ზურაბიშვილი: კომენტარები პარტიიდან კი არა, სახელმწიფო უწყებებიდან უნდა მოდიოდეს

© Parliament of Georgiaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
გამოწერა
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ახლა არეულობის ტირაჟირებაა და ეს მაშინ, როდესაც ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება სიმშვიდე, რათა არჩევნები ღიად, სამართლიანად და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს, აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
დღეს, თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე, მისი თქმით, ბათუმში ჩაწერილი ვიდეომიმართვა გაარცელა და განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდა. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ეს ფეიკ-ინფორმაციაა და ექს-პრეზიდენტი საქართველოში არ იმყოფება, შსს-ში კი აღნიშნეს, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი ოფიციალურად არ გადმოუკვეთია.
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
მდინარაძე: სააკაშვილი კურორტ ტრუსკავეცში იმყოფება
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყველა ის, ვინც სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების თემას ტირაჟირებას უკეთებს და ამით სპეკულირებს, არც ქვეყანაზე ფიქრობს და არც სამართლიან არჩევნებზე. ასეთები ფსონს ქუჩის გამოსვლაზე, ანუ დესტაბილიზაციაზე დებენ.

„სიტყვით მოქალაქეებს მშვიდობიან არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებენ და ქმედებებით რეალურად აჩენენ ეჭვს, რომ არჩევნების მაგივრად მიმდინარეობს სხვა მზადება. მეორე მხრივ, ხელისუფლების რეაქცია არ არის ისეთი, როგორსაც საზოგადოება ელოდება და რაც ხალხს დაამშვიდებს, დააბრუნებს წინასაარჩევნო განწყობაზე. დღეს კომენტარები არა პარტიიდან, არამედ სახელმწიფო უწყებებიდან უნდა მოდიოდეს, რომლებიც ვალდებული არიან ფაქტებით დაუდასტურონ საზოგადოებას ტყუილ-მართალი და ამით დააწყნარონ“, — აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტს მიაჩნია, რომ „დაცინვა და ქილიკი პასუხი არაა, როცა ქვეყანაში სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტურობას ვიღაცები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ“.
ზურაბიშვილის აზრით, საზოგადოება დესტრუქციულ გზაზე არც ერთ პარტიას არ გაჰყვება, ვინაიდან მან ძალიან კარგად იცის, რა შეიძლება მოჰყვეს ქუჩაში გადატანილ პოლარიზაციას.
„სამოქალაქო დაპირისპირების დრო გავლილია და არც ერთი პასუხისმგებლიანი ადამიანი ამ ცეცხლს არ უნდა ეთამაშებოდეს, თუ ქვეყანა და მისი მომავალი ადარდებს“, — მიაჩნია პრეზიდენტს.
ყველა ახალი ამბავი
0