მეუფე შიო: ჩვენ ვეთაყვანებით ჯვრის ძალას

© photo: Sputnik / მრევლი ეკლესიაში
მრევლი ეკლესიაში - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2021
გამოწერა
ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ყველა ეკლესია–მონასტერში საზეიმო წირვა–ლოცვა აღესრულა.
თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. სადაც არის ჯვარი ქრისტესი, იქ არის ყოველგვარი ბედნიერება, სიხარული და გზა ნეტარებისკენ როგორც მიწიერ, ისე ზეციურ ცხოვრებაში, განაცხადა საქართველოს კათალიკოს–პატრიარქის თანამოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 27 სექტემბერს უდიდეს დღესასწაულს – ჯვართამაღლებას, ანუ ჯვრის თაყვანისცემის დღეს აღნიშნავს.

„დღეს არის დღესასწაული, რომელიც იწოდება - მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა და ცხოველისმყოფელისა ჯვარისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ჩვენ ვეთაყვანებით ჯვრის ძალას, ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ სიყვარულს ვცემთ თაყვანს. ანუ თავგანწირულ სიყვარულს თავად ღმერთისა, ძე ღმერთისა და ყოვლადწმინდა სამებისა. აი, ეს არის ის საიდუმლოება, რომელსაც ჩვენ ვეთაყვანებით. გილოცავთ დღევანდელ დღეს, უფალმა გაგაძლიეროთ!“ – განაცხადა მეუფე შიომ.

ჯვართამაღლების დღეს მორწმუნე მართლმადიდებლები ერთდღიან მარხვას ინახავენ. საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში ამ დღეს საზეიმო წირვა აღევლინება.
საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ჯვართამაღლება აღნიშნავს იმ დღეს, როდესაც რომის იმპერატორ კონსტანტინეს დედის ელენე დედოფლის ძალისხმევით იერუსალიმის მახლობლად დაახლოებით 335 წელს იპოვეს იესო ქრისტეს ჯვარი. ყველასათვის შესაძლებელი რომ ყოფილიყო ჯვრის ხილვა, იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიოსმა აღმართა, ანუ აღამაღლა იგი. აქედან წარმოდგება დღესასწაულის სახელწოდება „ჯვართამაღლება“.
ყველა ახალი ამბავი
0