ვინ გაიმარჯვებს არჩევნებზე: „ქართულმა ოცნებამ“ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა

© Sputnik / Alexander Imedashvili„ქართული ოცნების“ ოფისი
„ქართული ოცნების“ ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2021
გამოწერა
ოპოზიციის წარმომადგენლები მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ ენდონ ამ კვლევის შედეგებს და არჩევნებს დაელოდონ.
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ ადგილობრივი არჩევნების წინ გამოაქვეყნა პარტიის მიერ ქუთაისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები.
კვლევის შედეგები საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას „ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა გივი მიქანაძემ გააცნო. გამოკითხვის შედეგები ასეთია:
  • „ქართული ოცნება“ – 44,7%
  • „ნაციონალური მოძრაობა“ – 32,6%
  • „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,1%
  • „საქართველოსთვის“ – 2,9%
  • „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2,6%
  • „გირჩი - მეტი თავისუფლება“ – 2,5%
  • „ლელო“ – 2,3%
  • „ევროპული საქართველო“ – 2,2%
  • „მოქალაქეები“ – 1,5%
  • „ლეიბორისტული პარტია“ – 1,5%
  • „გირჩი“ – 0,4%
  • „ერთიანი საქართველო“ – 0,4%
  • სხვა პარტიები - 3,3%
მიქანაძის თქმით, გამოკითხვაში 987 რესპონდენტი მონაწილეობდა.
„ქუთაისში საკრებულოს არჩევნები ასეთი შედეგებით რომ დასრულდეს, სამპროცენტიან ბარიერს მხოლოდ სამი პოლიტიკური სუბიექტი გადალახავს და 28 მანდატი შემდეგნაირად გადანაწილდება: „ქართული ოცნება“ – 16 მანდატი; „ნაციონალური მოძრაობა“ 11 მანდატი; „პატრიოტთა ალიანსი“ – ერთი მანდატი“, – განაცხადა მიქანაძემ.
გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ კვლევის შედეგები ქუთაისის მერის პოსტზე ასე გამოიყურება:
  • იოსებ ხახალეიშვილი („ქართული ოცნება“) – 50,3%
  • ხატია დეკანოიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) – 37,8%
  • სხვა კანდიდატები – 11,9%

ოპოზიცია კვლევას არ ენდობა

ოპოზიციის წარმომადგენლები აღნიშნული კვლევის შედეგებს არ ენდობიან.
„ერთი თვეა დარჩენილი არჩევნებამდე და ყველანი, ჯობს, არჩევნებს დაველოდოთ, ვიდრე „ქართული ოცნების", „ნაციონალური მოძრაობის" და სხვათა კვლევებით ვიხელმძღვანელოთ, რადგან ვიცით, რომ ყველა შემკვეთი კვლევას ისე უკვეთავს, რომ საბოლოო ჯამში მას აწყობდეს შედეგი“, – განუცხადა პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ტელეარხ „რუსთავი2“-ს.
„არანაირი ნდობა ამ კვლევას არ აქვს, რადგან ჩვენ ვხედავთ მიზანმიმართულ, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას მოსახლეობაზე. ეს რომ ახლოს იყოს რეალობასთან და 60 და 70 პროცენტები ჰქონდეთ, 43%-იანი შეთანხმებიდან რატომ გავიდნენ? იმიტომ, რომ 30%-ზე მეტ ხმებს ვერ აგროვებენ ვერც ერთი კვლევით“, – განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტსაბჭოს წევრმა სერგო ჩიხლაძემ.
მანამდე მმართველმა პარტიამ უარი თქვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შეთანხმებაზე და, შესაბამისად, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც იმ შემთხვევაში უნდა ჩატარებულიყო, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 43%-ს ვერ დააგროვებდა.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში მონაწილეობას 50 პარტია იღებს. კანდიდატების ოფიციალური რეგისტრაციის ვადა 8 სექტემბერს მთავრდება.
ყველა ახალი ამბავი
0