როგორ გავატაროთ დრო წვიმიან ბათუმში: ის, რაც აქამდე არ იცოდით

© Sputnik / STRINGERწვიმიანი ამინდი ბათუმში
წვიმიანი ამინდი ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2021
გამოწერა
მოგეხსენებათ, ბათუმი წვიამიანი ქალაქია. როცა ამ ქალაქსა თუ მის შემოგარენში ჩადიხარ, უნდა გქონდეს მოლოდინი იმისა, რომ რომ წვიმა აუცილებლად შეგახსენებს თავს.
ამ მხრივ გამონაკლისი არც წლევანდელი სეზონი იყო — „მტირალა“ ამინდებმა არაერთი დამსვენებელი გაანაწყენა.
თუმცა განტვირთვა, სიამოვნების მიღება, დასვენება უამინდობაშიცაა შესაძლებელი. ჩვენ შევეცდებით დაგანახოთ, როგორი მშვენიერია ბათუმი წვიმის ფარდის მიღმა, და გაგიზიაროთ რამდენიმე რჩევა, სად და როგორ გაატაროთ დრო, როცა ქალაქში ცრის.
ეს დრო იდეალურია მუზეუმების დასათვალიერებლად. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ბათუმში მუზეუმების დიდი არჩევანია. მაშ ასე:
საუცხოო სანახავია ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდია საქართველოში. აქ შეგიძლიათ ნახოთ კოლხური ოქროს კოლექცია. მუზეუმის ჰოლში კი ისტორიული სამკაულების თანამედროვე რეპლიკების შეძენას შეძლებთ.
თუ ხელოვნების მოყვარული ხართ, აუცილებლად მოინახულეთ ხელოვნების მუზეუმი, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს. აქ გაერთიანებულია თანამედროვე ხელოვნების სივრცე და ხელოვნების გალერეა. აჭარის ხელოვნების მუზეუმი თანამედროვე ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერაა. მის ფონდებში დაცული ექსპონატები ქმნის სოლიდურ კოლექციას, რომელიც იძლევა ნათელ წარმოდგენას მე-20 საუკუნის ქართული სახვითი ხელოვნების ძირითად ეტაპებზე.
ტექნოლოგიური მუზეუმი – თუ გაინტერესებთ როგორ ვითარდებოდა ბათუმი მე-19 საუკუნეში, ნავთობის ბიზნესი, ჩაის პლანტაციები, ბათუმში არსებული უძველესი საერთაშორისო კომპანიები, ნახოთ სერგეი პროკუდინ-გორსკის მიერ ძველ საქართველოში გადაღებული ფერადი ფოტოები და სხვა, ეწვიეთ ამ მუზეუმს.
მოინახულეთ ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი, რომელიც 2007 წელს გაიხსნა. იგი სწორედ იმ შენობაში განთავსდა, სადაც მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან დაახლოებით 1917 წლამდე მდებარეობდა „ძმები ნობელების ნავთობსამრეწველო ამხანაგობის“ სამუშაო ოფისი, იგივე „ბათუმის კანტორა“.
1879 წელს ნობელები ბათუმში ჩავიდნენ. იმ დროისათვის ბაქოს ნავთბმრეწველებისათვის ევროპასთან დასაკავშირებელი ყველაზე მოსახერხებელი გზა სწორედ ამ ქალაქზე გადიოდა. ნავთობის ტრანზიტისათვის ბათუმის ნავსადგურის კეთილმოწყობის მიზნით ლუდვიგ ნობელი რამდენჯერმე ჩამოვიდა ამ ქალაქში. მან დაათვალიერა ბათუმის ნავსადგური და, როგორც ტექნიკისა და მანქანათმშენებლობის მცოდნე, უშუალოდ ჩაერთო ნავსადგურის პროექტირებაში. მუზეუმი ასახავს იმ ტექნიკურ მიღწევებს, რომლებიც ინერგებოდა ბათუმში მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში.
მუზეუმების ჩამონათვალი ამით არ მთავრდება. ბათუმში არის ილია ჭავჭავაძის, მემედ აბაშიძის, ხელნაწერების და სხვა მუზეუმები. იქ სტუმრობისას არ დაგავიწყდეთ პირბადე. ახალი კორონავირუსის პანდემია მუზეუმების მუშაობაზეც აისახა და იქ სტუმრობა მხოლოდ ეპიდემიოლოგიური წესების დაცვითაა შესაძლებელი.
ბათუმში ყოფნისას აფიშასაც გადახედეთ და ნახეთ, რისი ნახვა შეიძლება კინოთეატრ „აპოლოში“, ასევე ხელოვნების ცენტრში, თოჯინების, მოზარდ მაყურებელთა, დრამატულ და ახალი სცენის თეატრებში.
თუ დელფინარიუმებისა და ზოოპარკების წინააღმდეგი არ ხართ, შეგიძლიათ ამ ადგილებსაც ეწვიოთ. დელფინებთან ერთად იცუროთ (წინასწარი ჯავშანი სავალდებულოა), ან „ბათუმი მოლში“ ზოოტოპიის კონტაქტური ზოოპარკი მოინახულოთ.
წვიმისას შეგიძლია დელფინარიუმის გვერდით მწვანეში ჩაფლულ პატარა სკვერს მიაშუროთ, სადაც დიდი, წითელი იაპონური კობრებით სავსე აუზია. წვიმაში თევზებს ან რაღაც უხარიათ, ან პირიქით – წყლის ზედაპირზე ხტიან და ამას დიდხანს შეგიძლია უცქირო.
თუ ზღვაზე ვერ მიდიხართ, შეგიძლიათ აუზში იცუროთ. თქვენ გიმასპინძლებთ ოლიმპიური სისტემის აუზი „მარდი პლაზაში“. უფრო პატარა აუზებია „შერატონში“, „ჰილტონში“, „ვინდჰემში“, „ეუფორიაში“, სადაც უპრობლემოდ შეძლებთ შესვლას.
წვიმაში განსაკუთრებით შთამბეჭდავია მახუნცეთის ჩანჩქერი, რომელიც ქედის რაიონში მდებარეობს და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია საქართველოში. იქ მისვლა შესაძლებელია მანქანით, ან სამარშრუტო ტაქსით, რადგან მდებარეობს მთავარ გზასთან ახლოს.
ჩანჩქერის მონახულება შესაძლებელია წელიწადის ნებისმიერ დროს. იქვე შეგიძლიათ შეიძინოთ ადგილობრივი ნაწარმი – თაფლი, ჩურჩხელა და ა.შ.
თუ ეკლესია-მონასტრების მოლოცვას გადაწყვეტთ, ულამაზესია ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი, წმინდა ნიკოლოზის ტაძარი, სამება, საიდანაც ბათუმის საუცხოო ხედი იშლება, ასევე ბათუმის სინაგოგა, მეჩეთი ორთა-ჯამე და ა.შ.
წვიმიან ამინდში ფინჯანი ჩაი ან ყავა ყველაზე გემრიელია. გირჩევთ წვიმიან ქალაქში ლიმონიანი ჩაის ან ყავის მისართმევად რომელიმე მრავალსართულიანი სასტუმროს ბოლო სართულის კაფეს ეწვიოთ. ასეთი ბათუმში ბევრია, საიდანაც წვიმაში გაავებული ზღვაც კარგად ჩანს და ნისლიანი, მოქუფრული ქალაქიც.
ისე კი, პრინციპში, ყველას თავისი გეგმა აქვს წვიმიან ქალაქში და ამიტომ ეს გეგმა უკიდურესად პირობითია...
ყველა ახალი ამბავი
0