ხუთი ულამაზესი ადგილი საქართველოში, რომელსაც შემოდგომაზე უნდა ესტუმრო

© Sputnik / STRINGERგომბორის უღელტეხილი
გომბორის უღელტეხილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2021
გამოწერა
საქართველო ყველა სეზონზე შთამბეჭდავია და მისი ულამაზესი კუთხეების ხილვა ნებისმიერ დროს სიამაყით და სიამოვნებით გვავსებს. თუმცა ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ შემოდგომა წლის ყველაზე ლამაზი და ფერადი დროა, ამიტომ მოგზაურობისთვის გამორჩეულ პერიოდად მოიაზრებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი საკმაოდ ბევრია, ჩვენ გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ ხუთი ადგილი, რომელიც შემოდგომაზე განსაკუთრებით ლამაზია და სწორედ ამ სეზონზე უნდა მოინახულოთ.
ბატეთის ტბა
ბატეთის ტბა ქარელის მუნიციპალიტეტში, ძამის ხეობაში, ზღვის დონიდან 1313 მეტრზე მდებარეობს. თუ გსურთ შაბათ-კვირას მოაწყოთ მცირე ლაშქრობა, განიტვირთოთ ბუნებაში, ტბის პირას, ან უბრალოდ მოაწყოთ პიკნიკი მეგობრებთან ერთად, ეს ადგილი გაამართლებს თქვენს მოლოდინს.
ხეობა და ტბა სილამაზით ნამდვილად გამორჩეულია. ტბას უამრავი ადამიანი სტუმრობს სხვადასხვა სეზონზე, თუმცა ის განსაკუთრებით ლამაზი და შთამბეჭდავია შემოდგომაზე. ამიტომ არ გაუშვათ შანსი და აუცილებლად მოინახულეთ ეს ულამაზესი ადგილი.
თრუსოს ხეობა
თრუსოს ხეობა იშვიათი, ეგზოტიკური სილამაზით გამოირჩევა. ყოველ ფეხის ნაბიჯზე გხვდება ცად აზიდული კოშკები, ხავსმოკიდებული ნასახლარები და საყდრები, მზის შუქზე ოქროსფრად მოელვარე მდელოები, ხევებში ჩაწოლილი ნისლი, ბობოქარი თერგი, აზვირთებული მთები…
თბილისიდან ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ სოფელ კობს მიადგებით. ხელმარცხნივ თრუსოს ხეობის უზარმაზარი ხედი გადაიშლება. ფეხით გასავლელი მანძილი საშუალო სირთულისაა. მოინახულეთ სოფლები ზაქათგორი, კეტრისი, ოქროყანა, აბანო, ისტორიული ტაძრები და კოშკები, დატკბით მყინვარწვერის ხედით და მშფოთვარე თერგის ხმაურით... გვერწმუნეთ, მიღებული შთაბეჭდილებები დიდხანს გაგყვებათ.
ხეობის ერთ-ერთი მთავარი სიმდიდრე მინერალური წყლებია. ალბათ ბევრი არ გსმენიათ თრუსოს ვეძას შესახებ. ადგილობრივები ამბობენ, რომ მჟავე წყალი, რომელიც აქ ამოდის, ბევრ დაავადებას კურნავს. სასწაულია იმის ცქერა, როგორ ჭრის კლდეს და შენ თვალწინ იბადება პატარა წყარო.
© FB / Meri Bliadzeყაზბეგი, თრუსოს ხეობა
ყაზბეგი, თრუსოს ხეობა - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2021
ყაზბეგი, თრუსოს ხეობა
თუ თრუსოს ხეობაში მოხვდებით, აუცილებლად უნდა ნახოთ „უძირო ტბა“. მწყემსები ამბობენ, ამ ტბას ძირი არ აქვს, რადგან მის ნაპირზე ძველად დათვი მოუკლავთ, რომელიც ტბაში გადაეშვა და ისე ჩაიკარგა, კვალიც ვეღარ იპოვესო. სწორედ ამ ამბის მერე დაარქვეს ტბას „უძირო“. მთების შუაგულში მოქცეული ტბა წელიწადის ყველა პერიოდში თვალწარმტაცია.
თრუსოს ხეობის მცველები მონაზვნები არიან. გალობენ, ლოცულობენ და დაუღალავად შრომობენ. თრუსოს დედათა მონასტრის ამბები ბევრმა არც იცის… დედებმა დღემდე ურთულესი გზა გაიარეს. ალბათ წარმოგიდგენიათ ზამთარი თრუსოს ხეობაში და იქ ეულად, უფლის იმედად დარჩენილი მონაზვნები.
© FB / Meri Bliadzeყაზბეგი, თრუსოს ხეობა
ყაზბეგი, თრუსოს ხეობა - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2021
ყაზბეგი, თრუსოს ხეობა
რაჭა
შემოდგომაზე მრავალფერადი, განსაკუთრებით ლამაზი და თვალწარმტაცია რაჭა. ეს კუთხე მდიდარია კულტურული ძეგლებითა და მრავალფეროვანი ბუნებით.
რაჭაში მდებარეობს დახვეწილი ჩუქურთმებით სახელგანთქმული ქართული ხუროთმოძღვრების შედევრი - ნიკორწმინდა. საინტერესო კულტურის ნიმუშების გარდა ამ მხარეში დატკბებით გრილი ტყეებით, ალპური ზონის ტბებით, ულამაზესი ჩანჩქერებითა და მომნუსხველი ხედებით.
შემოდგომაზე საოცარი სანახავია შაორის ტბა. ის უდიდესი წყალსაცავია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, რომელიც ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ტბის ყველაზე ღრმა ადგილი 14,5 მეტრია. გადმოცემის თანახმად, წყლის დაგუბებამდე ამ ადგილზე რამდენიმე წყარო ამოდიოდა.
ამჟამად წყალსაცავის ნაპირები მეტწილად დაბალი და დამრეცია, ზოგან ფლატეებია. ტბიდან იშლება რაჭის მთების ულამაზესი ხედი. შაორის ტბაზე შესაძლებელია თევზაობა, კარვების გაშლა ღამის გასათევად, კატარღით სეირნობა. მზის ჩასვლისას ტბა გარდამავალ ფერებში იმოსება. შემოდგომის პერიოდში დასავლეთ საქართველოში შაორი საუკეთესო ადგილია ბუნებაში ხეტიალის მოყვარულთათვის.
გუდამაყრის ხეობა
თუ განტვირთვისთვის და ბუნებაში ხეტიალისთვის მხოლოდ ერთი დღე გაქვთ, გუდამაყარს ეწვიეთ, რომელიც თბილისიდან 72 კილომეტრში მდებარეობს.
შემოდგომის პერიოდში ხეობა თითქმის დაცლილია, მაგრამ რამდენიმე სოფელში ადგილობრივები მაინც დაგხვდებიან. აუცილებლად მოინახულეთ გოდერძი ჩოხელის მშობლიური სოფელი ჩოხი. სოფელ ჩოხში მდებარეობს გუდამაყრელთა ერთ-ერთი მთავარი სალოცავიც – პირიმზე ფუძის ანგელოზი.
ამ მხარეში ულამაზეს ბუნებას და საინტერესო ძეგლებს იხილავთ.
გომბორი
შემოდგომაზე აუცილებლად მოინახულეთ გომბორი. გზად ბევრი შთამბეჭდავი და ლამაზი ადგილი შეგხვდებათ. აუცილებლად ესტუმრეთ შუამთას, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. აქ სტუმრობისას შესაძლებლობა გაქვთ მოინახულოთ ძველი და ახალი შუამთის მონასტრები.
მონასტერში მიმდინარეობს მთარგმნელობითი სამუშაოები, ხატწერა, ხელსაქმე და სხვ. აგრეთვე მონასტერს აქვს თავისი საკუთარი ზვრები, ფერმა და ფუტკრის მეურნეობა, საიდანაც მათ საშუალება ეძლევათ თაფლის გარდა დაამზადონ საეკლესიო სანთელი.
შუამთის ორივე კომპლექსი განლაგებულია ფოთლოვან ტყეში, რაც მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
ყველა ახალი ამბავი
0