წინასაარჩევნო დაპირებები: რითი იზიდავენ ამომრჩეველს პარტიები
18:59 28.09.2021 (განახლებულია: 11:29 29.09.2021)
© photo: Sputnik / Stringerსაარჩევნო პლაკატები ქალაქში
© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ქართულმა პარტიებმა წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების განსხვავებული სტრატეგია აირჩიეს. განსხვავებულია დაპირებებიც.
ზოგმა თავის დაპირებაში აქცენტი მოსახლეობის კონკრეტულ პრობლემებზე გააკეთა, ზოგი ქალაქის განვითარების გეგმას სთავაზობს ამომრჩეველს, ზოგი კი ზოგადი ფრაზებით იფარგლება.
„Sputnik–საქართველო“ პარტიების წინასაარჩევნო დაპირებებს გაეცნო. გთავაზობთ წინასაარჩევნო პროგრამების დაპირებების მოკლე მიმოხილვას.
„ქართული ოცნება“
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ წინასაარჩევნო პროგრამაში ძირითადი აქცენტი თბილისზე გააკეთა, სადაც პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე იყრის კენჭს.
პროგრამის სახელწოდებაა „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“ და მოიცავს ქალაქის საქმიანობის ყველა სფეროს პრაქტიკული თვალსაზრისით.
პროგრამის ძირითადი გზავნილები:
ავარიული შენობების აღება თბილისში
ეკოლოგიის სფეროს დაფინანსების გაზრდა
ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა
მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა
მერიის მიერ დაფინანსებული სამედიცინო პროგრამების გაზრდა
ახალი პროექტები ახალგაზრდობისთვის.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ თავის პროგრამაში ძირითადი აქცენტი მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლაზე გააკეთა. მისი წინასაარჩევნო კამპანია უფრო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას ჰგავს, ვიდრე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებს.
თუმცა პარტიამ ზოგადი პოლიტიკური პროგრამა მაინც მოამზადა, რომლითაც პარტიის კანდიდატები არჩევნებზე მიდიან.
პროგრამის ძირითადი გზავნილები:
ქალაქების მცხოვრებთა საკუთრების დაკანონება
ფინანსური დახმარების გაზრდა მოსახლეობის დაუცველი ფენებისთვის
მერიაში დასაქმების მსურველთა მიღების პირობების შეცვლა
ქალაქის ან რაიონისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება
საბავშვო ბაღებისა და საბავშვო საგანმანათლებლო ცენტრების თანამშრომელთა ხელფასების გაზრდა
ზრუნვა ეკოლოგიაზე
„საქართველოსთვის“
სხვა პარტიებისგან განსხვავებით, გახარიას პარტია წინასაარჩევნო პროგრამის დაწერას საფუძვლიანად მოეკიდა.
პარტიამ თბილისისა და რეგიონების განვითარების ცალკე კონცეფცია შეიმუშავა.
პროგრამის ძირითადი გზავნილები
რეგიონების როლის გაძლიერება
თითოეული რეგიონული ცენტრისთვის ინდივიდუალური კონცეფციის შექმნა
სატრანსპორტო სისტემის შექმნა და მისი განვითარება
ბიზნესის დახმარება
განსაკუთრებული აქცენტი რაიონებში სოფლის მეურნეობაზე და ქალაქებში ინდუსტრიულ განვითარებაზე.
„მესამე ძალა“
სხვა ოპოზიციური პარტიებისგან სრულიად განსხვავებული კონცეფცია წარმოადგინა პოლიტიკურმა გაერთიანება „მესამე ძალამ“.
გაერთიანებამ თავის დაპირებებში აქცენტი მხოლოდ თბილისზე გააკეთა, სადაც მერის პოსტზე კენჭს თამარ კეკენაძე იყრის.
პროგრამის ძირითადი გზავნილები
თბილისის რაიონების თანაბარი განვითარება
ეკონომიკური დანიშნულების რაიონების შექმნა
სატრანსპორტო სისტემის სრული შეცვლა
ზრუნვა ეკოლოგიაზე
ტურიზმის განვითარება
თბილისის ჩართვა საერთაშორისო სატრანსპორტო ქსელში.
„ლელო საქართველოსთვის“
პარტია „ლელომაც“ ძირითადი აქცენტი თბილისზე გააკეთა, სადაც მათი მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილია.
პარტიამ თავის პროგრამაში ქალაქის, როგორც ცალკე დამოუკიდებელი ერთეულის განვითარების განსაკუთრებული გეგმა წარმოადგინა.
პროგრამის ძირითადი გზავნილები
ქალაქის ბიუჯეტის გაზრდა
ინვესტორების მოზიდვა
სახელმწიფო პარკირება
საცურაო აუზების გახსნა თითოეულ რაიონში
ტურიზმის განვითარება
მშენებლობის რეგულირება თბილისის ისტორიულ ცენტრში.