ამბავი ქართველი ომის ღმერთებისა და ბირთვისის უთანასწორო ბრძოლისა

CC BY-SA 3.0 / Travelgeorgia / WIKI / Birtvisi fortressბირთვისის ციხის ერთ-ერთი კარი
ბირთვისის ციხის ერთ-ერთი კარი - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2021
გამოწერა
მემატიანე გვამცნობს, ცხოვრებაი ქართლისაი ხმლითა და სიტყვითა მოჭრილითა განისაზღვრებისო. ალექსანდრე დიუმა კი ქართველებს სულაც ომის ღმერთებს ადარებს. და ასეცაა.
საქართველოს იმდენი ომი აქვს გარდახდილი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისი ისტორია მართლაც სისხლითაა დაწერილი. ასეთი იყო ბრძოლა ბირთვისის ციხისთვის, რომელშიც, ერთი შეხედვით, ლოკალური ხასიათის მიუხედავად, მთელი ჩვენი ქვეყნის წარსული იკითხება. 
ქვემო ქართლის რეგიონს ოდითგანვე უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. ეს მხარე პირველი იღებდა მტრის დარტყმებს, შეუპოვარი წინააღმდეგობით ასუსტებდა მას და საქართველოს დანარჩენ რეგიონებს მომხდურთან საომრად უკეთ მომზადების საშუალებას აძლევდა. ამის საილუსტრაციოდ უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ მათ შორის ყველაზე გამორჩეული ადგილი უკავია ბირთვისისათვის გამართულ ბრძოლას, რომელიც საქართველოში თემურ ლენგის უკანასკნელ — მერვე ლაშქრობას უკავშირდება.
თემურ ლენგმა ბირთვისის ციხის აღება პირველად 1400 წელს, მეექვსე ლაშქრობის დროს სცადა, მაგრამ მაშინ ბირთვისელებმა მტერი უკუაქციეს. 1403 წლის გაზაფხულზე თემურლენგმა საქართველოს წინააღმდეგ მორიგი ლაშქრობა წამოიწყო. ის ამჯერად ყარსიდან მოადგა ჩვენს ქვეყანას — მოითარეშა ლორე და ქვემო ქართლში შეიჭრა — ბირთვისისკენ აიღო გეზი. 
იმ დროისათვის ციხეში 180 კაციანი ციხიონი იდგა, რომელსაც გამოცდილი მეომარი ლუარსაბ თორელი სარდლობდა. თავად ციხე მეტად მიუვალი და მიუდგომელი გახლდათ. ორ ღრმა, უძირო ხეობას შორის ცისკენ 150 წყრთაზე (დაახლოებით 75 მ) აზიდულ, ყოველი მხრიდან გაუვალ და ციცაბო კლდეებს შორის ციხემდე ერთადერთი ვიწრო და საცალფეხო ბილიკი მიდიოდა. სხვა მხრიდან იქ ასვლა შეუძლებელი იყო კიბის, თოკისა და სხვა დამხმარე საშუალებების გარეშე. ციხის მიმდებარე ტერიტორია უსწორმასწორო ხევებითა და ძნელად სავალი მთის კალთებით იყო დასერილი, სადაც ცხენი ფეხს ვერ იკიდებდა. 
წითელი ვარდი შავ-თეთრ ფონზე - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2020
შურისძიება ნამდვილ ქართულად, ანუ როცა ასეთი სიყვარულია
ლუარსაბ თორელმა ციხე კიდევ უფრო გაამაგრა და კიდევ მეტად მიუდგომელი გახადა. დროული თადარიგი დაიჭირა სარდალმა — ციხეში სასმელი წყალი, ღვინო, ხორბალი, ღორის კოლტი და ცხვრის ფარა მოამარაგებინა მეციხოვნეებს. ბირთვისი ხანგრძლივი ალყისათვის მოემზადა. 
1403 წლის 8 ივლისს თემურ ლენგი ბირთვისს მიადგა. სამარყანდელი ემირი დიდ წინააღმდეგობას არ მოელოდა და ციხის დალაშქვრა შაჰმალექს მიანდო. მაგრამ მისმა სპამ პირველივე იერიშში დიდი დანაკარგი განიცადა და განრისხებული თემურლენგი მთელი ძალებით ჩაება ბრძოლაში. არც ამან გამოიღო სასურველი შედეგი. მაშინ, თემურლენგის ბრძანებით, ციხის ალაყაფის წინ სამ დღეში სამეთვალყურეო კოშკი ააგეს, საიდანაც მონღოლები ციხესიმაგრესთან დამაკავშირებელი ყველა მისასვლელსაც აკონტროლებდნენ და საალყე მანქანებითა და ლოდსატყორცნებითაც უტევდნენ ბირთვისს. 
მემატიანე წერს, თემურლენგმა თავისი სარდლები ისე დატვირთა საქმეებით, რომ ღამით ძილი და დღისით მოსვენება არ ჰქონდათო. მაგრამ დღე დღეს მისდევდა, შედეგი კი არ ჩანდა. მონღოლებს მაინც განუწყვეტლივ მიჰქონდათ იერიში სიმაგრეზე: ციხის კედლებს მძიმე ლოდებს უშენდნენ, ეზოში ალმოდებულ ისრებს ჰყრიდნენ და დრო და დრო შეტევაზე გადადიოდნენ ერთადერთი ალაყაფის შესანგრევად. სულ ფუჭად კი. ქართველი მეციხოვნეები იოლად გასატეხნი არ გამოდგნენ. და მონღოლთა დიდი გარჯა-მონდომება ამაოდ ჩაივლიდა, რომ არა ერთი გარემოება, რამაც გადაწყიტა კიდეც ბირთვისის სიმაგრის ბედი.
ისტორიული ანალები - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2019
ზებუნებრივი მოკვდავი, ანუ ლეგენდები დავით აღმაშენებელზე
ციხეს სამხრეთიდან ციცაბო, ფეხმოუკიდებელი კლდე ერტყა. ეტყობა ამადაც არ მიაქცია ციხიონმა სათანადო ყურადღება იმ მხარეს და უმეთვალყურეოდ დატოვეს იგი. ამით ისარგებლა მონღოლთა ბანაკში მყოფმა, ტომით მექრითმა, ვინმე ბეგიჯაგმა, რომელმაც კლდეზე ასვლა და ციხეში შეპარვა მოახერხა. მერე იქ თხა დაიჭირა, დაკლა და მისი თავი, ნიშნად დასტურისა, მონღოლთა მბრძანებელს მიართვა. ამან თემურლენგს ციხის აღების იმედი გაუჩინა და გაათმაგებული ძალით შეუდგა შეტევისთვის სამზადისს. მონღოლებმა ოთხას საფეხურიანი კიბე დაწნეს, 52 მოხალისე შეარჩიეს და შაჰმალექი ჩაუყენეს სათავეში, მერე კი ხელსაყრელ დროს დაელოდნენ. და ეს დროც მალე დადგა... 
მომხდურს სამი დღე-ღამის განმავლობაში ლამის წამითაც არ შეუწყვეტია ციხისათვის მძიმე ლოდების დაშენა. მართალია, ეს ვერაფერ ზიანს ვერ აყენებდა სიმაგრეს, მაგრამ ლოდები უფსკრულში საშინელი ზათქით ცვიოდა და ყურთასმენას აყრუებდა. ქართველებს ძილი და მოსვენება ჰქონდათ დაკარგული. 1403 წლის 12 აგვისტოს ღამით მონღოლებმა ლოდსატყორცნები გააჩერეს. ირგვლივ სიჩუმე ჩამოწვა და ხმაურისა და უძილობისგან გადაქანცული ქართველი მეომრები ღრმა ძილს მიეცნენ. ამით ისარგებლეს მექრითებმა, ციცაბო კლდეზე აძვრნენ და ციხეში შეაღწიეს. 
ბირთვისელებმა მტრის შეპარვა მხოლოდ მაშინღა შეიტყვეს, როცა მათ ციხის ალაყაფის გაღება მოიწადინეს. დაუნდობელი ბრძოლა გაიმართა. ქართველებს თავი არ დაუზოგავთ, დაუნდობლად ჟლიტეს მომხდური, მაგრამ მექრითებმა მაინც მოასწრეს ჭიშკრის გაღება და მონღოლთა ძირითადი ლაშქარი ციხესიმაგრეში შეუშვეს. 
გორაკზე აღმართული ქართული დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2019
„საშინელება იქნება, თუ ქართველები გამრავლება-გაერთიანებას შეძლებენ“ - ვინ რა თქვა ჩვენზე
ბირთვისის ციხე გამთენიისას დაეცა. 
საშინელი აღმოჩნდა გამარჯვებულთა შურისძიება. დაჭრილი ციხისთავი თორელი და მასთან ერთად სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი 30 მეციხოვნე სასტიკად აწამეს. მაგრამ კვნესა არ დასცდენიათ ქართველებს, ვაჟკაცურად გაუძლეს უმოწყალო წამებას.
მონღოლებმა არც ბავშვები და მოხუცები დაინდეს — ერთიანად გაჟლიტეს ისინი. ქალები კი გაინაწილეს და ხასებად დაისვეს. ლუარსაბ თორელის ცოლი ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის შირვანის მმართველ შეიჰ იბრაჰიმს მიეცა ჯილდოდ. ბირთვისის ციხე კი თემურლენგმა თავის ერთ-ერთ ხორასნელ სარდალს, მუჰამედ თურანსა და მის მოლაშქრეებს ჩააბარა. 
ასეთი ტრაგიკული დასასრული ჰქონდა ბირთვისისათვის გამართულ ბრძოლას, რომელშიც ერთ მხარეს აზიის ბატონ-პატრონი იდგა ურიცხვი სპით, მეორე მხარეს კი ბედის ანაბარად მიტოვებული 180 ქართველი მეციხოვნე, რომლებიც ერთი თვე გმირულად უმკლავდებოდნენ მომხდურებს. 
ეს იყო თემურლენგის მერვე და უკანასკნელი ლაშქრობა საქართველოში. მრისხანე კოჭლმა თემურმა ბირთვისის შემდეგ ჯერ დასავლეთ საქართველო მოაოხრა, მერე თბილისი და მისი მიდამოები დაარბია და ყარაბაღის გავლით სამარყანდს გაემართა. მას შემდეგ არც მას და არც მის ლაშქარს ფეხი აღარ დაუდგამს ქართულ მიწაზე...
ყველა ახალი ამბავი
0