„დაიმახსოვრეთ მისი სახელი!“ - გიორგი მამარდაშვილი „ღამურებს“ გმირად მოევლინა

© photo: Valencia C.F / FBგიორგი მამარდაშვილი
გიორგი მამარდაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.08.2021
გამოწერა
გიორგი მამარდაშვილმა „ხეტაფესთან“ შეხვედრაში სულ ხუთი „სეივი“ მიითვალა, აქედან ყველაზე გამოსარჩევი და ეფექტური მატჩის 93-ე წუთზე მოგერიებული ბურთია.
თბილისი, 14 აგვისტო - Sputnik. ესპანეთის „ლა ლიგას“ პირველივე ტურში „ვალენსიას“ ძირითად შემადგენლობაში ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი გამოჩნდა და შესანიშნავი შეხვედრაც ჩაატარა.
ესპანეთის ჩემპიონატის ახალი სეზონი „ვალენსიასა“ და „ხეტაფეს“ შეხვედრით გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ მესტალიური კლუბის პირველი მეკარე იასპერ სილესენი თამაშისთვის მზად არ იყო და „ვალენსიას“ მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა ძირითად შემადგენლობაში სწორედ 20 წლის ქართველი მეკარე შეიყვანა. როგორც აღმოჩნდა, ესპანური კლუბის თავკაცი არ შემცდარა, რადგან გიორგის დებიუტი „ღამურების“ რიგებში ფანტასტიკური გამოდგა.
გიორგი მამარდაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2021
მამარდაშვილი „ლა ლიგაში“ ითამაშებს, ქეცბაიას „ანორთოსისი“ ორმა ქართველმა დატოვა
ახალგაზრდა ქართველმა კიპერმა პირველი „სეივი“ თამაშის 21-ე წუთზე შეასრულა, როდესაც დამიან სუარესმა ბურთი პირდაპირ მეკარისგან მარცხენა კუთხეში გაუშვა. გიორგი მეორედ საქმეში 35-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც არამბარის თავური დარტყმის მოგერიება უპრობლემოდ მოახერხა. გამომდინარე იქიდან, რომ „ვალენსია“ მატჩის მესამე წუთიდან მოყოლებული კაცნაკლული თამაშობდა და შეხვედრას მაინც იგებდა, „ხეტაფეს“ შეტევები უფრო და უფრო აგრესიული ხდებოდა. მეორე ტაიმში მამარდაშვილზე წნეხი გაიზარდა და ბოლო წუთებში მეტოქემ მასირებული შეტევები დაიწყო. მიუხედავად ამისა, გიორგი დამაჯერებლად იცავდა საკუთარ კარს, რაც შეხვედრის მიწურულს 93-ე წუთზე ურთულესი შესრულებული „სეივით“ დაამტკიცა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ გიორგი მამარდაშვილმა სეზონის სტარტზე „ღამურებს“ პირველი სამი ქულა აჩუქა.
მატჩის შემდეგ გიორგიზე უკვე ბევრი დაიწერა. მათ შორის საინტერესო სტატია გამოაქვეყნა ესპანურმა გამოცემამ Marca. სტატიის სათაური კი ასე გამოიყურებოდა -  „დაიმახსოვრეთ მისი სახელი: მამარდაშვილი - მესტალიას ახალი გმირი“.
საქებარი სიტყვები არ დაიშურა „ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა. ბორდალასმა აღნიშნა, რომ მან უკვე კარგად იცოდა გიორგის შესაძლებლობები და მისი წარმატებული დებიუტით გაკვირვებული არც დარჩენილა.
„მისი თამაშით გაკვირვებული არ ვართ, რადგან ვნახეთ, როგორ მუშაობს. ახალგაზრდაა, მაგრამ ძალიან კარგი ბიჭია. უნდა მივულოცოთ მას, როგორც დანარჩენებს. მოგებაში გიორგის მიერ შეტანილი წვლილი დიდი იყო“, - განაცხადა ხოსე ბორდალასმა.
გიორგი მამარდაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2021
გიორგი მამარდაშვილი UEFA-მ აღიარა - ქართველი მეკარე საუკეთესოთა შორისაა
„ვალენსია“ მომდევნო ტურში „გრანადას“ შეხვდება, სადაც გიორგი სავარაუდოდ კვლავ ძირითად შემადგენლობაში იქნება. აღსანიშნავია, რომ „გრანადას“ წინააღმდეგ მამარდაშვილს თბილისის „ლოკომოტივის“ შემადგენლობაში უკვე აქვს ნათამაშები.
აღსანიშნავია, რომ გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას ერთწლიანი იჯარით შეუერთდა, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ კი ვალენსიას მისი გამოსყიდვის უფლება ექნება. „ხეტაფესთან“ მატჩამდე ხოსე ბორდალასის გუნდმა რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა, სადაც „ვალენსიის“ კარს კვლავ მამარდაშვილი იცავდა. სეზონის დაწყებამდე ერთ-ერთი შეხვედრა „ღამურებმა“ იტალიური „მილანის“ წინააღმდეგ გამართეს, სადაც მამარდაშვილმა თავი რამდენიმე მომენტში კარგად წარმოაჩინა. შესაძლოა, სწორედ ეს იყო გადამწყვეტი მატჩი გიორგის კარიერაში, რის შემდეგაც მან ბორდალასის ნდობა დამსახურებულად მოიპოვა.
ყველა ახალი ამბავი
0