გოგი ცაბაძე: გულით დაწერილი, გულით ნამღერი და გულით წასული...

© National Parliamentary Library of Georgiaკომპოზიტორი გოგი ცაბაძე
კომპოზიტორი გოგი ცაბაძე - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2021
გამოწერა
„გულით დაწერილი მუსიკა” – ასე აფასებენ ქართველი მომღერლები გოგი ცაბაძის სიმღერებს. „გულით ნამღერი”, ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, „გულღია მუსიკა” ხალხმა თავიდანვე აიტაცა.
ცაბაძის შემოქმედების პოპულარობას მისი მუსიკის მელოდიურობით ხსნიან. თუმცა მხოლოდ და მხოლოდ მელოდიურობა ვერ ამოწურავს ცაბაძის მუსიკის ფენომენს. მან განსაკუთრებული ქალაქური სიმღერის სამყარო შექმნა.
ქართული ქალაქური საესტრადო სიმღერის, ოპერეტის, მუსიკალური კომედიისა და მიუზიკლის ფუძემდებელი, თბილისის საპატიო მოქალაქე გიორგი (გოგი) ცაბაძე 1924 წლის 24 აგვისტოს დაიბადა თბილისში. მრავალშვილიან ოჯახში ნაბოლარა იყო, მას ორი ძმა და ორი და ჰყავდა. მამამისი შეძლებული კაცი იყო, თუმცა ოჯახი 30-იანი წლების რეპრესიებს ემსხვერპლა. მამამისი გაბრიელი დახვრიტეს, ოჯახის ქონება კონფისკაციას დაექვემდებარა. პატარა გოგი და-ძმებთან ერთად დედასთან იზრდებოდა, მისი ძმები მოგვიანებით მეორე მსოფლიო ომმა შეიწირა. გარდაეცვალა დაც.
დედამ ისე განიცადა ქალიშვილისა და ვაჟის დაღუპვა, რომ როდესაც ფრონტიდან მეორე ვაჟის დაღუპვის ცნობა მოვიდა, გოგიმ ეს ამბავი დამალა. ოლღა სიცოცხლის ბოლომდე ელოდა შვილს. ეს იყო ერთადერთი ტყუილი კომპოზიტორის ცხოვრებაში…
გოგიმ მუსიკალური ხუთწლედის დამთავრების შემდეგ სწავლა კონსერვატორიაში განაგრძო. კონსერვატორიაში ცნობილი კომპოზიტორის იონა ტუსკიას ჯგუფში მოხვდა. პედაგოგმა შეაფასა ცაბაძის ნიჭიერება, მაგრამ მკაცრი მოთხოვნებიც წაუყენა: იგი ან ესტრადას უნდა შელეოდა, ან კონსერვატორიას, რადგანაც კონცერტების გამო ხშირად უხდებოდა ლექციების გაცდენა. ცაბაძეს ბევრი არ უფიქრია და სწავლას თავი დაანება. მამა რეპრესირებული იყო, გოგი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი აღმოჩნდა, მოხუც დედაზე უნდა ეზრუნა და შემოსავლიან სამსახურს ვერ დაკარგავდა. გოგიმ კონსერვატორია მოგვიანებით, მეუღლის თხოვნით, 32 წლის ასაკში დაასრულა.
1953 წელს გოგი ცაბაძემ და თამარ მაჭავარიანმა ოჯახი შექმნეს. შეეძინათ ორი ვაჟიშვილი: გოგლა ცაბაძე და კახა ცაბაძე.
გოგი ცაბაძე მუშაობდა ფილარმონიაში, საქართველოს ტელევიზიაში, 1973 წლიდან პედაგოგურ მოღვაწეობას ეწეოდა საესტრადო სასწავლებელში. 1956-1975 წლებში იყო საქართველოს ფილარმონიის საესტრადო მუსიკალური განყოფილების გამგე. 1956-1975 წლებში ის ფილარმონიის საესტრადო განყოფილებას ხელმძღვანელობდა, ამავე პერიოდში შეიქმნა ანსამბლი „ორერა", რომლის რეპერტუარსაც თვითონ გოგი ცაბაძე ქმნიდა.
1976 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწოდა საცირკო-საესტრადო სასწავლებელში.
გოგი ცაბაძის პირველი სიმღერა იყო „მარი”, რომელსაც ასრულებდა მერი შილდერი. ამას მოჰყვა უამრავი შედევრი. 50-იან წლებში კომპოზიტორი გასაოცარი სისწრაფით ქმნიდა ერთმანეთზე უკეთეს ნაწარმოებებს.
კომპოზიტორს დიდი პოპულარობა მოუტანა სიმღერებმა „მთაწმინდის მთვარე“, „თბილისის მუხამბაზი“, „ქუჩა-ქუჩა“, „მეფაიტონე“ და სხვა მრავალი. ეროვნულ ესტრადაში თითქმის არ დარჩენილა მუსიკოსი, გიორგი ცაბაძის სიმღერა თავის რეპერტუარში რომ არ ჩაერთო.
გოგი ცაბაძის შემოქმედება ძირითადად პეტრე გრუზინსკისა და მორის ფოცხიშვილის პოეზიას დაუკავშირდა, ეს სამი ადამიანი განუყრელი მეგობრები იყვნენ.
განსაკუთრებით აღსანიშნავია კომპოზიტორის მუსიკალური კომედიები, ოპერეტები და მიუზიკლები. იგი ამ რთული ჟანრის 20-მდე ნაწარმოების ავტორია – „სიმღერა სიყვარულზე“, „ჩვენი ნაცნობები“, „ტრფობის ბადეში“, „კურკას ქორწილი“, „იეთიმ გურჯი“, „მეტეხის ჩრდილში“, „შესანიშნავი სამეული“, „იტალიური რომანი“ და სხვ. აღსანიშნავია, რომ ცაბაძე თავად იყო საკუთარი სიმღერების უბადლო შემსრულებელი. ავტორია აგრეთვე საგუნდო და დრამატული ნაწარმოებებისა, მისი მუსიკა ჟღერს ფილმებში „ვერის უბნის მელოდიები“, „მხიარული რომანი“, „მოიტაცეს თამარ ქალი“.
გოგი ცაბაძე სცენაზე, სიმღერისას გარდაიცვალა. 1986 წელს კომპოზიტორი საქართველოს რეგიონებში შემოქმედებით საღამოებს მართავდა. 30 ნოემბერს გორში, ერთ-ერთი კონცერტის დროს მას გულმა უმტყუნა. ხალხით სავსე თეატრში სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ მომღერლები. ბოლო სიმღერა თავად გოგი ცაბაძემ იმღერა. დარბაზში ჯერ ისევ ოვაციები ისმოდა, კულისებში გასულ ცაბაძეს კი გულმა უღალატა და ასე შეაბიჯა მარადისობაში.
ელვის სისწრაფით გავრცელდა დარბაზში ინფორმაცია ბატონი გოგი ცუდადააო. საოცარი ის იყო, რომ მაყურებელი ადგილიდან არ დაძრულა. იქაურობა ისევ სავსე იყო, ხალხი იყო დარბაზში, ფოიეში, თეატრის უკანა მხარეს.
ასე დასრულდა კიდევ ერთი ლეგენდა, სახელად გოგი ცაბაძე.
პოეტმა მორის ფოცხიშვილმა მისი დაკრძალვის დღეს ბრძანა:

ქუდები მოიხადეთ, უკანასკნელი ყარაჩოხელი ემშვიდობება თბილისს!

საინტერესო ფაქტები გოგი ცაბაძეზე:
ბევრს არ ლაპარაკობდა, ერთადერთი თემა, რომელზეც დაუსრულებლად შეეძლო ლაპარაკი, ფეხბურთი იყო. გადაჭარბებულ სიხარულსა და მწუხარებას მხოლოდ ფეხბურთის გამო თუ იმჩნევდა.
„ერთხელ ბიძინა კვერნაძე მოვიდა ჩვენთან, ცოტა შეზარხოშებული იყო. მამაჩემს ეუბნება, 110 მანეთი დამიბრუნეო. მამაჩემი მიხვდა, რომ ლაზღანდარობდა, მაგრამ დედაჩემს გაუკვირდა, ნეტავ რა ფული ესესხაო. ბოლოს აღმოჩნდა, რომ მცხეთაში, რესტორანში მამას სიმღერა – „მანანები“ მოუსმენია და თერთმეტჯერ შეუკვეთავს. თითო ჯერზე ათი მანეთი მიუცია. მერე ჩვენთან მოვიდა და მამას ეუბნება: ეს რა სიმღერა დაწერე, რომ ვერა და ვერ გავძეხი მისი მოსმენით, მოკლედ, არ ვიცი, ჩემი 110 მანეთი გმართებსო’’, – იხსენებს მისი ვაჟი.
მიუხედავად იმისა, რომ გოგი ცაბაძეს თბილისზე მომღერალ კომპოზიტორად მიიჩნევდნენ, მას სიტყვა ,,თბილისი’’ სულ 12 სიმღერაში აქვს გამოყენებული. სამაგიეროდ სიტყვა „გული’’ — 74 სიმღერაში.
ყველა ახალი ამბავი
0