სააკაშვილი საქართველოში დაბრუნების პირობას დებს – ამჯერად ნებისმიერ ფასად

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2021
გამოწერა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოში დაბრუნებისას ფარად არავის გამოიყენებს.
თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამშობლოში დაბრუნებას აპირებს შესაძლო შედეგების მიუხედავად.
2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში დაბრუნების შესახებ თავის განზრახვაზე სააკაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე ვიდეომიმართვაში განაცხადა. ყოფილი სახელმწიფო მეთაურის თქმით, მას დაპატიმრების არ ეშინია და აპირებს დაასრულოს „რევანშის ერთსა და იმავე წრეზე სიარული“.

„პირველად მთელი ამ წლების განმავლობაში მე ვთქვი, რომ ჩამოვალ შედეგების მიუხედავად... ცხოვრებაში პირველად ვთქვი, რომ ახლა არის ის ზღვარი, რომლის შემდეგაც ჩვენ ვკარგავთ სამშობლოს. წინა წლებშიც ყველაფერი აქეთ მიდიოდა, მაგრამ მაშინ სიტუაცია არ იყო ასეთი კრიტიკული. ახლა სიტუაცია იმდენად მძიმეა, რომ აღარ არის პირობითობების დრო", – განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია „TV პირველთან“ ინტერვიუში.

კითხვაზე, რამდენად სწორი იყო 2013 წელს მისი წასვლა საქართველოდან, სააკაშვილმა უპასუხა, რომ იყო „ემოციურად დაღლილი“.

„ეს წლები ჩემთვის კომფორტული არ იყო. ეს წლები სავსე იყო ქარიშხალითა და დიდი ბრძოლებით. მე წავედი, რადგან იმ დროისათვის ემოციურად დაღლილი და ამოწურული ვიყავი... მინდოდა ქართველ ხალხს დაესვენა ჩემგან და, სიმართლე გითხრათ, მინდოდა ქართული სიტუაციიდან დასვენება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ამავდროულად მესამე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მრავალ უცხოელ კოლეგასთან მეგობრული ურთიერთობის მიუხედავად, ის არ აპირებს ვინმეს, მათ შორის, ევროპარლამენტის დეპუტატების ფარად გამოყენებას სამშობლოში დაბრუნების დროს.
„მე არავის ფარი არ მჭირდება... ეს არ მოხდება. მეც საკმარისი ვიქნები", – განაცხადა სააკაშვილმა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ განცხადებით, როგორც კი სააკაშვილი ქართულ მიწაზე ფეხს დადგამს, მას დააპატიმრებენ და ციხეში ჩასვამენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი „ქართულ ციხეში თავს კომფორტულად იგრძნობს ჰალსტუხების კოლექციით".
სააკაშვილმა საქართველო დატოვა 2013 წლის ნოემბერში და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო ამის პირობა. ექს-პრეზიდენტი შიდა სახელმწიფოებრივ ძებნაშია გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და თითქმის ექვსი წელია უკრაინის მოქალაქეა.
ყველა ახალი ამბავი
0