საქართველოში ტყის ხანძრების რისკი იზრდება

© Sputnik / Federal Forestry Agency / გადასვლა მედიაბანკშიხანძარი
ხანძარი - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2021
გამოწერა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და გაუფრთხილდნენ გარემოს.
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. მომდევნო კვირებში საქართველოში შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურა და უნალექო ამინდები, რის გამოც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
უწყების ცნობით, მაღალი ტემპერატურის ფონზე იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი.
„მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ“, – ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.
უწყება მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს, არ დაანაგვიანონ გარემო ადვილად აალებადი საყოფაცხოვრებო ნარჩენებით. დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს.
მიმდინარე წლის იანვრიდან ივლისის პერიოდში საქართველოში 6,3 ათასი ხანძარი გაჩნდა, რამაც 28 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
ხანძრების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სპეციალისტები ადამიანურ დაუდევრობას ასახელებენ.
 
ყველა ახალი ამბავი
0