წულუკიანმა ვენეციის ბიენალეზე ქართველი კომისარი წარმოადგინა

© Government of Georgiaთეა წულუკიანი
თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2021
გამოწერა
2022 წლის ვენეციის ბიენალეზე საქართველოს ეროვნული პავილიონის მოწყობის მიზნით ამჟამად მოლაპარაკება ორ სხვადასხვა სივრცესთან დაკავშირებით მიმდინარეობს და მათგან ერთ-ერთი იქნება არჩეული.
თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე ქართველი კომისარი წარმოადგინა და ეროვნული პავილიონის კონკურსის თარიღი გამოაცხადა.
ვენეციის საერთაშორისო ხელოვნების ბიენალე თანამედროვე ხელოვნების ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული გამოფენაა, რომელიც 1895 წელს დაარსდა. რიგით 59-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა 2022 წლის 23 აპრილიდან 27 ნოემბრამდე გაიმართება და მას სახელად „რძე სიზმრებისა“ (The Milk of Dreams) ეწოდა. სახელწოდება სიურრეალისტი მხატვრის ლეონორა კერინგტონის (1917-2011) ამავე სახელწოდების წიგნიდანაა აღებული.
სესილია თაყაიშვილის იუბილეს მულტიმედიური გამოფენა მიეძღვნა>>>
ბიენალე სამ ძირითად თემას წარმოაჩენს – „სხეულების რეპრეზენტაცია და მათი მეტამორფოზა; კავშირები ინდივიდებსა და ტექნოლოგიებს შორის; ურთიერთობები სხეულებსა და დედამიწას შორის“.
სამინისტრომ ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეს ქართველ კომისრად მაგდა გურული შეარჩია, რომელიც ბიენალეზე საქართველოს ეროვნული პავილიონის სათანადოდ წარმოჩენის პროცესზე პასუხისმგებელი პირი იქნება.
მაგდა გურული თანამედროვე ხელოვნების კურატორია, ის 2004 წლიდან არის „კულტურისა და ხელოვნების გლობალური კოორდინირების ცენტრის“ დამფუძნებელ-კურატორი, თბილისის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენის Artisterium-ის დამფუძნებელი, ჟურნალ ARTLOOP-ის რედაქტორი. იყო სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენების კურატორი როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. 2015 წელს მაგდა გურული იყო კომისარი სამხრეთ კორეაში ინიცირებული საერთაშორისო საგამოფენო პროექტისა „ნახტომი შეუცნობელში“, რომელიც ვენეციის 56-ე ბიენალეს ოფიციალური პარალელური პროექტების ფარგლებში მოეწყო. 2014 წელს იყო სტამბულის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის „ისტანბულ მოდერნის“ მრჩეველი სამხრეთ კავკასიიდან გამოფენის „მეზობლები – თანამედროვეობის ამბავი თურქეთსა და მის მიღმა“ ფარგლებში.

კულტურის სამინისტროში წარდგენისას გურულმა საკუთარ ხედვებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვენეციის ბიენალე თანამედროვე ხელოვნების მასშტაბური ფორუმია, რომელზეც მსოფლიოს სახელოვნებო სამყარო ბოლო ორი წლის განმავლობაში შექმნილ მნიშვნელოვან ნამუშევრებს და თანამედროვე ტენდენციებს აჩვენებს. ჟურნალისტები მას ზოგჯერ თანამედროვე ხელოვნების „ოლიმპიურ თამაშებსაც“ უწოდებენ. გლობალური პანდემიის პირობებში ვენეციის ბიენალემ მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ პირველად შეიცვალა ბუნებრივი ქრონოლოგია და 2021 წლის ნაცვლად 2022 წელს იმართება.

2022 წლის ვენეციის ბიენალეზე საქართველოს ეროვნული პავილიონის მოწყობის მიზნით ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება ორ სხვადასხვა სივრცესთან დაკავშირებით და მათგან ერთ-ერთი იქნება შერჩეული. გარდა ამისა, მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს საქართველოს კულტურის სამინისტრო გამოაცხადებს კონკურსს მომავალ წელს ვენეციის ბიენალეზე საქართველოს ეროვნულ პავილიონში წარსადგენი პროექტის შერჩევის მიზნით.
ყველა ახალი ამბავი
0