პაპუაშვილი: ანულირებულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა პოლიტიკის პაროდიაა

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2021
გამოწერა
28 ივლისს, ადგილობრივი არჩევნების ჩატარებამდე ორი თვით ადრე მმართველმა პარტიამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა.
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ანულირებულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა პოლიტიკის პაროდიაა, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილების შეფასებისას.
გუშინ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტია ხელს მოაწერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შეთანხმებას, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 2021 წლის 19 აპრილს დაიდო.
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2021
„ნაციონალური მოძრაობა" შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს აწერს
მელიას თქმით, პარტიამ აღნიშნული გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რომ ქვეყნის ევროპული კურსი შეუცვლელია, ხოლო ამით „ქართული ოცნება“ აიძულოს – შეასრულოს შეთანხმების ყველა პირობა.
„ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ადრე თუ გვიან მათ („ნაცმოძრაობას“) მოუწევდათ ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერა, თუმცა არავინ იფიქრებდა, რომ ანულირებულ ხელშეკრულებაზე მოუწევდათ ხელის მოწერა. ეს უკვე პოლიტიკაც აღარ არის, ეს არის პოლიტიკის პაროდია. მგონი პირველად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა, რომ გაუქმებულ ხელშეკრულებას აწერს ხელს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილება არის ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდში არეულობისა და დესტაბილიზაციის გამოწვევის კიდევ ერთი მცდელობა.
28 ივლისს მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. თავის დროზე შეთანხმების მიზანი ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან საპარლამენტო საქმიანობისადმი ბოიკოტის შეწყვეტა იყო. ოპოზიცია მმართველ გუნდს საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა. შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.
მმართველმა პარტიამ შეთანხმებიდან გასვლის მიზეზად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის თქმა დაასახელა.
გაფორმების დროს 19 აპრილის დოკუმენტს, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას ისახავდა მიზნად, ხელი მოაწერა პარლამენტში 2020 წლის არჩევნების შედეგად გასული ცხრა პარტიიდან ექვსმა.
ყველა ახალი ამბავი
0