ცხრა ყველაზე გასაიდუმლოებული ობიექტი პლანეტაზე: ფოტოები

© Pixabay / KELLEPICSმისტიკა
მისტიკა - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
გამოწერა
ელიტური კლუბები, სამთავრობო ორგანიზაციები და საიდუმლო საცავები უძველესი არტეფაქტებით…
ირკვევა, რომ მსოფლიოში ბევრია ისეთი ობიექტი, რომელთა ადგილმდებარეობა უმკაცრესადაა გასაიდუმლოებული და რომლებში სტუმრობაც მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. ჩვენ ცხრა ისეთ ობიექტს გაგაცნობთ, სადაც მოხვედრა პრაქტიკულად შეუძლებელია.

დისნეილენდის კლუბი, ანუ კლუბი 33

ეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დახურული დაწესებულებაა, რომელიც დისნეილენდში მდებარეობს. კლუბი 33 თავად უოლტ დისნეიმ დააარსა 1967 წელს გავლენიანი პოლიტიკოსებისა და ცნობილი ადამიანებისთვის. გახსნის მომენტისთვის კლუბში მსოფლიოს 33 უმსხვილესი კორპორაციის წარმომადგენელი იყო გაწევრიანებული. ახლა იმისათვის, რომ კლუბის წევრი გახდე, 14-წლიანი ლოდინი და 30 ათასი დოლარის გადახდაა საჭირო.

ბოჰემიის ჭალა

ელიტური კლუბი, რომელიც კალიფორნიის უძველეს რელიქტურ ტყეში მდებარეობს. 1899 წლიდან მოყოლებული, იქ ყოველწლიურად იკრიბებიან მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანები — ამერიკის პრეზიდენტების ჩათვლით. კლუბში გაწევრიანებისთვის რიგში ყოფნა დაახლოებით 15 წელია საჭირო. მის წევრებს აქვთ უფლება, მიიწვიონ სტუმარი ნებისმიერი ქვეყნიდან, რომელმაც ხელი უნდა მოაწეროს დოკუმენტს გაუთქმელობის შესახებ.

კლუბის დევიზია "ქსელის მქსელავი ობობები აქ არ მოდიან". ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა საქმე კლუბს გარეთ უნდა დარჩეს. თუმცა, მიუხედავად ამისა, მიიჩნევა, რომ 1942 წელს სწორედ ბოჰემიის ჭალაში მოეწერა ხელი "მანჰეტენის პროექტს" ატომური იარაღის შექმნის შესახებ.

ოთახი #39

საიდუმლო ორგანიზაცია ჩრდილოეთ კორეაში, რომელიც 1970 წლიდან არსებობს. ზოგი ვარაუდით, ორგანიზაციის ამოცანაა არალეგალური ოპერაციების ჩატარება მთავრობის ინტერესების გათვალისწინებით. მიჩნეულია, რომ სწორედ იქ ხდება უცხოური ვალუტის გაცვლა და იარაღის გაყიდვა. ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია.

კოკა-კოლის რეცეპტის საცავი

სასმელის შექმნის დღიდან მისი რეცეპტი მკაცრად გასაიდუმლოებულად ინახება საცავში, რომელში შესვლაც მხოლოდ კომპანიის ხელმძღვანელებს შეუძლიათ. ზოგი ვარაუდით, სეიფი უბრალო დეკორაციაა და სინამდვილეში რეცეპტი მხოლოდ რამდენიმე კაცმა იცის ზეპირად. სხვა ვერსიით, რეცეპტი უკვე გასაჯაროვდა 1979 წელს, მაგრამ მისი ნამდვილობის დასადასტურებლად საცავში მოხვედრაა საჭირო, რაც ჯერჯერობით არავის გამოსვლია.

ჯენტლმენთა კლუბი White's

ყველაზე ექსკლუზიური კლუბი ინგლისში, რომელიც 1693 წელს ჩამოყალიბდა. ის ცნობილია თავისი "ფსონების წიგნით", რომელშიც უჩვეულო დავების შედეგები აღინუსხება. მაგალითად, ერთ-ერთი ფსონი 3.000 გირვანქა სტერლინგის ოდენობით დადებულია იმაზე, თუ რომელი წვეთი უფრო სწრაფად ჩაცურდებოდა მინაზე. ქალები კლუბში არ დაიშვებიან. როგორც წესი, კლუბში შედიან მდიდრები, პოლიტიკოსები, სპორტსმენები და მხატვრები. მასში გაწევრიანება სამი წევრის მიწვევითაა შესაძლებელი.

ტაძარი ისე

იაპონიის უმთავრესი სიწმინდე, რომლის კედლებშიც ეროვნული საგანძურის დიდი ნაწილი ინახება. ყველაზე მნიშვნელოვანი მათში — ამატერასუს ლეგენდარული სარკეა. სინტოს ტრადიციით, ტაძარს ყოველ 20 წელიწადში ანგრევენ და თავიდან აშენებენ. მის ტერიტორიაზე შესვლა მხოლოდ ტაძრის მსახურებსა და საიმპერატორო ოჯახის წევრებს შეუძლიათ.

მეტრო-2

მეტროს გასაიდუმლოებული ხაზი მოსკოვის ქვეშ 210 მ სიღრმეზე. გვირაბი, რომელიც მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტებს აკავშირებს, სტალინის მმართველობის დროს გაიყვანეს. მაგალითად, ის ერთმანეთთან აკავშირებს კრემლსა და აეროპორტს. მეტრო-2-ში მოხვედრა მხოლოდ სპეციალური სამთავრობო საშვებითაა შესაძლებელი.

მორმონების საცავი

საცავი სოლტ-ლეიკ-სიტიში მდებარეობს გრანიტის მთაში, 180 მ სიღრმეზე. შესასვლელს გაძლიერებულად იცავენ. სწორედ იქ ინახავს ეკლესია უმნიშვნელოვანეს ისტორიულ განძეულსა და დოკუმენტებს. ცნობილია, რომ საცავის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ღირებულება — 40 ათასი მიკროფილმისგან შემდგარი ბიბლიოთეკაა. კიდევ რა არტეფაქტები ინახება გრანიტის მთაში, არავინ იცის.

ვატიკანის საიდუმლო არქივი

არქივში შესვლის უფლება მხოლოდ რომის პაპსა და უმაღლეს საეკლესიო პირებს აქვთ. არქივის 84-კილომეტრიან სტელაჟებზე მილიონობით დოკუმენტი ინახება. აქედან ზოგის ასაკი 1.200 წელზე მეტს ითვლის. ერთადერთი გამონაკლისი, ვისაც ზემოთ ნახსენებთა გარდა ამ ფასდაუდებელი არტეფაქტების ნახვის უფლება აქვთ — ეს ის მეცნიერები არიან, რომლებმაც შეძლეს და საკუთარი შრომის დიდი მნიშვნელობა დაუმტკიცეს ვატიკანს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მათაც მხოლოდ დოკუმენტის გამოთხოვისა და საჭირო ინფორმაციის გამოწერის უფლება აქვთ.
ყველა ახალი ამბავი
0