საქართველოს პრეზიდენტი კოალიციური მთავრობის შექმნის იდეას ემხრობა

© REUTERS / GONZALO FUENTESსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2021
გამოწერა
დღეს რთულია იმაზე საუბარი, ასეთი მთავრობა რამდენად იქნება ფუნქციონალური, აღნიშნა ზურაბიშვილმა.
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოსთვის აუცილებელია კოალიციური მთავრობა, განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგული გამოცემა le Journal du dimanche-სთვის (JDD) მიცემულ ინტერვიუში.
სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ქვეყნის მთავრობა უმრავლესობის მხარდაჭერით იყო დაკომპლექტებული, ახლა კი, შესაძლოა, ცვლილებების დრო დადგა.

„დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნები გვიჩვენებს ამას. ძალზე რთულია პოლარიზაციის გადალახვა. ბოლო ცხრა წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, დღეს რთულია იმაზე საუბარი, ასეთი მთავრობა რამდენად იქნება ფუნქციონალური.
რეაქციები
კოალიციური მთავრობის შესახებ პრეზიდენტის განცხადებას ეთანხმება ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.
მისი თქმით, ქვეყანა აუცილებლად უნდა გამოვიდეს შექმნილი ჩიხიდან.

„ქვეყანას სჭირდება კოალიციური მთავრობა, რადგანაც ერთპარტიულმა მმართველობამ, რომელიც ავტოკრატიაში გადაიზარდა, ქვეყანა ჩიხში შეიყვანა. ახლა ჩვენ ჭაობში ვიმყოფებით, რომლიდანაც ამოსვლა 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგად უნდა დავიწყოთ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

სხვა მოსაზრებას ემხრობიან მმართველ პარტიაში. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, კოალიციური მთავრობის შესახებ გადაწყვეტილება ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს.
„ერთპარტიული მმართველობა დასრულდება მხოლოდ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება საპარლამენტო არჩევნებზე. ამას გულისხმობს საქართველოს კანონი და კონსტიტუცია, ალბათ პრეზიდენტიც ამას გულისხმობს. ზოგადად, განცხადებები ჰარმონიულ პოლიტიკურ ცხოვრებაზე კარგია, მაგრამ ამას მხარს უნდა უმაგრებდეს ელექტორატის არჩევანი. 2020 წელს ამომრჩეველმა ის არჩევანი გააკეთა, რაც დღეს გვაქვს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ყველა ახალი ამბავი
0