როგორც დუბაიში: ბათუმში „პალმის კუნძული" გაჩნდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2021
გამოწერა
„პალმის კუნძულის“ პროტოტიპი, რომელიც ბათუმში გაჩნდება, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარეობს.
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ბათუმში პალმის მოყვანილობის ხელოვნური კუნძული აშენდება, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ტელეკომპანია Imedi-ს გადაცემაში „ნოესთან“.
აჭარის მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, პროექტზე დიზაინერთა და არქიტექტორთა საერთაშორისო ჯგუფი იმუშავებს.

„ჩვენ უკვე შევთანხმდით კონკრეტულ საინვესტიციო ჯგუფთან, რომ ბათუმში აშენდება პალმის მსგავსი ხელოვნური კუნძული. საკმაოდ დიდი ინვესტიცია იქნება გათვალისწინებული. წელს დავიწყებთ სიღრმისეულ კვლევებს. მოვიწვევთ საერთაშორისო არქიტექტორებს, დიზაინერებს, მშენებლებს და, როგორც კი კონკრეტული ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა დამტკიცდება, ძალიან მალე დაიწყება მისი მშენებლობა“, – განაცხადა რიჟვაძემ.

მისი თქმით, საუბარია რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებაზე.
„ერთი მხრივ, ეს იქნება უნიკალური პროექტი თავისი მნიშვნელობით და შევძლებთ მსოფლიო პროგრესს უფრო მეტად ავუწყოთ ფეხი და ზღვაშიც შევძლოთ ახალი ტურისტული ლოკაციის გაჩენა. ამას, რა თქმა უნდა, დაემატება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები და სამუშაო ადგილები“, – განაცხადა რიჟვაძემ.
„პალმის კუნძულები“ ხელოვნური კუნძულების არქიპელაგია, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარეობს. არქიპელაგის შემადგენლობაში სამი დიდი კუნძული შედის, რომლებსაც პალმის ფორმა აქვს. ტურისტები მას „მერვე საოცრებას“ უწოდებენ.
ყველა ახალი ამბავი
0