ლეგენდარული ქართველი მეკარის მსოფლიო აღიარება და „წითელი ბარათი“ პარტიული ჩინოვნიკებისგან

© courtesy of Anzor Kavazashviliანზორ კავაზაშვილი
ანზორ კავაზაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2021
გამოწერა
საბჭოთა პერიოდის დროს, 1970 წელს მეხიკოს „აცტეკას“ სტადიონზე მოწყობილ დიდების ხეივანში მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე 16 საუკეთესო ფეხბურთელის ფიგურა დადგეს. მათ შორის ქართველი მეკარის ანზორ კავაზაშვილის ფიგურაც იყო.
გულშემატკივარს დღემდე ახსოვს „პანტერად“ წოდებული გოლკიპერის ულამაზესი ნახტომები და ჰაერში მოხსნილი ბურთები.
რთულია მისი სპორტული დამსახურებების სრულად ჩამოთვლა. მას არ დაკლებია საკადრისი დიდება და პატივი, თუმცა ფეხბურთის სტაჟიანმა მოყვარულებმა ისიც იციან, რომ საკუთარ ქვეყანაში გაცილებით მეტს იმსახურებდა. დღეს ანზორ კავაზაშვილი მოსკოვში ცხოვრობს. ჩვენთან საუბრისას მან ფეხბურთში პირველი ნაბიჯები გაიხსენა, სპორტულ კარიერაზე, გამარჯვებებსა და იმედგაცრუებებზე კი ქვეტექსტების გარეშე ისაუბრა...
© courtesy of Anzor Kavazashviliანზორ კავაზაშვილი
ანზორ კავაზაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2021
ანზორ კავაზაშვილი
- ბატონო ანზორ, საუბარი დავიწყოთ იმ ქართული ზღვისპირა ქალაქით, სადაც დაიბადეთ და რომელთანაც ბავშვობა გაკავშირებთ.
- ბათუმში 1940 წლის 19 ივლისს რკინიგზის ჩინოვნიკის ამბერკი კავაზაშვილის და ულამაზესი თეკლა დოლიძის ოჯახში გავჩნდი. ოჯახში გვიანი ბავშვი, სამი დისგან, დეიდებისა და დედაშვილებისგან განებივრებული ბიჭი ვიყავი. მამა სულ დაკავებული იყო, სახლში გვიან მოდიოდა. მახსოვს, ვახშმის მოლოდინში ყველანი ერთად ქართულ სიმღერებს ვმღეროდით და ცხოვრებაც ბედნიერად გადიოდა.12 წლის რომ ვიყავი, სიკვდილისგან ჩემმა დამ, ნინომ მიხსნა. ის ექიმ-ინფექციონისტად მუშაობდა ადგილობრივ საავადმყოფოში. მაშინ ნაღვლის ბუშტზე სერიოზული პრობლემები შემექმნა და მკურნალობა სახლში გამიგრძელეს. იმ დროს ამიკრძალეს ჩემთვის საყვარელი ფეხბურთის თამაში. თუმცა მშობლების უკითხავად კალათბურთის და ხელბურთის თამაშს მაინც ვახერხებდი. შემდეგ ზღვამდე კილომეტრს გავრბოდი და გულს ცურვით ვიჯერებდი. ჩვენს ეზოში შევკრიბე საფეხბურთო გუნდი, სადაც ცენტრალური თავდამსხმელი ვიყავი. თქვენ წარმოიდგინეთ, ჭაობის რაიონის ეზოს გუნდებს შორის ჩემპიონატსაც კი ვატარებდი.
- თავიდან ცენტრალური თავდამსხმელი იყავით და კარებში როდის დადექით პირველად?
- როცა 13 წელი შემისრულდა, გავიგე, რომ ბათუმის „დინამო“ საბავშვო სპორტულ სკოლაში მისაღებად მოზარდებს იწვევდა. შეკრება დანიშნული იყო „პიონერთა პარკის“ სტადიონზე. როცა შეკრებაზე დაგვიანებით მივედი, დავინახე, რომ არჩეული ათი ბავშვი ჩამწკრივებული იდგა სტადიონზე, მაგრამ კარები ცარიელი იყო. დიქტორი მეკარედ ყოფნის მსურველს იწვევდა, მაგრამ გადაწყვეტილებას ვერავინ იღებდა. ვიფიქრე, რა მნიშვნელობა აქვს სად ვიქნები, მთავარია, ვითამაშებ–მეთქი და კარებში დავდექი. მახსოვს, პირველ თამაშზე სპორტსკოლის გუნდი როგორ უტევდა ჩემს კარებს, მაგრამ ბურთის გატანას ვერავინ ახერხებდა. სპორტსკოლისთვის კრიტიკულ მომენტში მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა ჩვენს კარებში, ბურთი მხოლოდ განმეორებითი პენალტის შემდეგ გამიტანეს. მატჩის ბოლოს სკოლის მსაჯი, თბილისის „დინამოს“ ყოფილი ცენტრალური მცველი ბორის ფროლოვი მომიახლოვდა და მითხრა, ანზორ, მამაცობისთვის სპორტსკოლის მეკარედ აგვყავხარო. ასე დაიწყო ჩემთვის მეკარის კარიერა. „დინამოს“ სპორტსკოლის გუნდში მეკარეების მწვრთნელმა გივი თიკანაშვილმა პროფესიონალი გოლკიპერის ანბანი შემასწავლა.
- მორიგი ეტაპი იყო „ტაქსოპარკის“ საფეხბურთო გუნდი, იქ როგორ აღმოჩნდით?
- ერთხელ შემთხვევით შევხვდი ბორის ფროლოვს, რომელმაც ტაქსოპარკის დირექტორთან მიმიყვანა. მაშინ 15 წლის ვიყავი, იქ საზეინკლო საამქროში მიმამაგრეს ოსტატს, რომელიც ფეხბურთს თამაშობდა. ხელფასი 300 მანეთი დამინიშნეს. ეს იყო 1955 წელი, როცა ჩვენთან პროფესიონალური სპორტი ჯერ არ არსებობდა. მუშებისგან შემდგარი ყველა გუნდი სამოყვარულო იყო. როცა სახლში პირველი ხელფასი მივიტანე, დედამ თვალზე ცრემლით საფეხბურთო გმირობებისკენ მიმავალი გზა დამილოცა. აქვე გამომიტყდა, რომ დიდი ხანია ბორის ფროლოვისგან იცოდა ჩემი საფეხბურთო კარიერის შესახებ და მარტო იმიტომ არ აპროტესტებდა, რომ ჩემ გამოჯანმრთელებაში დაარწმუნეს.
- თქვენს საფეხბუთო ცხოვრებაში კულმინაციურ მომენტად რას თვლით?
- კულმინაციური მომენტი გახდა აჭარის თასზე „დინამოს“ და „ტაქსოპარკის“ მოზრდილ ოსტატებს შორის გამართული საფინალო თამაში, რომლის დროსაც გუნდის კარებს მეკარე ანზორ კავაზაშვილი იცავდა. „დინამოს“ სტადიონი გადავსებული იყო, მატჩს 25 000 მაყურებელი ესწრებოდა. განმეორებითი მატჩის დროს, შესვენებაზე, როცა სპორტსმენები გასახდელისკენ მივდიოდით, ჩვენმა მოთამაშეებმა გაიგონეს „დინამოს“ მწვრთნელის ყვირილი: „იდოტებო, უკვე მეორე დღეა ვერ გაგიტანიათ ბურთი ამ ლაწირაკისთვის – ის ხომ ბავშვია, ჯერ 16 წლისაა, არ გრცხვენიათ?!“ ის მატჩი პენალტებით დავთმეთ. ბედნიერმა „დინამოელებმა“ აჭარის თასი მიიღეს, მე კი დაუმარცხებელი მეკარის სახელი დავიმკვიდრე. „ტაქსოპარკის“ დირექციამ მაშინ, ჩემს ცხოვრებაში პირველი ოქროს საათით დამაჯილდოვა. 16 წლის ასაკში თბილისში, საქართველოს საოლქო გუნდების შეჯიბრებებზე აჭარის მოზარდთა ნაკრების სახელით ვთამაშობდი. ტურნირის მერე საქართველოს ნაკრებში ჩამრთეს (მთავარი მწვრთნელი გ. გაგუა იყო) და დავიწყეთ მზადება საბჭოთა კავშირის ჩემპიონატისთვის, რომელიც ტალინში უნდა ჩატარებულიყო. მე თბილისის №35 საფეხბურთო სკოლაში გამამწესეს და თან საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების ძირითადი მეკარე გავხდი.
© courtesy of Anzor Kavazashviliანზორ კავაზაშვილის ფოტოკოლაჟი და დამსახურებების ჩამონათვალი
ანზორ კავაზაშვილის ფოტოკოლაჟი და დამსახურებების ჩამონათვალი - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2021
ანზორ კავაზაშვილის ფოტოკოლაჟი და დამსახურებების ჩამონათვალი
- საქართველოს გარეთ საფეხბურთო სფეროს სპეციალისტებმა როდის შეგამჩნიეს?
- სწორედ ტალინის ჩემპიონატზე შემამჩნიეს მოსკოვის სპეციალისტებმა და საბჭოთა კავშირის ჭაბუკთა ნაკრების შემადგენლობაში ჩამრთეს. ნაკრებს ავარჯიშებდნენ ცნობილი მწვრთნელები კონსტანტინ ბესკოვი, ალექსადრე პონომარევი, გეორგი ჟარკოვი და გავრილ კაჩალინი. 1957 წლის დასაწყისში იტალიაში, ქალაქ კაზალში ჩატარებულ ტურნირზე, მასში მონაწილე ექვს ევროპულ გუნდს შორის, მეკარეებს შორის ერთადერთი მე ვერ გამიტანეს ბურთი. ამიტომ ტურნირის შედეგებით საუკეთესო მეკარედ დამასახელეს და ოქროს მედალი გადმომცეს.
- თქვენი სპორტული აღზევების ხანა როდის დაიწყო?
- ჩემი აღზევება „ტაქსოპარკის“ საფეხბურთო გუნდის საშუალო რანგის მეკარიდან მსოფლიო ფეხბურთის მნიშვნელოვან პიროვნებამდე თბილისის „დინამოში“ დაბრუნებით დაიწყო. იმ სამი წლის გამო, რაც ფეხბურთის გრანდებთან გავატარე, თბილისის „დინამოს“ გუნდის და მწვრთნელის მადლობელი ვარ. უმაღლესი კლასის პროფესიონალებთან ვსწავლობდი. საქართველოში მაშინ ყველა ქალაქში იყო საბავშვო სპორტული სკოლები, რომლებიც თვითნაბად ტალანტებს ეძებდნენ. სწავლების მსგავსი მეთოდები მსოფლიო ტურნეს დროს ბრაზილიისა და არგენტინის სპორტულ კოლეჯებში ვნახე. სამწუხაროა, რომ დღეს საბავშვო ფეხბურთის განვითარებას სათანადო ყურადღება არ ექცევა.
- ცნობილია, რომ ფეხბურთის გულშემატკივრებმა სიყვარულით პანტერა შეგარქვეს...
- საქმე ისაა, რომ ჯერ კიდევ ადრეულ სიყმაწვილეში, როცა კარებში ვიდექი, ბურთის დაჭერას ხტომით ვახერხებდი. ჩემი არც ისე მაღალი ტანით (176 სმ) იძულებული ვიყავი ჰაერში ავმხტარიყავი, რაც გულშემატკივრების აღფრთოვანებას იწვევდა. მოსკოვში როცა გადმოვედი, ფანატები კამათობდნენ, რომელს უფრო ლამაზი ნახტომი ჰქონდა – ბანიკოვს, რაზინსკის, კავაზაშვილს თუ ხომიჩსა და პროხოროვს. სამ საბჭოთა მეკარეს სამართლიანად დაუმკვიდრდა ლამაზი მეტსახელები: ხომიჩს ვეფხვს ეძახდნენ, იაშინს – ლომს, კავაზაშვილს – პანტერას.
- თბილისის „დინამოდან“ თქვენი წამოსვლის ამბავი კამათს და არაერთმნიშვნელოვან შეფასებას დიდხანს იწვევდა. სინამდვილეში რა მოხდა?
- თბილისის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში თამაში „უცებ“ და ძალიან სწრაფად დავიწყე. ამით სათადარიგო სკამზე გადავსვი არაჩვეულებრივი მეკარე სერგო კოტრიკაძე. როცა ხშირი თამაშისგან რადიკულიტი განმივითარდა, ფეხბურთს ორი თვით ჩამოვშორდი და მკურნალობა დავიწყე. ჩემი არყოფნის განმავლობაში კოტრიკაძემ შეძლო მეკარედ მყარად დაფუძნება. გუნდის შემადგენლობაში ბრინჯაოს მედლების მოპოვების შემდეგ ის გაფრინდა ბელგიაში, ამხანაგურ თამაშებში მონაწილეობისთვის, მე კი თბილისში დამტოვეს და თითქოს დამივიწყეს. ჩემმა კავკასიურმა ცხელმა გულმა ვერ გაუძლო ასეთ წყენას. იმის გამო, რომ დინამოელებს „კაგებე“ კურირებდა, იძულებული ვიყავი ავიაბილეთი სხვის გვარზე ამეღო. ასე გავფრინდი ლენინგრადში.
- იქ, ლენინგრადის „ზენიტში“ თქვენი კარიერა დაიწყო...
- ლენინგრადის „ზენიტში“ საბჭოთა კავშირის საყმაწვილო ნაკრების მწვრთნელმა გიორგი ჟარკოვმა მიმიწვია. მისი მადლიერი ვარ, რადგან ჩემი არც ისე ხანგრძლივი კარიერის მანძილზე „ზენიტში“ ბრწყინვალე პრაქტიკა გავიარე. იქ შემამჩნია მოსკოვის „ტორპედოს“ მწვრთნელმა ვიქტორ მასლოვმა, რომელმაც ჩემთან მოსალაპარაკებლად სლავა მეტრეველი გამოგზავნა. მეც მოსკოვში გადასვლაზე დავთანხმდი. „ტორპედოში“ მოწიფული ოსტატი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გავხდი. ასევე ქვეყნის თასის მფლობელი და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი. საბჭოთა კავშირის საუკეთესო მეკარედ ორჯერ დამასახელეს. მომენიჭა საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატის უმაღლესი წოდება. ვთამაშობდი ქვეყნის პირველი ნაკრების ძირითად შემადგენლობაში. 1966 წელს მსოფლიო ჩემპიონატის თამაშებში მონაწილებისთვის მე და ქართველ ფეხბურთელებს - სლავა მეტრეველს, მურთაზ ხურცილავას და გიორგი სიჭინავას ბრინჯაოს მედლები გადმოგვეცა. ცოტას წავიტრაბახებ – მე ერთადერთი ქართველი მეკარე ვარ, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს ჯილდო გადაეცა.
© courtesy of Anzor Kavazashviliანზორ კავაზაშვილი
ანზორ კავაზაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2021
ანზორ კავაზაშვილი
- ასეთი წარმატებების ფონზე გასაკვირი არ არის, რომ უცხოეთის კლუბების ყურადღებაც მიიქციეთ, რომელი შემოთავაზება გახსენდებათ?
- განსაკუთრებით დამამახსოვრდა ავსტრალიის საფეხბურთო ფედერაციის პრეზიდენტთან საუბარი, ზღაპრული კონტრაქტის შემოთავაზება და მაცდური დაპირებები. თუმცა მე უარი ვუთხარი, რადგან... არ მინდოდა ციხეში ჩავმჯდარიყავი. მაშინ საბჭოთა დრო იყო და საკუთარი ნებით სადმე გამგზავრება არც ერთ სპორტსმენს არ შეეძლო. 1968 წელს ქართველმა ხელმძღვანელობამ, სპორტული მოძრაობის ლიდერის, ბატონ გიორგი სიხარულიძის მეთაურობით თბილისის „დინამოში“ ჩემი დაბრუნების მცდელობა წამოიწყო. ადვილი არ იყო საყვარელ გუნდთან, „ტორპედოსთან“ განშორება, სადაც რვა არაჩვეულებრივი წელი დავყავი, მაგრამ დავთანხმდი, რადგან ჩემს სამშობლოში და მშობლებთან ვბრუნდებოდი. მე კი დავთანხმდი, მაგრამ...
© cpourtesy of Anzor Kavazashviliგიორგი სიჭინავა, სლავა მეტრეველი, პელე, ანზორ კავაზაშვილი და მიხეილ მესხი
გიორგი სიჭინავა, სლავა მეტრეველი, პელე, ანზორ კავაზაშვილი და მიხეილ მესხი - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2021
გიორგი სიჭინავა, სლავა მეტრეველი, პელე, ანზორ კავაზაშვილი და მიხეილ მესხი
- ისევ გაუთვალისწინებელი რამ მოხდა?
- როცა თბილისის გუნდის მთავარ მწვრთნელთან, ლეგენდარულ ფეხბურთელთან გივი ჩოხელთან დავრეკე და ვაცნობე ჩემი დაბრუნების ამბავი, ვკითხე – ხომ ძირითად შემადგენლობაში ვითამაშებ–მეთქი. მისმა პასუხმა გამაოგნა – ანზორ, ჩვენი ძირითადი მეკარე რამაზ ურუშაძეა, თქვენ შორის რომელიც უკეთ ითამაშებს, კარებშიც ის დადგებაო. მისი სიტყვები ბოლო წვეთი აღმოჩნდა... როცა ასეთ მდგომარეობაში ვიყავი, მოულოდნელად დამირეკა მოსკოვის „სპარტაკის“ წარმომადგენელმა, რომელმაც ნიკოლაი სტაროსტინის სახელით გუნდის ძირითად შემადგენლობაში მიმიწვია. ერთ საათის მერე უკვე ლეგენდარული კლუბის წევრი ვიყავი. როგორც ჩანს, პროფესიონალი ფეხბურთელის ერთი გუნდიდან მეორეში გადასვლის მთელი ისტორიის მანძილზე ჩემი შემთხვევა სრულიად უნიკალურია. რადგან მე არანაირ პრეფერენციას - ვილებს, ავტომობილებს, დამატებით ჯილდოებს არ ვითხოვდი. უბრალოდ მინდოდა ჩემი ოსტატობის შესაბამის, ღირსეულ ადგილზე მეთამაშა. იმ დროს „სპარტაკის“ გუნდის ყველაზე ხელსაყრელი შენაძენი აღმოვჩნდი. ამ კლუბში ჩემი მეკარედ ყოფნის სამი წლის მანძილზე, 1969 წელს გუნდი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და ქვეყნის თასის მფლობელი გახდა. ამის გარდა, ევროტურნირებიდანაც არც ისე ურიგო ტროფეები წამოვიღეთ.
© photo: Sputnik / Dmitry Donskoyსაბჭოთა კავშირის საუკეთესო მეკარე ანზორ კავაზაშვილი
Один из лучших вратарей СССР 60-х годов Анзор Кавазашвили - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2021
საბჭოთა კავშირის საუკეთესო მეკარე ანზორ კავაზაშვილი
- თუ შეიძლება, მეხიკოს სტადიონზე თქვენი აღიარების ფაქტი გაიხსენეთ..
- მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირის ნაკრებში ძირითადი მეკარის ადგილის დამკვიდრება შევძელი, 1970 წელს მეხიკოში ყველა თამაშში მივიღე მონაწილეობა. ჩემთან ერთად ნაკრებში თამაშობდნენ რევაზ ძოძუაშვილი, კახი ასათიანი, მურთაზ ხურცილავა და გივი ნოდია. სპეციალისტები მაშინ ჩემს კანდიდატურას განიხილავდნენ „1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მეკარის“ ტიტულისთვის, მაგრამ ურუგვაისთან თამაშში მთავარი არბიტრის გამიზნულმა შეცდომამ ჩემს დამსახურებებს ხაზი გადაუსვა და საუკეთესოდ სხვა აღიარეს.
- მწვრთნელად მუშაობა როდის დაიწყეთ?
- 1971 წლის ბოლოს ბუცები ლურსმანზე ჩამოვკიდე, ხელთათმანები სპორტის მუზეუმს გადავეცი და მწვრთნელობა დავიწყე. ქუთაისის კომპარტიის ქალაქკომის პირველი მდივნის, ბატონი ოთარის (მის გვარს შეგნებულად არ ვასახელებ) შემოთავაზება მივიღე და ადგილობრივი კლუბი „ტორპედო“ ჩავიბარე. ამბიციური მიზანი დავისახეთ – გუნდი უმაღლეს ლიგაში გაგვეყვანა. მე, როგორც უმაღლესი დონის პროფესიონალს შეეფერება, ამის პირობა დავდე. ჩემი მხრიდან ასეთი პირობები წამოვაყენე: არ ჩარეულიყვნენ სასწავლო-სავარჯიშო პროცესში, მოეცათ ჩემთვის მოთამაშეების არჩევის უფლება, უპირობო დისციპლინა შეენარჩუნებინათ და ღირსეული ანაზღაურება მიეცათ ფეხბურთელებისა და მათი ოჯახებისთვის. და, აი, უკვე 1972 წელს ჩემი ხელმძღვანელობით ქუთაისის „ტორპედო“ სსრკ-ის პირველი ლიგის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა. რვა გამარჯვების შემდეგ გუნდმა ყველა მონაწილეს გაუსწრო. დასახული მიზნის მისაღწევად ყველაფერი გვქონდა – გუნდი დაკომპლექტებული იყო ტექნიკური, საქმის მცოდნე და ფიზიკურად მშვენივრად მომზადებული მოთამაშეებით. ამასთან, გვქონდა რკინისებრი დისციპლინა. ასეთ კოლექტივთან მუშაობა კარგად და დიდხანს შეიძლებოდა, მაგრამ...
© courtesy of Anzor Kavazashviliპელესთან ერთად - ფოტო ძველი საგაზეთო სტატიიდან
პელესთან ერთად - ფოტო ძველი საგაზეთო სტატიიდან - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2021
პელესთან ერთად - ფოტო ძველი საგაზეთო სტატიიდან
- მაგრამ აღმოჩნდა ხალხი, ვისაც განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა?
- დიახ, როგორც ჩანს, პარტიულ ფუნქციონერებს თავისებურად ესმოდათ ის, თუ რას ნიშნავს უხელმძღვანელო სპორტულ გუნდს... ქუთაისში ტარდებოდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მორიგი, რიგით მეცხრე ტური. პერმის გუნდს, „ზვეზდას“ ვმასპინძლობდით. თამაშის დაწყებამდე ჩვენთან გასახდელში ლეგენდარული ფეხბურთელი და მოსკოვის „დინამოს“ მწვრთნელი ვსევოლოდ ბლინკოვი შემოვიდა. გულთბილი ჩახუტების შემდეგ ვკითხე, რა მიზნით ჩამოხვედი–მეთქი. მისმა პასუხმა თავზარი დამცა: „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი ვარ და ქუთაისში ცოლთან ერთად, ქალაქკომის პირველი მდივნის, ბ-ნ ოთარის მოწვევით ჩამოვფრინდიო. უდიდესი ნებისყოფა დამჭირდა, საკუთარი თავი რომ ხელში ამეყვანა. ჩემმა ბიჭებმა მეტოქე 3:0 გაანადგურეს, მე სამთავარობო ლოჟისკენ გავემართე ვითარებაში გასარკვევად, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ყველა ხელმძღვანელი სადღაც გამქრალიყო. არც სატელეფონო ზარებზე მიპასუხა ვინმემ. ისღა დამრჩენოდა, გუნდს დავმშვიდობებოდი, გუდა-ნაბადი ამეკრა და აეროპორტში წავსულიყავი. თუმცა მოსკოვში ფრენა დილამდე არ იყო და მოსაცდელი დარბაზის სავარძელში დამეძინა. აეროპორტის უფროსმა და ქალაქკომის ჩინოსანმა გამაღვიძეს. ხანგრძლივი კამათის შემდეგ დამარწმუნეს, რომ გუნდში დავბრუნებულიყავი და მხარი დამეჭირა ბლინკოვისთვის, როგორც მწვრთნელის დამხმარეს. სანაცვლოდ დამპირდნენ, ყველა ფეხბურთელს გაზრდილ ერთჯერად ჰონორარს მივცემთ, შენ კი ფულის ტომარასო. მხოლოდ იმ პირობით დავბრუნდი, რომ ბატონი ოთარი საკუთარი საქციელის მიზეზს ამიხსნიდა. მოვლენებს გავუსწრებ და გეტყვით, რომ კლუბში ჩემი 40-დღიანი ყოფნის მანძილზე ის თავს მარიდებდა.
- თუ შესრულდა დანაპირები?
- დიახ, დაპირებული ფულის ტომარა მართლაც ჩამომიტანეს, ბიჭებს პრემიალურებიც გადაუხადეს, თითქოსდა, ცხრა გამარჯვების სანაცვლოდ. სინამდვილეში გუნდის გაფიცვის შეეშინდათ. იმის გამო, რომ ბლინკოვმა ფეხბურთელებთან კონტაქტს ჩამომაშორა, სევდიანად ვუყურებდი როგორ იშლებოდა ერთ დროს შეკრული, წარმატებული გუნდი. დაიწყო მთვრალი ორგიები, დისციპლინა მოირყა. ძირითადი მეკარის ტრავმის მერე დამარწმუნეს რამდენიმე თამაშში მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ გუნდს ამან ვერ უშველა. ბლინკოვისა და მისი ცოლის ხელმძღვანელობით გუნდი სატურნირო ცხრილის ბოლოს მოექცა და მეათე ადგილი დაიკავა. ამბობენ, ასეთი ჩავარდნის მერე გულშემატკივრებმა საპროტესტო მარში მოაწყვესო. ქალაქის უმაღლესმა პარტიულმა ხელმძღვანელებმა და ბლინკოვმა, თავის ოჯახის წევრებიანად, თანამდებობები დაკარგეს. პირველი წრის დასრულების შემდეგ სტუმართმოყვარე და სახელოვანი ქუთაისი გულისტკივილით დავტოვე. 1973 წელს „სპარტაკის“ მეორე ლიგის გუნდის მთავარ მწვრთნელად დავინიშნე. სამი წლის მერე კი წარმატებული საქმიანობისთვის საბჭოთა კავშირის სპორტის სამინისტრომ ჩადის რესუბლიკის ნაკრები გუნდის მწვრთნელ-კონსულტანტად მიმავლინა. მერე იყო გვინეის რესპუბლიკის ნაკრებთან მუშაობა.
© courtesy of Anzor Kavazashviliანზორ კავაზაშვილი და პელე
ანზორ კავაზაშვილი და პელე - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2021
ანზორ კავაზაშვილი და პელე
- ბატონო ანზორ, როგორ ფიქრობთ, რა უფრო მეტი იყო თქვენს ცხოვრებაში - სიხარული თუ იმედგაცრუება?
- ერთიც საკმარისი იყო და მეორეც... ცხოვრებაში ყოველთვის დადებით ემოციებს ვეძებ. ღმერთმა და მშობლებმა დამაჯილდოვეს ნათელი გონებით, განსჯის უნარით და ადამიანებისადმი ნდობით. ასაკთან ერთად ურთიერთობებში სიბრძნეც მოვიდა, ქმედებებში – თავშეკავება. უარს არასოდეს ვამბობდი ვინმეს დახმარებაზე, ჩემი სამეგობრო წრე მაფასებს და მენდობა. არჩეული ვიყავი სრულიად რუსეთის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტად, სადაც ახლაც ვმუშაობ. ვარ რუსეთის ფეხბურთის კავშირის ეთიკის კომიტეტის წევრი. დამაჯილდოვეს „ღირსების ნიშნით“ და „ქვეყნის წინაშე დამსახურების“ მეორე ხარისხის მედლით. გულშემატკივრები დღესაც მეხმიანებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, იხსენებენ ძველ მატჩებს და ავტოგრაფს მთხოვენ. მიყვარს ჩემს ოჯახთან, მეუღლესთან და ქალიშვილთან, ვარვარასთან ერთად თურქეთში, საბერძნეთსა და იტალიაში დასვენება.
- ვიცი, რომ დღეს საუბარია თბილისში თქვენი და კიდევ სამი ქართველი ფეხბურთელის სკულპტურული კომპოზიციის დადგმაზე...
- 2014 წელს ერთმა კარგმა ქართველმა, ნიკოლოზ პატარქალიშვილმა შემოგვთაზავა თბილისში ფეხბურთის საერთაშორისო ტურნირის ჩატარების იდეა მასში საქართველოს, ბრაზილიის, არგენტინის, ურუგვაისა და რუსეთის ნაკრები გუნდების მონაწილეობით. ამას გარდა შემუშავდა პროექტი – გაკეთებულიყო ოთხი ფეხბურთელის გიორგი სიჭინავას, სლავა მეტრეველის, ანზორ კავაზაშვილისა და მიხეილ მესხის სკულპტურული კომპოზიცია. მას 1965 წელს საბჭოთა კავშირისა და ბრაზილიის ნაკრები გუნდების ამხანაგური მატჩის შემდეგ პელესთან ერთად გადაღებული ფოტო დაედო საფუძვლად. ქანდაკების შექმნის პროექტი ყველა ინსტანციასთან იყო შეთანხმებული, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება დღემდე არ არის მიღებული. არადა, სამწუხაროა...
© courtesy of Anzor Kavazashviliანზორ კავაზაშვილი ახლობლებთან ერთად
ანზორ კავაზაშვილი ახლობლებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2021
ანზორ კავაზაშვილი ახლობლებთან ერთად
- თქვენს მშობლიურ ქალაქში კარგად ახსოვთ ცნობილი თანამემამულის სპორტული წარმატებები და დამსახურებები, რამდენიმე წლის წინ „ბათუმის საპატიო მოქალაქის“ წოდება მოგანიჭეს...
- მინდა მადლობა გადავუხადო აჭარის მოქალაქეებს, რომლებიც გამოვიდნენ ინიციატივით, რომ მომენიჭოს „ბათუმის საპატიო მოქალაქის“ წოდება, 2012 წელს მე მივიღე გადაწყვეტილება ჩემი, როგორც ბათუმელის დამსახურებების აღიარების შესახებ. 2020 წელს კი საინიციატივო ჯგუფმა აჭარის მცხოვრებთა 3000-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა. მათ შორის ქართული ფეხბურთის ვეტერანებიც არიან. ისინი ითხოვენ ბათუმის ფეხბურთის ახალ სტადიონს ლეგენდარული მეკარის ანზორ კავაზაშვილის სახელი მიენიჭოს. თუმცა გარკვეული დროის მერე ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველოს კანონში მითითებულია – გარკვეული ობიექტისთვის მოქალაქის სახელის მინიჭება მხოლოდ მისი გარდაცვალებიდან ოცი წლის მერე არის შესაძლებელიო...
- შარშან 14 ივლისს თქვენი საიუბილეო თარიღი იყო...
- ჩემი 80 წლის იუბილე მინდოდა მოსკოვში ფართოდ და საჯაროდ აღმენიშნა. 50 მოსაწვევი დავაგზავნე ახლობლებსა და მეგობრებთან, მაგრამ პანდემიამ ჩემი გეგმები ჩაშალა. თუმცა ესპანეთში მცხოვრებმა მეგობარმა და ფინანსისტმა ვლადიმერ ბენაშვილმა ათი მეგობარი მაინც შეგვკრიბა მოსკოვში, თავის რესტორანში У трех вокзалов. ასე რომ, ჩემი იუბილე მაინც აღვნიშნეთ. წელს დაბადების დღეზე მილოცვას მარტო ტელეფონით ვიღებდი. მართალია, 81-ის ვარ, უახლოეს დროში ახლობლებისა და მეგობრების დატოვებას არ ვაპირებ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ყველა იმ კეთილისმსურველს, ვინც სტადიონზე ჩემი სახელის უკვდავყოფას მოაწერა ხელი. ვამაყობ იმით, რომ საფეხბურთო გამარჯვებების ისტორიაში ჩემი და ჩემი ქვეყნის, საქართველოს სახელის ჩაწერა შევძელი. მადლობა ქართველ ხალხს სიყვარულისა და კეთილი ხსოვნისთვის!..
ყველა ახალი ამბავი
0