„ჩამოით, ნენა, სოფელში, გააქანეთ ხელი!“ ანუ როცა გურიაში „ტრაქტორი ღმუა“

© photo: courtesy of Irma Gordeladzeირმა გორდელაძე
ირმა გორდელაძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2021
გამოწერა
გურიაში მას ყველა თუ არა, უკვე ძალიან ბევრი იცნობს. თავისი კუთხის ბუნებას ყველა სამართლიანი გზით და უკომპრომისოდ იცავს. თუნდაც ერთი ასეთი ადამიანი საქართველოს ყველა კუთხეს რომ ჰყავდეს, დამიჯერეთ, ჩვენი საქმე გაცილებით უკეთ იქნებოდა, და არა მარტო ეკოლოგიური თვალსაზრისით.
ირმა გორდელაძეზე მოგახსენებთ. გურიის ულამაზეს სოფელ ლიხაურში დაიბადა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დამთავრების მერე ისევ თავის სოფელში დაბრუნდა. 26 წელია, რაც ოზურგეთის საჯარო სკოლაში ისტორიასა და სამოქალაქო განათლებას ასწავლის. არის გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია „ეკოს" დამაარსებელი. აქტივისტები და გარემოს დამცველები მას გურიის ყველა სოფელში ჰყავს. მოკლედ, თუ ამ კუთხის მოყვარულებს გურიაში ჩასვლა ისევ უხარიათ, ხოლო გურულებს თავისი კუთხის მომავალი ეიმედებათ, ეს მისი დამსახურებაცაა. როცა ეს მხარე რაიმე საშიშროების წინაშე დგება, მისი რეაქცია არასოდეს აყოვნებს და ყველას აგებინებს, რომ უკვე „დაფაცურების დროა!“
© photo: courtesy of Irma Gordeladzeირმა გორდელაძე
ირმა გორდელაძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ირმა გორდელაძე
- ქალბატონო ირმა, სამართლიანი ბრძოლა და პროტესტი გურულებისთვის უცხო არ არის, ეს გრძნობა ალბათ თქვენც ბავშვობიდან დაგყვათ?
- ასეა, ჩვენში ფირალების სისხლია და უსამართლობას გენეტიკურად ვერ ვეგუებით. მე სოფელ ლიხაურის ერთ დიდ უბანში, ოქროს მუხუროში ვცხოვრობ. ეს სოფელი საყვარელი და გურული კრეატივით სავსე ადამიანებითაა დასახლებული. მთელი ბავშვობა პროტესტის გრძნობა მიჩნდებოდა, როცა ჩემი სოფლის ოღრო-ჩოღრო გზაზე დავდიოდი. ტაქსის მძღოლების წუწუნი – რა წავა იმ დანგრეულ გზაზეო – დღემდე მესმის. მანქანის მოძრაობის დროს გზაზე საშინელი ბუღი დგებოდა. დღესაც შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს, როცა გასინსილებული გზიდან გადმოუხვევ და გადმოვდივარ მეცხრამეტე საუკუნის დროინდელ გზაზე, რომელიც ჩვენს უბანში მოდის. უკვე 50 წლის ვარ და უსამართლობის გრძნობა ასეთ დროს ყელში ბურთივით მაწვება ხოლმე. ნახევარი საუკუნეა ჩემი უბანი გზას და წყლის ნორმალურ გაყვანილობას ელოდება. ოქროს მუხურში ოდესმე არც თანამდებობის პირს უცხოვრია, რომ, ორმაგ ფენას ვინ ჩივის, ერთი ფენა გზა მაინც დაეგო.
© photo: courtesy of Irma Gordeladzeირმა გორდელაძე
ირმა გორდელაძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ირმა გორდელაძე
- თქვენზე ამბობენ, გურიაში ბუნებას იცავს ხმალამოღებულიო. ჩვენს მკითხველსაც მოუყევით ორი სიტყვით თქვენი პროტესტის კონკრეტულ მიზეზზე...
- ბუნებაში არის მდინარეები, რომელიც ხელშეუხებელია და მათზე ქვიშის მოპოვება არ შეიძლება. დღეს კომპანიები, რომლებიც გურიაში ინერტულ მასალას მოიპოვებენ, გურიის მდინარეების მიმართ ვანდალიზმს სჩადიან. შესაბამისი ორგანოები კი, რომელთაც ამ კომპანიების საქმიანობის გაკონტროლება ევალებათ, ამას არ აკეთებენ. ამიტომ ამ საქმეს ჩვენ მოვკიდეთ ხელი. პირდაპირ ვაცხადებ, ადგილობრივი მდინარეების გარეშე გურიას გაუდაბნოების საფრთხე ემუქრება. ვინც გურულია ან ლიხაურში ხშირად ამოდის დასასვენებლად, კარგად იცის, რომ მდინარე აჭისწყალი ორი სოფლის საარსებო წყალია. ის თუ გაქრება, აქ არც ნიადაგი იქნება, ვერც მცენარე იხარებს და აღარც ჰაერი იქნება. ამიტომ ყველა, ვინც დღეს ამ მდინარის დასაცავად გამოდის, ამით საკუთარ მომავალს იცავს.
© photo: courtesy of Irma Gordeladzeსოფელში ღონისძიებაზე
სოფელში ღონისძიებაზე - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
სოფელში ღონისძიებაზე
- ბევრი ადამიანი გიჭერთ მხარს?
- ადგილობრივები კარგა ხანია გააქტიურდნენ. მდინარის გადასარჩენად 900-მდე ხელმოწერა შეგროვდა. როცა ის კომპანიები არ გაჩერდნენ, სასამართლო პროცესი დავიწყეთ. თავიდანვე გამოვაცხადეთ, რომ თუნდაც წავაგოთ, მაინც არ გავჩერდებით და კიდევ გამოვალთ. გურიაში ჩვენი სამოქალაქო მოძრაობის სლოგანია „გადავარჩინოთ გურიის მდინარეები“. ეს მოძრაობა სამი წლის წინ დავიწყეთ, მაშინ, როცა ჩემს სოფელში, უნიკალურ მდინარე აჭისწყლის ხეობაში ქვა-ღორღის მომპოვებელი კომპანიები შემოვიდნენ. მთელი სოფელი ფეხზე დადგა და ეს ბრძოლა ბოლომდე მივიყვანეთ. აქ არსებული ხუთივე კომპანია ისე წავიდა, რომ ზოგიერთმა წიაღის მოპოვება ვერ შეძლო. მხოლოდ ერთი კომპანია გაგვიძალიანდა და პროტესტით თუ სასამართლო პროცესებით მასაც ვუწევთ წინააღმდეგობას. ასე რომ, ამ კუთხით ყველა მიცნობს. ამას წინათ ერთი მაისური მაჩუქეს ჩემი ფოტოთი და სახალისო თემატური წარწერით – „ტრაქტორი ღმუა“, რომელსაც მხოლოდ საგანგებო სიტუაციების დროს ვიცვამ.
© photo: courtesy of Irma Gordeladzeგადაღებაზე
გადაღებაზე - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
გადაღებაზე
- როდესაც ასეთი საქმეებითაა ცნობილი სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ალბათ მის მიერ ჩატარებული გაკვეთილებიც დამაჯერებელი და სარწმუნოა...
- 26 წელია, რაც მშობლიურ სკოლაში ისტორიას და სამოქალაქო განათლებას ვასწავლი. მინდა, რომ მოსწავლეებმა იცოდნენ როგორი ისტორიის და რა საგანძურის მფლობელები ვართ, საიდან მოვდივართ და როგორ უნდა გავუფრთხილდეთ მის დღევანდელ დღეს. როცა ჩემი მოსწავლეები ხედავენ, რომ მათი მასწავლებლის საქმიანობა მარტო სიტყვით არ შემოიფარგლება და სასიკეთო შედეგიც ახლავს, ჩემი გაკვეთილებიც უფრო დამაჯერებელი და, რაც მთავარია, ნაყოფიერია. სხვათა შორის, მე დავაარსე გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია „ეკო", რომლის აქტივისტები და გარემოსდამცველები უკვე ყველა ადგილობრივ სოფელში მყავს. როცა დღის წესრიგში ჰესების თემა დადგა, ინტენსიურად დავიწყეთ იმის კვლევა, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას გურიის სიმწვანისა და ბიომრავალფეროვნებისთვის.
© photo: courtesy of Irma Gordeladzeირმა გორდელაძე აქციაზე
ირმა გორდელაძე აქციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ირმა გორდელაძე აქციაზე
- გურულები ოპტიმისტები არიან და ყველაფერში პოზიტივს პოულობენ, ამ კუთხით რას იტყვით?
- მართლაც ასეა. პანდემიის დროშიც დავინახეთ გარკვეული სიკეთე. მაგალითად ის, რომ დღეს სამეზობლოში უკვე ყველას ჰყავს მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველები. ეს ამბავი გულს უხარია, რადგან ასე თუ გაგრძელდა, ქართული სოფლები წელში გაიმართება. მერე საკალანდოდ ისე რავა წახდება გურული, რომ მეზობელს კბილი არ გააკვრევინოს მწვადზე და მარტში შეფუთულ შაშხზე. უკვე დავითვალე და ამ თხილობაზე სოფელში 30 პოტენციური გადასადენი ღორი იქნება.
© photo: courtesy of Irma Gordeladzeირმა გორდელაძე აქციაზე
ირმა გორდელაძე აქციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ირმა გორდელაძე აქციაზე
- ანუ „კაისკენ“ მიდის საქმე?
- ნამდვილად. ოპტიმიზმს და კარგ ამბავს რაც შეეხება, იმასაც ვიტყვი, რომ გურიაში იქმნება ეროვნული პარკი, რომლის დაცული ტერიტორია ბახმარო–გომისმთის რეკრეაციულ ზონას მოიცავს. ყველას მინდა მივმართო, არ დაგვავიწყდეს, რომ სამყაროში პირველი ადამიანი სოფლიდან იყო. კუთხურად გეტყვით: ჩამოით, ნენა, სოფელში, გააქანეთ ხელი. ჰაერი აქაა, ჩრდილი და წყალი ანკარა. სოფელსაც ეშველება, თქვენც და ქვეყანასაც!..
 
ყველა ახალი ამბავი
0