შტატებში ქართული ღვინო დააგემოვნეს

© Facebook / National Wine Agency of Georgiaქართული ღვინის დეგუსტაცია აშშ–ში
ქართული ღვინის დეგუსტაცია აშშ–ში - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2021
გამოწერა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ის ბაზარზე სტაბილურად მზარდია. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ექსპორტირებულია 700 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 26%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს.
თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. ვაშინგტონში მდებარე მიშლენის ვარსკვლავის მქონე ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში Maydan ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქართული ღვინის დეგუსტაცია იმპორტიორების, ღვინის პროფესიონალების, მედიის, სარესტორნო და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებისთვის გაიმართა. ქართული ღვინის წარდგენას აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძეც დაესწრო.
სააგენტოს ცნობით, ღონისძიებაზე წარდგენილი იყო ქართული ღვინოები, რომლებიც უკვე იყიდება აშშ-ის ბაზარზე, აგრეთვე 60-მდე ისეთი ნიმუში, რომელსაც ამერიკელი მომხმარებელი ჯერ არ იცნობს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის Marq Energie Consulting-ის ორგანიზებით ქართული ღვინის დეგუსტაციები ასევე გაიმართება სან-ფრანცისკოში 6 ოქტომბერს და ნიუ-იორკში – 18 ოქტომბერს.
ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ თანმიმდევრული მარკეტინგული სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებები ხორციელდება.
ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ის ბაზარზე ბოლო 6 წელია სტაბილურად მზარდია. 2020 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო 912 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც 34%-ით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს.
მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში უკვე ექსპორტირებულია 700 ათასი ბოთლი ღვინო, ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 26% შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0