საეკლესიო კალენდარი: 3 აგვისტო

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმეტეხი
მეტეხი - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2021
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 3 აგვისტოს წინასწარმეტყველ ეზეკიელის, ასევე სვიმეონის, ქრისტესთვის სალოსის და იოანეს ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში
წინასწარმეტყველი ეზეკიელი
წინასწარმეტყველი ეზეკიელი ქრისტეს შობამდე დაახლოებით ექვსასი წლით ადრე, იუდეველთა მეფე ოზიას დროს დაიბადა ქალაქ სარირში. იუდეური გადმოცემის მიხედვით, იგი იერემია წინასწარმეტყველის მსახური ყოფილა და მისივე მსგავსად მღვდელმსახურთა შთამომავალი. ცნობილია, რომ მამამისს ვუზი ერქვა, ჰყავდა ცოლიც, რომელიც მისთვის დიდ ნუგეშს წარმოადგენდა, მაგრამ ეზეკიელის წინასწარმეტყველად მოწოდებიდან ოთხი წლის შემდეგ იგი უეცრად გარდაიცვალა. წინასწარმეტყველი ოცდახუთი წლის ასაკში მეფე იექონიასთან და სხვა თანამემამულეებთან ერთად ბაბილონში წაიყვანეს ტყვედ. ტყვეობაში იგი მესოპოტამიაში, მდინარე ქობართან სახლობდა. სწორედ აქ ჰქონდა მას პირველი სასწაულებრივი ჩვენება.
საქართველოს მთები და ტაძრები - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2021
საეკლესიო კალენდარი: 2 აგვისტო
ეზეკიელმა ბაბილონელთა ტყვეობაში მყოფ ისრაელებს აუწყა იმ განსაცდელების შესახებ, რომელიც ურჩობისთვის სასჯელად დაატყდებოდა მათ თავს; უწინასწარმეტყველა უმჯობესი ჟამის დადგომაც - ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლება და იერუსალიმის ტაძრის აღდგენა... წინასწარმეტყველის ოცწლიანი მოღვაწეობის შედეგს მის მიერ დაწერილი, ორმოცდარვა თავისაგან შემდგარი წიგნი წარმოადგენს, რომელსაც ნეტარი იერონიმე ღვთაებრივი საიდუმლოებების ოკეანეს უწოდებს.
ნეტარი ეზეკიელი მოწამეობრივად აღესრულა: ერთ-ერთი ებრაელი მთავრის მხილებისათვის იგი გაუხედნავ ცხენებს გამოაბეს და დაფლითეს. წინასწარმეტყველის წმიდა ნაწილები კეთილმსახურმა ებრაელებმა შეკრიბეს და პატივით დაკრძალეს.
ღირსი სვიმეონი, ქრისტესთვის სალოსი და იოანე, თანამმარხველი მისი
ღირსი სვიმეონი, ქრისტესთვის სალოსი და მისი თანამმარხველი იოანე, სირიელები იყვნენ და ქალაქ ედესაში ცხოვრობდნენ VI საუკუნეში. ისინი სიყრმიდანვე გულწრფელად მეგობრობდნენ. უფროსი - სვიმეონი უცოლო იყო და უკვე ხანში შესულ დედასთან ერთად ცხოვრობდა, ახალდაოჯახებულ იოანეს კი მამა და ახალგაზრდა მეუღლე ჰყავდა შინ. როცა სვიმეონს - ოცდაათი, იოანეს კი ოცდაოთხი წელი შეუსრულდა, მათ წმიდა ქალაქ იერუსალიმში იმოგზაურეს. წმიდა ადგილების მოლოცვამ და იქაურ მონასტერთა სიმრავლემ მათში ბერული მოღვაწეობის სურვილი გააღვიძა. მეგობრებმა შინ გაუშვეს მსახურები, თვითონ კი მდინარე იორდანეს სანაპიროზე გაშენებული მონასტრებისკენ გაემართნენ. სვიმეონმა და იოანემ ღმერთს შესთხოვეს, მიენიშნებინა, რომელი სავანე აერჩიათ და გადაწყვიტეს, იმ მონასტერში შესულიყვნენ, რომლის კარებიც ღია დახვდებოდათ. ამ დროს უფალმა ერთ-ერთი სავანის იღუმენს, ნიკონს ძილში ამცნო, გაეღო მონასტრის კარები. წმიდა მეგობრები მიადგნენ მონასტრის ღია კარებს. ღვთის ნებით წინამძღვარმა სიხარულით მიიღო ისინი. საღვთო შურით ანთებული მეგობრები მონასტრულმა ცხოვრებამ ვერ დააკმაყოფილა: მათ აღეძრათ სურვილი, უდაბნოს სიღრმეში შესულიყვნენ და იქ ეღვაწათ განმარტოებით. იღუმენ ნიკონს ღმერთმა განუცხადა თანამოღვაწეთა  განზრახვა: სწორედ იმ ღამეს, როცა ისინი სავანის დატოვებას აპირებდნენ, კვლავ გააღო კარიბჭე, შემდეგ მათთან ერთად ილოცა და მძიმე ღვაწლს შემდგართ ლოცვა-კურთხევა გააყოლა.  უდაბნოში მოღვაწეებმა  29 წელზე მეტი დაჰყვეს.
სამება - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2021
საეკლესიო კალენდარი: 1 აგვისტო
სვიმეონს, უფლის ნებით, დაებადა აზრი, რომ ისინი მოყვასის სამსახურში უნდა ჩამდგარიყვნენ, რისთვისაც აუცილებელი იყო ერში გასვლა; მაგრამ წმიდა იოანემ ჩათვალა, რომ ჯერ კიდევ არ იყო ამაღლებული უვნებლობის ამ ხარისხამდე და ამიტომ უდაბნოს ვერ დატოვებდა. სვიმეონი იერუსალიმისკენ გაეშურა და თაყვანი სცა უფლის ცხოველმყოფელ საფლავსა და სხვა სიწმიდეებს.
წმიდა მამამ ქრისტესთვის სალოსობის ღვაწლი ირჩია. ქალაქ ემესაში ჩასული ნეტარი შეშლილივით იქცეოდა, უცნაური საქციელის გამო მრავალთაგან ითმენდა დაცინვას, ლანძღვა-გინებას, გვემას... მაგრამ თავის შეურაცხმყოფელთათვის უამრავ სიკეთეს აკეთებდა: ეშმაკებს განასხამდა, სნეულებს კურნავდა, უეცარი სიკვდილისაგან იცავდა განსაცდელში ჩავარდნილთ, ურწმუნოებს ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცევდა, ცოდვილებს კი - სინანულად... გამოგონილი სისულელის საფარქვეშ აღსრულებული ამ სასწაულებისა და ქველისსაქმეების სანაცვლოდ იგი არც ქებას ღებულობდა და არც მადლობის სიტყვას.
გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე სვიმეონი ქალაქიდან გაუჩინარდა. ედესელმა მდაბიოებმა, რომლებიც მეგობრობდნენ წმიდანთან, ქოხში მიაკითხეს მას და იქვე ნახეს აღსრულებული. სწორედ მათ მიაგეს უკანასკნელი პატივი უფლის სათნომყოფელს: საეკლესიო გალობის გარეშე წაასვენეს იგი მწირთა და უსახლკაროთა სასაფლაოზე და მიაბარეს მიწას. მალე უდაბნოში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს ღირსმა იოანემაც.
 
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.
ყველა ახალი ამბავი
0