ხუთი ყველაზე ეგზოტიკური ტურისტული ობიექტი საქართველოში

© photo: Shaori Chalet / FBეგზოტიკური კოტეჯი
ეგზოტიკური კოტეჯი - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2021
გამოწერა
სასტუმროები, რომლებსაც ამ სტატიაში გაგაცნობთ, ბუნების, ეგზოტიკის და თავგადასავლების მოყვარულ ადამიანებზეა გათვლილი. ნახეთ და აირჩიეთ, სად გაატარებდით ზაფხულის ცხელ დღეებს თქვენთვის ძვირფას ადამიანთან ერთად.
აქ წარმოდგენილი თითოეული ობიექტის ფასი (ერთი ღამე) საშუალოდ 150-დან 350 ლარამდე მერყეობს, მოთხოვნა კი საკმაოდ მაღალია.
ზღვარი – ჰობიტონი
უკვე რამდენიმე თვეა ადამიანების გული დაიპყრო ხავსით დაფარულმა რაჭულმა ჰობიტონმა, რომელიც მნახველს გულგრილს არ ტოვებს და ნამდვილი ჰობიტონის ანალოგია. კოტეჯი ამბროლაურში, სოფელ კრიხისკენ მიმავალ გზაზე, ბერდიას ტბის პირას მდებარეობს. პროექტის ავტორი თეკლა დავითულიანია.
კოტეჯიდან ტბის ულამაზესი ხედი იშლება, გარს კი საოცარი ტყე აკრავს. სუთა ჰაერი, სიმშვიდე, სიმყუდროვე, ეგზოტიკური გარემო, კეთილმოწყობილი ინტერიერი – სხვა რა უნდა ინატრო ადამიანმა?!
„ამჯერად კოტეჯები წყვილზეა გათვლილი, თუმცა 4 ადამიანის მოთავსების შესაძლებლობაც გავთვალეთ. ფასი წყვილის შემთხვევაში ერთი ღამით 200 ლარი, 4 ადამიანზე კი 250 ლარი იქნება. ტბაში ლიფსიტები უკვე გავუშვით, სექტემბრიდან კიდევ უფრო მეტი თევზის დამატებას ვფიქრობთ და აქაურობას სხვა რეკრეაციულ სერვისებსაც შევმატებთ“, – ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში დავითულიანი.
SHAORI CHALET
შაორის ტბაზე აგებული კოტეჯია. 13 კვადრატული მეტრი ფართობის კოტეჯი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, არის სველი წერტილი, სამზარეულო, საძინებელი. სპეციალურად აგებული კონსტრუქცია საშუალებას იძლევა ტბის გაყინვის შემთხვევაში სახლი ტყის პირას გადაადგილდეს.
აქ ერთი ღამის ღირებულება 350 ლარია, რაშიც საუზმე შედის. ასევე სასტუმრო „შაორიდან“ ნებისმიერ დროს შესაძლებელია საკვების გამოძახება, რომლის მიტანაც უფასოა. კოტეჯს მეთვალყურეობას უწევს და ემსახურება 4 ადამიანი. მსგავსი ტიპის კოტეჯი საქართველოში ერთადერთია. Shaori Chalet-ის დამფუძნებელი ვახტანგ იაშვილია.
Hill Inn • ჰილლ ინნ – სახლი ხეზე
„სახლი ხეზე“ ის საოცნებო ადგილია, რომელში ცხოვრებასა და თავბრუდამხვევი თავგადასავლების გადახდენაზე  ბავშვობაში არაერთ ჩვენგანს უოცნებია. Hill Inn • ჰილლ ინნ ქედაში, სოფელ დანდალოში, ქვემო და ზემო აჭარის გამყოფ ზონაში მდებარეობს. ეს არის პროექტი, რომელიც მაქსიმალურად ერგება ადგილობრივ გარემოს და ხის სახლთან ერთად კარვის ტიპის ნომრებსაც სთავაზობს სტუმრებს.
„ხეზე სახლის“ სტუმარებს საშუალება აქვთ ნომრიდან გაუსვლელად დატკბნენ ბუნების პანორამული ხედით. სახლი უზრუნველყოფილია აბაზანით და სამზარულო ინვენტარით. სახლს აქვს ვერანდა, სადაც დამსვენებელს შესაძლებლობა აქვს მუსიკის ფონზე ივახშმოს და საყვარელ ადამიანებთან ერთად ისეთი დრო გაატაროს, რომელიც არასდროს დაავიწყდება.
Glamping Georgia
Glamping Georgia ერთ-ერთია ქართულ სასტუმროებს შორის, რომელიც მომხმარებლებს სრულიად განსხვავებულ და საინტერესო კონცეფციას სთავაზობს. „გლემფინგი“ ბუნებაში სპეციალურად აგებულ კომფორტულ კარავს ან კოტეჯს ნიშნავს. აღნიშნული განსაკუთრებით პოპულარულია ევროპის ქვეყნებში და ახლა უკვე ფეხი მოიკიდა საქართველოშიც.
სასტუმრო ცოლ-ქმრის – გიორგი ისაკაძისა და თამარ ანსიანის იდეით შეიქმნა. დღეს ის უამრავ ვიზიტორს მასპინძლობს. სასტუმრო მდებარეობს რაჭაში, ამბროლაურიდან 2 კმ-ში, სოფელ კრიხში. ნომრის ღირებულება 160 ლარიდან იწყება და 300 ლარამდე მერყეობს.
„ჩვენ შევქმენით ადგილი, სადაც ბუნება მაქსიმალურად ხელუხლებელია და სტუმრებს საშუალება აქვთ შეიგრძნონ ის ისეთი, როგორიც სინამდვილეშია“, – ამბობს გიორგი ისაკაძე.
Eco House Merisi - ეკო სასტუმრო მერისი
მნახველზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს კლდეზე დაკიდებული კოტეჯი აჭარაში, რომელიც ბათუმიდან 50 კილომეტრის დაშორებით, სოფელ მერისში მდებარეობს. „ეკო სასტუმრო მერისიდან“ ბუნების ულამაზესი, ეგზოტიკური ხედი იშლება. სასტუმრო გასულ წელს გაიხსნა და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
თავის დროზე ადგილობრივები სკეპტიკურად უყურებდნენ კოტეჯის აშენების იდეას, თუმცა შედეგმა მოლოდინს ბევრად გადააჭარბა. სასტუმროში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს კლდეზე გადაკიდებული მინის საძინებელი, ჯაკუზი და ჰამაკი. კოტეჯში ჯერჯერობით ოთხი ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. მომავალში პარტნიორები გეგმავენ რამდენიმე კოტეჯის აშენებას.
სასტუმროში ერთი ღამის ღირებულება 1-2 ადამიანისთვის – 250 ლარი, ხოლო 3-4 ადამიანისთვის – 300 ლარი ღირს. ადგილზე ფუნქციონირებს საოჯახო სამზარეულო და მარანი, სადაც სტუმრებს შეუძლიათ აჭარული სამზარეულოს დაგემოვნება და მასპინძელი ოჯახის მიერ დაყენებული ჩხავერის, ცოლიკაურის და ჭაჭის გასინჯვა.
ყველა ახალი ამბავი
0