საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიო გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა

© courtesy of Turkish Chess Federationჭადრაკი
ჭადრაკი - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
გამოწერა
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი წელს განსხვავებული ფორმატით ტარდება. 12 მონაწილე გუნდი თანაბარი ძალის შესაბამისად ორ ქვეჯგუფში გადანაწილდა, ხოლო პლეი-ოფში ნაკრებები გამარჯვებისთვის „ნოკაუტ-სისტემით“ იბრძვიან.
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები ესპანეთში მიმდინარე მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ნახევარფინალურ ეტაპზე გავიდა.
ქართველი მოჭადრაკეები მეოთხედფინალურ ეტაპზე აზერბაიჯანის ნაკრებს შეხვდნენ და დამაჯერებლად გაიმარჯვეს. ტურნირის ფორმატის მიხედვით, ნაკრებები ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ. პირველ შეხვედრაში საქართველომ 3,5:0,5 იმარჯვა, ხოლო მეორე შემთხვევაში დაპირისპირება ფრედ 2:2 დასრულდა.
პირველ ეტაპზე ოთხი ქართველი მოჭადრაკიდან სამმა მოახერხა გამარჯვება, ერთი კი ყაიმით დასრულდა.
პირველი დაპირისპირების შედეგები ასე გამოიყურება:
ნანა ძაგნიძე 1:0 გუნაი მამადზადა
გულნარ მამადოვა 0,5:0,5 ნინო ბაციაშვილი
მერი არაბიძე 1:0 ულვია ფატალიევა
ტურკან მამედიაროვა 0:1 ლელა ჯავახიშვილი
განმეორებით შეხვედრაში აზერბაიჯანმა უკეთესი შედეგი აჩვენა და გუნდური ფრე დააფიქსირა, საერთო ჯამში კი მომდევნო ეტაპზე გასვლა ქართველებმა შეძლეს.
მეორე ეტაპის შედეგები:
მამადზადა 0,5:0,5 ძაგნიძე
ბაციაშვილი 0,5:0,5 მამადოვა
ფატალიევა 1:0 არაბიძე
ჯავახიშვილი 1:0 მამედიაროვა
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში დღეს ინდოეთის ნაკრებს შეხვდება, ხოლო ფინალური ეტაპის მეორე საგზურისთვის რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის გუნდი და უკრაინა იბრძოლებენ. აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალური შეხვედრები კვლავ ორრაუნდიანი იქნება, ფინალური შეხვედრა კი ხვალ, 2 ოქტომბერს გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0