სამი კაცი თითო დარტყმით დაგვასვენე, დღეს კი ვამაყობ შენით! – რა გაახსენეს გიგა ჭიკაძეს

© courtesy of GIGA CHIKADZEგიგა ჭიკაძე
გიგა ჭიკაძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2021
გამოწერა
ქართველმა გულშემატკივარმა ჭიკაძეს ხუთი წლის წინანდელი ინციდენტი გაახსენა. მაშინ ქართველ მებრძოლს ფიზიკური დაპირისპირება სამ ადამიანთან მოუწია.
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. UFC-ს ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე სოციალურ ქსელში მისი და ერთ-ერთი გულშემატკივრის მიმოწერას ავრცელებს, სადაც გულშემატკივარი რამდენიმე წლის წინანდელ ინციდენტს იხსენებს.
როგორც აღმოჩნდა, ინციდენტი ხუთი წლის წინ თბილისში, შარდენის ქუჩაზე მოხდა. პიროვნება, რომელმაც გიგას პირად შეტყობინებაში ძველი ამბავი გაახსენა, ჰყვება, რომ მას შარდენზე მის ორ მეგობართან ერთად ჭიკაძესთან ჩხუბი მოუვიდა.

„სამნი ვიყავით, სამივე ქუჩის კვალობაზე კარგად ვჩხუბობთ. ის ორი ჩემი ძმაკაცი იყო, ყველა თითო დარტმით დაგვასვენე. რაიმეს თავი რომ მქონოდა, შეიძლება მომეკალი, ისეთი “უდარი” გამიტარე, მარა დღეს ვამაყობ შენით“, – წერს გულშემატკივარი.

მიუხედავად აღნიშნული ფაქტისა, ის გიგას მადლობას უხდის და პროფესიონალურ კარიერაში წარმატებებს უსურვებს.

„შენ გენაცვალე, ძლივს რაღაცაში ქართველები ვვარგივართ და მადლობა ამ ქვეყნის სახელის გათქმისთვის, წარმატებები არ გამოგელიოს ჩემო ძმაო“, – აღნიშნავს გიგას ქომაგი.

უნდა აღინიშნოს, რომ ჭიკაძემ აღნიშნული მიმოწერა Instagram-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა და გულშემატკივარს მადლობაც გადაუხადა. გიგა ჭიკაძემ რამდენიმე დღის წინ გამოცდილი ბრაზილიელი მებრძოლი ედსონ ბარბოსა UFC-ს ღონისძიების მთავარ ორთაბრძოლაში დაამარცხა.
ჭიკაძე პირველი ქართველია, რომელმაც Main Event-ში მიიღო მონაწილეობა და გამარჯვების მოსაპოვებლად სამი სრული რაუნდიც არ დასჭირდა. ქართველმა მებრძოლმა აღნიშნული გამარჯვებით რეიტინგში მერვე ადგილზე გადაინაცვლა.
ყველა ახალი ამბავი
0