვებენ ძველი უბნის ქუჩებს და კრწანისის ხევში ჩავლენ. მდინარესთან 10 კმ ნიშნულზე იქნება პირველი საკონტროლო პუნქტი გამაგრილებელი სასმელებითა და წყლით. საკონტროლო პუნქტის შემდეგ მორბენლებს ციცაბო აღმართის გავლა მოუწევთ და მეორე საკონტროლო პუნქტს მიაღწევენ, სადაც ასევე განლაგებული იქნება წყალი, სხვა სასმელები და საკვები. დისტანციის ბოლო ნაწილი გადის თელეთის ქედზე, შავნაბადას მონასტრის მიმდებარედ.

„გარბენის ბილიკის სხვადასხვა მონაკვეთიდან იშლება თბილისის, კოჯრის ტყის, კუმისის ტბის და შავნაბადას მონასტრის ულამაზესი ხედები. კარგი ამინდის შემთხვევაში მყინვარწვერსაც დავინახავთ... ბილიკი ჩაფლულია ლამაზ ტყეში და გამოირჩევა ლამაზად მოყვავილე ეკლიანი კაქტუსების სიმრავლით. დიახ, კაქტუსების, რომელთა მტკივნეული ეკლებისთვის ფეხის აცილება დამატებითი სახალისო გამოწვევაა სირბილის დროს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ორგანიზატორის მხარდასაჭერად რეგისტრაციის საფასურთან ერთად მონაწილეებს შეუძლიათ მინიმუმ 25-ლარიანი დონაციის გაკეთება. გარბენში მონაწილეობის მიღების საფასური 30-45 ლარია.
ყველა ახალი ამბავი
0