თბილისელებს ახალი მიკროავტობუსები და ავტობუსები მოემსახურება

© photo: Sputnikავტობუსები
ავტობუსები - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2021
გამოწერა
უახლოეს დღეებში დედაქალაქს დამატებით 180 ერთეული ახალი ავტობუსი და 300 ერთეული მიკროავტობუსი შეემატება.
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. თბილისის მერიამ ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ახალი პარტია შეიძინა, რომლებიც უახლოეს დღეებში ქალაქის ქუჩებში მოძრაობას დაიწყებენ.
ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოსახლეობას თბილისის მერმა კახა კალაძემ წარუდგინა.
მერიის ცნობით, მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში შესყიდულია ISUZU-ს მარკის 180 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსი და Ford-ის მარკის 300 ერთეული მიკროავტობუსი. მათი ნაწილი უკვე თბილისშია შემოყვანილი.

„შეიძლება ითქვას, რომ ყვითელი ავტობუსების პარკი მთლიანად განახლებულია. თუმცა ჩვენ მარტო ამით არ შემოვიფარგლეთ და დამატებით 380 ერთეული ავტობუსის შემოყვანის გადაწყვეტილება მივიღეთ. მათგან 180 რვამეტრიანი ავტობუსი იქნება, რომელიც დღეს წარმოგიდგინეთ“, – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, 35 ახალი ავტობუსი მოსახლეობას 23 სექტემბრიდან მოემსახურება, დანარჩენი კი თბილისში 2022 წლის თებერვლამდე შემოვა.
„მომავალ წელს ვაპირებთ შევიძინოთ 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი, რომელიც კონკრეტულ მარშრუტებზე იმოძრავებს. ცხადია, ეს გადაწყვეტილება მიღებულია ქუჩების სივიწროვიდან გამომდინარე. ყველა ქუჩაზე შეუძლებელი იქნება 18-მეტრიანი ავტობუსის გადაადგილება და სპეციალურად გამოყოფილია კონკრეტული ხაზები, სადაც ისინი იმოძრავებენ“, – აღნიშნა კალაძემ.
მერმა დაამატა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების პარალელურად მოეწყობა შესაბამისი საგზაო ინფრასტრუქტურაც.
ავტობუსში პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
კალაძე: არც ერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დაიძვრება, თუ მგზავრი არ დაიცავს წესებს
„აუცილებელია ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ დედაქალაქში გზებზე იყოს კონკრეტული ადგილები გამოყოფილი, სადაც ავტობუსი ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეძლებს გადაადგილებას. ეს არის ე.წ. საავტობუსე ზოლები, რაც ყველა საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების დროს იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა კალაძემ.
ISUZU-ს მარკის EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსები 53 მგზავრზეა გათვლილი და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებზე. მასში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტების ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები.
ავტობუსების პროექტის საერთო ღირებულება 21.289.768 ევროა.
23 სექტემბრიდან ახალი ავტობუსების პირველი ნაკადით ჩანაცვლდება №67 და №101 ხაზის ავტობუსები, ხოლო №7, №42 და №60 ხაზებზე გაიზრდება მათი რაოდენობა და 15 წუთამდე შემცირდება მოლოდინის რეჟიმი.
ყველა ახალი ამბავი
0