„ქართული ოცნებები ხდება“:პრემიერის გამოსვლის მთავარი აქცენტები გაეროს გენერალურ ასამბლეაზე
© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე
გამოწერა
არჩევნები, დემოკრატია, პანდემია, საგარეო პოლიტიკური კურსი და მოსახლეობის პრობლემები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის მთავარი თემები გაეროს გენერალურ ასამბლეაზე
საქართველოს მთავრობის მეთაური სესიის ბოლო დღეს სიტყვით თითქმის ნახევრადცარიელ დარბაზში წარდგა. მისმა ნახევარსაათიანმა გამოსვლამ პრაქტიკულად ყველა აქტუალური საკითხი მოიცვა.
დემოკრატიის შესახებ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავისი გამოსვლის დიდი ნაწილი დაუთმო გენერალური ასამბლეის დარწმუნებას იმაში, რომ საქართველო ერთგული რჩება დემოკრატიის პრინციპების და ამ მიმართულებით რეფორმებს აგრძელებს. პრემიერმა გამოსვლისას ძირითადი აქცენტი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიღწევებზე გააკეთა.
„ვამაყობ ჩემი ქვეყნით და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებული საქმით უფრო ძლიერი დემოკრატიის, მეტად ძლიერი ეკონომიკისა და ჩვენი ხალხის ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ მოამზადა ქვეყნის განვითარების გეგმა, რომელიც 2030 წლამდეა გაწერილი.
„ჩვენ ვემხრობით მდგრადი განვითარების, ნებისმიერი ადამიანის უფლებების დაცვის, მეტი ეკონომიკური სამართლიანობისა და გამძლეობის იდეას; ვემხრობით ასევე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არსის გამოცოცხლებას. ბევრ სხვა მისწრაფებასთან ერთად ეს იდეები საერთო აქვთ საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას“, - განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.
ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს მიღწევებზე ეკონომიკის სფეროში და ქვეყანაში ჩატარებულ რეფორმებზე.
„ქართული ოცნებები ხდება“, - აღნიშნა მან.
არჩევნები
კიდევ ერთი აქცენტი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივ არჩევნებზე, რომლების უკვე მომდევნო შაბათს გაიმართება.
„2012 წლიდან მოყოლებული დემოკრატიული არჩევნები 6-ჯერ ჩავატარეთ საქართველოში და ყოველი მათგანი საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად იქნა მიჩნეული. პრინციპში, რამდენიმე დღეში კიდევ ერთი თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული მუნიციპალური არჩევნები გველის მთელი ქვეყნის მასშტაბით", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
© Government of Georgiaგაეროს გენერალური ასამბლეის სესია
გაეროს გენერალური ასამბლეის სესია
პრემიერმა ასევე გააკრიტიკა „ბნელი ძალები“, რომლებიც, მისი თქმით, ცდილობენ საქართველო დემოკრატიული გზიდან გადახვევას „აიძულონ“.
ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ არჩევნებზე წაგებულმა ძალებმა დამარცხება უნდა აღიარონ.
„არჩევნები ხშირად ვნებებისა და მძიმე ბრძოლების ადგილად იქცევა; ემოციებიც მატულობს. თუმცა, როცა არჩევნები თავისუფალი და სამართლიანია, გამარჯვებულებს გულმოწყალება მართებთ, ხოლო დამარცხებულებს - ხალხის ნების დამორჩილება. თუ ვერ ვირწმუნებთ არჩევნების არსს, თავად დემოკრატია აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პანდემია
პრემიერ-მინისტრის გამოსვლის კიდევ ერთი თემა კორონავირუსის პანდემია გახდა.
„ძალისხმევას არ ვიშურებთ პანდემიიდან უკეთეს მდგომარეობაში გამოსვლისთვის ერთობის ახლებური გააზრებით, მაგრამ უნდა გავერთიანდეთ მსოფლიოს საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა გაეროს, ევროკავშირს, ჩინეთს და ვაქცინების მწარმოებლებს.
„საერთო მიზნისთვის მუშაობის გზით დავასრულებთ პანდემიას და დავუბრუნდებით მთელი მსოფლიოსთვის უკეთესი, ნათელი მომავლის შენებას”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სხვა თემები
პრემიერ-მინისტრი ასევე შეეხო ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს. გაეროს ტრიბუნიდან მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებები. მან ასევე განაცხადა, რომ 2024 წელს საქართველო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს შეიტანს.
© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე
ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე
ამავე დროს, იმავე ტრიბუნიდან მან დაადანაშაულა რუსეთი, რომელიც, მისი თქმით, ამ გაერთიანებებში საქართველოს გაწევრიანების მისწრაფებებში ხელს უშლის.
ღარიბაშვილმა თავის გამოსვლაში ასევე აღნიშნა საქართველოს პრობლემები არაკონტროლირებად ტერიტორიებთან დაკავშირებით. ამავდროულად, ამ თემაზე საუბრისას, ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებაზე და მთავრობის პროგრამაზე „ნაბიჯი ნათელი მომავლისკენ", რომელიც ადასტურებს საქართველოს მშვიდობიან განწყობებს.
უჩვეულო ინიციატივა
პრემიერ-მინისტრმა გამოსვლაში ახალი ინიციატივაც გააჟღერა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა გენერალური ასამბლეის წევრებს სამხრეთ კავკასიაში დიალოგის ახალი ფორმატი შესთავაზა.
„ჩვენი მიზანია მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა მთელს რეგიონში. სამხრეთ კავკასიაში გთავაზობთ „სამეზობლოს მშვიდობიან ინიციატივას“ ჩვენი რეგიონის სტაბილურობის ხელშესაწყობად. ეს ფორმატი დიალოგსა და რწმენის შექმნას დაეხმარება და საერთო ინტერესების მქონე რეგიონალურ საკითხებზე პრაქტიკულ გადაწყვეტას მოახდენს ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ერთად“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა თბილისში უმასპინძლოს საერთაშორისო შეხვედრას, სადაც განხილული იქნება საქართველოს ინიციატივის პერსპექტივები.