პრემიერი ფარულ ჩანაწერებზე: დიახ, ჩვენ ვაწარმოებთ მოსმენებს

© Sputnik / STRINGERირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2021
გამოწერა
ფარული თვალთვალის შესახებ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს.
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. დიახ, ჩვენ ვაწარმოებთ მოსმენებს, მაგრამ კანონის ფარგლებში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე მედიასაშუალებებში ფარული თვალთვალის მასალების გავრცელებასთან დაკავშირებით.
ქართველი სასულიერო პირების, ასევე პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, დიპლომატების საუბრების ფარული ჩანაწერების შესახებ ინფორმაცია ოპოზიციურმა ტელეარხებმა „TV პირველმა“, „ფორმულამ“ და „მთავარმა“ 13 სექტემბერს გაავრცელეს.
მთავრობის მეთაურმა ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ფაბრიკაცია და ეკლესიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულება უწოდა.

„ეს არის ფაბრიკაცია, პირდაპირი შეთქმულება და შეტევა ეკლესიასა და სახელმწიფოზე... მოსმენები ყველა ქვეყანაში ხორციელდება კანონის ფარგლებში და, რა თქმა უნდა, მათ შორის ჩვენი სახელმწიფოც არ არის გამონაკლისი. ჩვენ ვაწარმოებთ მოსმენებს, ოღონდ კანონის მიხედვით და კანონის ფარგლებში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და დამუშავდება ყველა ვერსია. გამოძიებამ უნდა შეისწავლოს მასალების ავთენტიკურობა და მოახდინოს ანალიზი, რა იყო რეალურად ფაბრიკაცია და რა – ნამდვილი ჩანაწერი, დასძინა ღარიბაშვილმა.
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2021
„სპეკულაციებისთვის ადგილი აღარ დარჩება“: მდინარაძე ფარული მიყურადების საქმეზე
ფარული ჩანაწერების თემამ საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, ფარულმა ჩანაწერებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რელიგიის განყოფილებიდან გამოჟონა. საუბარია რამდენიმე ასეულ მაღალი და დაბალი იერარქიის სასულიერო პირზე, რომელთა ფარული თვალთვალი და მიყურადება მიმდინარეობდა. ჟურნალისტების ხელში უკანონო ფარული ჩანაწერების შემცველი 50 ათასზე მეტი ფაილი მოხვდა. მასმედიის მონაცემებით, ოპოზიციურ ტელეარხებს ფარული ჩანაწერები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა მიაწოდა.
საქართველოს პროკურატურამ სასულიერო პირების ფარული თვალთვალის შესახებ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება 14 სექტემბერს დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე აღიძრა. დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას ან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
ყველა ახალი ამბავი
0