როდის დასრულდება ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერსაშიში ფერდის გამაგრება

© photo: Sputnik / Stringerწყნეთის გზა
წყნეთის გზა - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2021
გამოწერა
პროექტი თბილისის მერიას დაახლოებით 1,5 მილიონი უჯდება. სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლომდე დასრულდება, განაცხადა კახა კალაძემ
თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. წყნეთის გზატკეცილზე, სატყეო ტერიტორიის მიმდებარედ, დამეწყრილი უბნის გამაგრების მიზნით საყრდენი კედლები შენდება, იუწყება თბილისის მერია.
ბაგები-წყნეთის გზაზე მეწყერი გასული წლის აპრილში ჩამოწვა. მაშინ მეწყერმა გზის სავალი ნაწილი ჩახერგა, რამაც გზაზე ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია. სამუშაოები ითვალისწინებს 80 მეტრი სიგანისა და 5,5 მეტრი სიმაღლის საყრდენი კედლის მოწყობას.
აღნიშნულ ტერიტორიაზე მიმდინარე წლის მარტში გზის სავალ ნაწილზე გადაადგილების უსაფრთხოები მიზნით დამზღვევი სამუშაოები უკვე ჩატარდა და ფერდის დროებითი კედელი მოეწყო. ამის შემდეგ დაიგეგმა მასშტაბური პროექტის განხორციელება.
მიმდინარე პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
„ეს მეწყერსაშიში ფერდია. გასულ წელს იყო გარკვეული პრობლემები, ფერდის ნაწილი ჩამოიშალა და დავიწყეთ შესაბამისი სამუშაოების განხორციელება. 80 მეტრის სიგრძის კედელი შენდება. გარდა ამისა, 15 მეტრზე გაკეთებულია ხიმინჯოვანი ბურღები, რის ზემოთაც კედელი მოეწყობა და ეს პრობლემა სრულად მოგვარდება. საფრთხე, რომ ფერდი დაძრულიყო და პრობლემა შექმნოდა როგორც გზას, ისე მოსახლეობას, მოიხსნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ სამუშაოები, რომელიც მუნიციპალიტეტს დაახლოებით 1,5 მლნ ლარი უჯდება, ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.
კახა კალაძესთან ერთად, მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა გიორგი აბუთიძემ, ვაკის რაიონის გამგებელმა დავით კვინიკაძემ და დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი მუსხელიშვილმა დაათვალიერეს.
ყველა ახალი ამბავი
0