„ტელევიზიაში მუშაობს და არ იცის, რომ მისმა მამამ მოკლა ჩემი მამა“ – გია ჯაჯანიძის აღიარება

© Facebook / Giorgi Jajanidzeგია ჯაჯანიძე
გია ჯაჯანიძე - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2021
გამოწერა
გია ჯაჯანიძე ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთი პოპულარული ტელეწამყვანია, რომელსაც საკუთარი დასამახსოვრებელი სტილი აქვს.
გია ჯაჯანიძემ ია ფარულავას გადაცემაში თავისი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საიდუმლო გაამხილა. ტელეწამყვანმა გაიხსენა პერიოდი, როდესაც 17 წლის იყო, თეატრალურ უნივერსიტეტში აბარებდა და მაშინ თბილისში ნამყოფიც არ იყო. მამამ ის თბილისში ბავშვობის მეგობართან ჩაიყვანა, რომელიც, მისი ვარაუდით, დაეხმარებოდა და ცოტა ხნით თავისთანაც აცხოვრებდა.
ჯაჯანიძე იხსენებს, რომ როდესაც იმ კაცთან სახლში მივიდნენ, მან არც კი შეიპატიჟა შინ და მამას უთხრა, რომ მის შვილს თეატრალურში არავინ მიიღებდა.

„კი, მაგრამ, ამას ჭკუა არ აქვს, შენ რამ დაგიკარგა ჭკუა ამხელა კაცს, ვინ მიიღებს ამას თეატრალურშიო. წამოვედით… მე მამაჩემის თვალები აღარასოდეს აღარ მინახავს, თვალებში ვეღარ მიყურებდა, იმიტომ რომ შერცხვა, მოერიდა, იმედი გაუცრუვდა. ყოველდღე სამ ჭიქა არაყს სვამდა. დადიოდა, მუშაობდა, ოღონდ ფხიზელი მდგომარეობა არ უნდოდა. 54 წლის გარდაიცვალა. ერთადერთი ის იყო, რომ ჩემს წარმატებას მოესწრო“, – იხსენებს ტელეწამყვანი.

მისი თქმით, წლების შემდეგ როდესაც უკვე „პირველ არხზე“ მუშაობდა და პარალელურად ლექციებსაც კითხულობდა, სტაჟიორ ოპერატორებთან მოუწია შეხება და შემთხვევით ერთ-ერთი იმ კაცის შვილი აღმოჩნდა, რომლის ნათქვამს მამა შეეწირა.

„ვიფიქრე, საშინელებას ვუზამ, ვიტყვი, რომ არ ვარგა, ვერ მუშაობს და ასე უნდა გადავუხადო სამაგიერო-მეთქი. მივედი, მაგრამ ოპერატორების უფროსს ვუთხარი, ჩემი ნათესავია, ძალიან კარგი ბიჭია და მეც მივეხმარები-მეთქი. დღეს ის ტელევიზიაში მუშაობს და არ იცის, რომ მისმა მამამ მოკლა ჩემი მამა“, – ამბობს ჯაჯანიძე.

ყველა ახალი ამბავი
0