იზეიმებს თუ არა წელს დედაქალაქი „თბილისობას“

© Sputnik / STRINGERთბილისობა ნიუ-იორკში
თბილისობა ნიუ-იორკში - Sputnik საქართველო, 1920, 24.09.2021
გამოწერა
2018 წლიდან თბილისის დღეს საქართველოს დედაქალაქში ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას ზეიმობდნენ. წელს, შესაძლოა, ამ თარიღმა ორი კვირით გადაიწიოს.
თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. „თბილისობის“ დღესასწაულის თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის, განუცხადეს „Sputnik–საქართველოს“ დედაქალაქის მერიაში.
ქალაქის დღეს თბილისში 1979 წლიდან ოქტომბრის ბოლო შაბათ-კვირას აღნიშნავდნენ, თუმცა 2018 წელს თბილისის მერმა კახა კალაძემ ეს ტრადიცია შეცვალა და დაადგინა, რომ ეს დღესასწაული ყოველთვის ოქტომბრის პირველ შაბათ -კვირას უნდა გაიმართოს.

„თბილისობის“ გამართვის ზუსტი თარიღი ჯერ განსაზღვრული არ არის და მისი ჩატარება გარკვეულწილად ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული. უფრო კონკრეტულად კი ამ თვის ბოლოს გახდება ცნობილი“, – განაცხადეს თბილისის მერიაში.

უწყებაში ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ამ თარიღმა წელს ორი კვირით გადაიწიოს.
კიდევ ერთი ხელის შემშლელი ფაქტორი, რომლის გამოც წელს დედაქალაქის დღე თვის პირველ შაბათ-კვირას არ ჩატარდება, 2 ოქტომბერს, შაბათს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია.
მერიის ცნობით, „თბილისობის“ საკითხზე დედაქალაქის მთავრობა უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს.
პირველად „თბილისობის" დღესასწაული 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს. რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო 1989 წლიდან 1994 წლამდე ეს დღესასწაული არ იმართებოდა.
2018 წლიდან „თბილისობა" იმართებოდა ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო მიღებული.
შარშან „თბილისობის" დღესასწაული, ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ონლაინ–რეჟიმში კონცერტითა და საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონიით შემოიფარგლა.
ყველა ახალი ამბავი
0