ცნობილი გახდა კახეთში მომხდარი სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები

© Sputnik / Alexander Imedashviliკრიმინალური პოლიცია
კრიმინალური პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2021
გამოწერა
მხარეებს შორის კონფლიქტი წინანდლის ტყის მიმდებარედ, ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე მოხდა, სადაც ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური მის ძმასთან ზვიად ზვიადაურთან და ორ თანმხლებ პირთან ერთად იმყოფებოდა.
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. კახეთში, წინანდალში ოლიმპიური ჩემპიონის, ახმეტის ყოფილი მაჟორიტარის ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური და კიდევ ორი მამაკაცი ორმხრივ დაპირისპირებას ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
სისხლიანი დაპირისპირებისას კიდევ ორი მამაკაცი დაიჭრა.
„რუსთავი 2“-ის ცნობით, მხარეებს შორის კონფლიქტი წინანდლის ტყის მიმდებარედ, ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე მოხდა, სადაც ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური მის ძმასთან ზვიად ზვიადაურთან და ორ თანმხლებ პირთან ერთად იმყოფებოდა.
მხარებს შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა და ორმხრივი სროლით დასრულდა. შედეგად დაიღუპნენ ზვიად ზვიადაური და მისი ერთ-ერთი თანმხლები მამაკაცი, ხოლო მესამე მოკლული მათთან დაპირისპირებული ერთ-ერთი მამაკაცია.
ზურაბ ზვიადაური - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2020
ახალი დეტალები ზურაბ ზვიადაურის დაჭრაზე – ცნობილი ხდება მოტივი
ტელეკომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული სამი მამაკაცი (საავადმყოფოში მიყვანისას სამივე უკვე გარდაცვლილი იყო) თელავის რეფერალურ საავადმყოფოში დაცხრილული მანქანით მიიყვანა კონფლიქტში მონაწილე ერთ-ერთმა მამაკაცმა.
ექიმების ცნობით, სამივე მოკლულს აღენიშნებოდა როგორც ცეცხლსასროლი იარაღით, ასევე ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები.
ტელეკომპანია „პირველი არხის“ ცნობით, მათ ცხედრებს გურჯაანში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.
რაც შეეხება შემთხვევის შედეგად დაჭრილ ორ მამაკაცს, ისინი ყამბარაშვილის კლინიკაში არიან მოთავსებული, სადაც შესაბამისი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდათ.
„ორი მამაკაცი თვითდინებით შემოვიდა. მათ, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული დაზიანებები ქვედა კიდურებზე აღენიშნებათ, რომელიც დაუმუშავდათ და ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდათ“, – განაცხადა ექიმმა რატი ტურაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, დაჭრილთაგან ერთი, 46 წლის მამაკაცი ბინაზე, ხოლო 29 წლის მამაკაცი სტაციონარში გააგრძელებს მკურნალობას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის გამოკითხვაზე იმყოფება ზურაბ ზვიადაური და სხვა პირები. ტელეკომპანიის ინფორმაციით, სისხლიან გარჩევაში 15-მდე პირი მონაწილეობდა.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ყველა ახალი ამბავი
0