უამინდობის გამო თუშეთიდან მოქალაქეების ჩამოყვანა ვერ ხერხდება

© Roads Department of Georgiaთშეთის გზის გაწმენდა
თშეთის გზის გაწმენდა - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2021
გამოწერა
ძლიერი წვიმის შედეგად ფშაველი–აბანო–ომალოს გზა რამდენიმე ადგილზე დაზიანდა. თუშეთში ჩარჩენილი მოქალაქეების ჩამოყვანაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენები მუშაობენ.
თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. ნისლისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო თუშეთიდან მოქალაქეების ჩამოყვანა ვერ ხერხდება, იუწყება „პირველი არხი“.
განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე და 57 კმ-ზე საავტომობილო გზა დაზიანდა. ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად თუშეთის მიმართულებით ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
თუშეთის გზა - Sputnik საქართველო, 1920, 24.09.2021
ძლიერი წვიმის შედეგად თუშეთის გზა ჩაიკეტა
როგორც კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი აღნიშნავს, სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ორი ვერტმფრენი ჩაერთო, რომლებმაც გაფრენა განახორციელეს, თუმცა უამინდობის გამო დაშვება ვერ შეძლეს და უკან დაბრუნდნენ.

„ჩვენ ვაპირებთ თუშეთში მყოფი 80 ადამიანის ჩამოყვანას, მათ შორის არიან უცხოელებიც, თუმცა ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო მათი ჩამოყვანა ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. ველოდებით ამინდის გაუმჯობესებას“, – განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.

გუშინ ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა ფშაველი–აბანო–ომალოს შიდასახელმწიფოებრივი საავტომობილო გზის მე-10 და 72-ე კილომეტრზე. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მიზეზი უხვი ნალექია, რის გამოც ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 26-ე და 47-ე კილომეტრზე ადიდდა ხევები, რამაც ღვარცოფი გამოიწვია.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გაწმენდით სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.
თუშეთის გზა რთული რელიეფის გამო, როგორც წესი, ოქტომბრის შუა რიცხვებში იკეტება და მაისის შუა რიცხვებში იხსნება. ეს გზა ერთადერთია, რომელიც თელავსა და მაღალმთიან სოფელ ომალოს აკავშირებს. მისი სიგრძე 72 კილომეტრია.
ყველა ახალი ამბავი
0