მსოფლიოს ხუთი ყველაზე ძვირადღირებული კატა

CC BY 2.0 / Austin White / More Leo!მეინ-კუნი
მეინ-კუნი - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2021
გამოწერა
კატები მსოფლიოში ყველაზე პოპულარული შინაური ცხოველები არიან. მათი მოვლა უფრო ადვილია, მათ ისეთი ყურადღება და მზუნველობა არ სჭირდებათ, როგორც, მაგალითად, ძაღლებს. მოკლედ, დაკავებული ხალხისთვის ისინი მართლა დიდებული შინაური ცხოველები არიან.
დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ მსოფლიოს ხუთ ყველაზე ძვირადღირებულ კატას. მათი სიძვირე ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგალითად, ნაყოფიერების დაბალ მაჩვენებელზე, იშვიათობაზე ან პოპულარობაზე.
5. სპარსული კატა (Persian Cat)
ფასი – 4.000$–5.000$
სპარსული კატა მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი კატაა, ის ცნობილია მე-17 საუკუნიდან. ირანიდან მის შემოყვანას ევროპაში იტალიელ არიტროკრატსა და მოგზაურს პიეტრო დელა ვალეს მიაწერენ.
ცნობილია თავისი ფართო და ბრტყელი სახით, მრგვალი თვალებით, გრძელი გაფანტული ბეწვითა და მსუქანი ლოყებით. გვხვდება სხვადასხვა შეფერილობის.
სპარსული კატები ძალიან ზარმაცები არიან. ამ ფუმფულა ფისოებს შეუძლიათ დღეში 20 საათზე მეტი იძინონ და ბევრი თამაშიც არ უყვართ სხვა კატებისგან განსხვავებით.
4. სფინქსი (The Sphynx)
ფასი – 5.000$–9.800$
არ აქვს ბეწვი? რა პრობლემაა! სფინქსის კატა, რომელიც მსოფლიოში ცნობილია ერთ-ერთ ყველაზე ეგზოტიკურ ჯიშად, საკმაოდ ძვირადღირებულია, რადგან ძნელად მოიძებნება და სუფთა ჯიშია.
ეს კატა ცნობილია თავისი გასაოცარი გარეგნობით, არის ძალიან მგრძნობიარე და პატრონისგან მოშორებას ძალიან განიცდის. ყოველთვის ცდილობს მიიქციოს პატრონის ყურადღება და ამას ძალიან ხმაურიანად აკეთებს.
სხვა კატებისგან განსხვავებით, მას კანზე ბეწვი არ ამოსდის, მაგრამ სხეული თხელი ღინღლით აქვს დაფარული. სფინქსის მგრძნობიარე კანი სპეციალურ შამპუნს მოითხოვს რეგულარული აბაზანებისთვის (მათ თავისი ცხიმიანი კანის გამო ყოველდღე სჭირდებათ დაბანა) და ისინი საკმაოდ ადვილადაც ცივდებიან.
სფინქსის ჯიშის კატამ უნდა გაიაროს გულის ყოველწლიური გამოკვლევა. ასევე ხშირად უღიზიანდებათ ნაწლავი.
სფინქსი საქართველოში, ქუჩაში რომ გავუშვათ, მაქსიმუმ ერთი კვირა იცოცხლოს თავისი კანიდან გამომდინარე.
3. ბენგალური კატა (The Bengal)
ფასი – 10.000$–25.000$
ბენგალური კატა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, ძვირადღირებული კატაა მსოფლიოში.
ბენგალური კატა ეგვიპტური მაუსა და აზიური ლეოპარდის ჰიბრიდია. მას უნიკალური მახასიათებლები აქვს, როგორებიცაა კუნთოვანი აღნაგობა, დიდი, მრგვალი თვალები, ატლასივით სრიალა ბეწვი და ულამაზესი მოხატულობა. მისი შეფერილობა სხვადასხვანაირია. გვხვდება ყავისფერი, ნაცრისფერი, შავი ან თეთრი.
ამ ენერგიულ კატებს, სხვებისგან განსხვავებით, ძალიან უყვართ წყალი და თამაში. მათ პატრონებს უწევთ დამატებითი სათამაშოები და გასართობები მოიმარაგონ სახლში, რათა მათმა ოთხფეხა მეგობარმა ენერგია სრულად დახარჯოს.
2.  სავანის კატა (The Savannah)
ფასი – 10.000$–50.000$
სავანის კატა მსოფლიოში მეორე ყველაზე ძვირადღირებული კატაა, ასევე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კატაა და გინესის რეკორდების წიგნშიც დაიკავა საპატიო ადგილი.
სავანის კატის ყოლა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში აკრძალულია, რადგან შინაურ ჯიშად არ ითვლება. გასული საუკუნიდან მოყოლებული მათ მოშინაურებას ცდილობენ, მაგრამ ცნობილია, რომ კვლავ ძნელია მათი დამორჩილება და ისევ სიამოვნებით მიირთმევენ უმ ხორცს. ასევე ვერ იტანენ უცხო ადამიანებს.
როდესაც სავანის კატა სათანადო სოციალიზაციას გაივლის, ავლენს ძაღლის მსგავს თვისებებს, აქვს უზარმაზარი ენერგია და ურთიერთობისთვის სჭირდება აქტიური ადამიანი.
კატის ეს ჯიში ცნობილია ნაყოფიერების დაბალი მაჩვენებლით, რაც განსაზღვრავს კიდეც მის სიძვირეს. კვლევებით დადგინდა, რომ სავანის ხვადი კატა მეექვსე თაობის შემდეგ უნაყოფოა და არც დაწყვილების იგივე ინსტიქტი აქვს, რას სხვა კატებს.
1. აშერას კატა (Ashera Cat)
ფასი – 125.000$-ის ზემოთ
აშერას კატა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური და ძვირადღირებული შინაური კატაა. ბენგალური კატების მსგავსად, მისი ჯიშიც აზიური ლეოპარდისგან გამოიყვანეს.
ის არის უკიდურესად იშვიათი ჯიში და ბევრად აღემატება ჩვეულებრივ შინაურ კატას – მისი სიმაღლე მეტრ-ნახევარს აღწევს, წონა კი 12-დან 15 კილოგრამამდე მერყეობს.
2006 წლიდან დღემდე მხოლოდ 100-მდე აშერას ჯიშის კატა გაიყიდა.
 
 
ყველა ახალი ამბავი
0