ამოცანა შესრულებულია: ავღანეთში დარჩენილი საქართველოს ყველა მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა

© REUTERS / US MARINESევაკუაცია ავღანეთიდან
ევაკუაცია ავღანეთიდან - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2021
გამოწერა
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც იმყოფებოდა ავღანეთში და დახმარებას ითხოვდა, ქაბული უკვე დატოვა - საუბარია სულ 24 ადამიანზე
თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. ავღანეთში დასაქმებული საქართველოს 16 მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა. იუწყება „პირველი არხი“.
რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამთენიისას შესრულდა.
საქართველოს 16 მოქალაქე ქაბულიდან ევაკუაციის შემდეგ ბრიტანეთის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა.
ისინი თვითმფრინავით ჯერ დუბაიში ჩაფრინდნენ, თბილისში კი პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გამო ლონდონის გავლით ჩამოფრინდნენ.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნება პარტნიორი ქვეყნების დახმარებით მოხერხდა.
„კავშირზე ვიყავით დამსაქმებელ კომპანიასთან როგორც კანადაში, ასევე ლონდონის ოფისთან, რომელიც ფარავს ავღანეთს. ძირითადად, ჩვენი პარტნიორები იყვნენ ამერიკელები, ბრიტანელები, უნგრელები და თურქები. თითოეულ მათგანს მინდა, მადლობა გადავუხადო იმ დახმარებისთვის, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოდ ჩამოყვანის საქმეში გაწიეს. რა თქმა უნდა, ეს დეტალები ღიად არ ჩანს, მაგრამ ძალიან დიდი საქმე და სამუშაოა გაწეული. რაც მთავარია, ამოცანა შესრულებულია, ყველა უვნებელი და ჯანმრთელი დაბრუნდა საქართველოში და დაუბრუნდა თავის ოჯახებს“, - განახადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2021
საქართველოს ორი მოქალაქე ავღანეთიდან გერმანიისა და პოლონეთის გავლით სამშობლოში დაბრუნდა
აეროპორტში იმყოფებოდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რევაზ ჯაველიძეც. მან მადლობა გადაუხადა პარტნიორ ქვეყნებსა და საქართველოს საგარეო უწყებას ქაბულიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანის პროცესის წარმატებით დასრულებისთვის.
ამ დროისათვის ავღანეთის ტერიტორიაზე საქართველოს არც ერთი მოქალაქე აღარ რჩება. 24-ვე პირი უკვე საქართველოშია.
გუშინ საქართველოს ორი მოქალაქე ავღანეთიდან გერმანიისა და პოლონეთის გავლით სამშობლოში დაბრუნდა. მანამდე, 18 აგვისტოს ავღანეთიდან საქართველოში ასევე დაბრუნდა ამერიკულ კომპანიაში კერძო კონტრაქტით დასაქმებული ექვსი მოქალაქე — ისინი თბილისში უნგრეთიდან სპეციალური რეისით ჩამოფრინდნენ.
ავღანეთში ვითარება რამდენიმე კვირის წინ მკვეთრად გამწვავდა ქვეყნიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის ფონზე. რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ქვეყნის დიდ ქალაქებს შეუტია, ხოლო კვირას, 15 აგვისტოს ქაბულში შევიდა და ქალაქი დაიკავა. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, ის ამჟამად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება. კვირა-ორშაბათის ღამით „თალიბანის“ პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ „ომი ავღანეთში დასრულებულია“. „თალიბანში“ აღნიშნავენ, რომ მოძრაობა მალე გამოაცხადებს ავღანეთის ისლამურ საამიროს. ასე ეწოდებოდა ავღანეთის ტერიტორიაზე 1996-2001 წლებში არსებულ ნაწილობრივ აღიარებულ სახელმწიფოს, რომელსაც თალიბები მართავდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0