„იყო მიმალვის საფრთხე“ – შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

© Facebook / Rafael Mursakuloviრაფაელ მურსაკულოვი
რაფაელ მურსაკულოვი - Sputnik საქართველო, 1920, 10.09.2021
გამოწერა
შანაი ბრუკი 30 ივლისს მეგობრებს უნდა შეხვედროდა, თუმცა არ მივიდა დათქმულ დროს და მას შემდეგ მასთან კომუნიკაცია შეწყდა. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა ის გარდაცვლილი იპოვეს.
თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი ედუარდსის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ რაფაელ მურსაკულოვს წინასწარი პატიმრობა მიესაჯა, ინფორმაცია ქართულ მედიაში ვრცელდება.
შანაე ბრუკი - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2021
ავსტრალიელი ქალის მკვლელობის ბრალდებით 33 წლის მამაკაცი დააკავეს
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა. ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, დაცვის მხარე კი დაკავებულის საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.
საქმის პროკურორი გიორგი ქობულაძე აცხადებდა, რომ დაკავებულის მხრიდან როგორც მიმალვის, ისე მტკიცებულებების განადგურების, ასევე მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს. პროკურორის თქმით, რაფაელ მურსაკულოვმა უკვე სცადა და გაანადგურა მტკიცებულებათა ნაწილი, მაგალითად, დანაშაულის იარაღად მხოლოდ დანის ტარი იქნა ამოღებული. ამასთან, ბრალდებული წარსულში ნასამართლევია, რაც მას ახლა გაქარწყლებული აქვს.
პროკურორის განმარტებით, წარსულში მის მიმართ სხვადასხვა შეღავათი იყო გამოყენებული, თუმცა, მან ახალი დანაშაული მაინც ჩაიდინა.
პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე, რომელმაც დაკავებულის საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვა. როგორც ადვოკატმა სოფიო გოგლიჩიძემ განმარტა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მთელი ამ ხნის განმავლობაში არსად მიმალულა.
ვახტანგ გომელაური - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2021
ავსტრალიელი ქალის მკვლელობის საქმეზე გომელაურმა კომენტარი გააკეთა
სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებულიც. არაოფიციალური ინფორმაციით, რაფაელ მურსაკულოვი წარსულშიც ნასამართლევი იყო და მას ქურდობას ედავებოდნენ.
ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს მეგობრებს უნდა შეხვედროდა, თუმცა არ მივიდა დათქმულ დროს და მას შემდეგ მასთან კომუნიკაცია შეწყდა. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, 31 ივლისს სამართალდამცველებმა ის მთაწმინდის ფერდობზე გარდაცვლილი იპოვეს. მას ძალადობის კვალი აღენიშნებოდა.
მკვლელობის საქმეზე პოლიციამ თბილისში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული რაფაელ მურსაკულოვი 8 სექტემბერს დააკავა.
„მსხვერპლის მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო ბრალდებულმა, ყაჩაღობის გაადვილების და შემდგომში მისი დაფარვის მიზნით, ანგარების მოტივით, მისი მოკვლა გადაწყვიტა. ბრალდებულმა შანაი ბრუკს დანით კისრის არეში მიაყენა დაზიანება და გაგუდა“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
როგორც უწყებაში აცხადებენ, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებული მსხვერპლის პირად ნივთებს დაეუფლა და დანაშაულის კვალის დაფარვა სცადა – ცხედარს ხის ტოტები დააფარა, დანაშაულის იარაღი კი მიმდებარე ტერიტორიაზე გადააგდო და ადგილიდან მიიმალა. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების პროცესში ჩატარდა რამდენიმე ასეული საგამოძიებო მოქმედება. გამოიკითხა 200-ზე მეტი პირი, მათ შორის გარდაცვლილი ქალის მეგობრები, თანამშრომლები, მეზობლები, დანაშაულის დღეს მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე მყოფი და იქ დასაქმებული პირები. საქმის მოწმეებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დამნაშავე პირის იდენტიფიცირების მიზნით, შეიქმნა ფოტორობოტი, რომელიც გაეგზავნა ყველა ოპერატიულ დანაყოფს. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს მუხლებით „ყაჩაღობა“ და „განზრახ მკვლელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით“. დანაშაული სასჯელის სახედ 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2021
ვინ არის ავსტრალიელი ქალის მკვლელობაში ბრალდებული: ცნობილი გახდა ახალი დეტალები
შანაი ბრუკი ბოლო ერთი წლის განმავლობაში დროებით ცხოვრობდა თბილისში. როგორც დაღუპულის მეგობრები აცხადებენ, ახალგაზრდა ქალი სპორტით იყო დაკავებული და მთაწმინდაზე ხშირად სეირნობდა.
ავსტრალიის მოქალაქე სათვალთვალო კამერებმა ბოლოს 30 ივლისს, დაახლოებით 15:30 საათზე ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს. დაკარგულის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როდესაც შანაი ბრუკს ბოლოს ტელეფონით ესაუბრებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა. მისი ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს ქალს მოულოდნელად თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა.
ყველა ახალი ამბავი
0