კობახიძე: სამი პროცენტიც რომ ავიღოთ, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მაინც არ დაინიშნება

© Sputnik / STRINGERირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2021
გამოწერა
შარლ მიშელის შეთანხმების მიხედვით, მმართველი პარტია მზად იყო ვადამდელი არჩევნები ჩაეტარებინა, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე ხმების 43%-ზე ნაკლებს აიღებდა.
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხი თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არანაირად არ იქნება დამოკიდებული, აცხადებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
28 ივლისს მმართველმა პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიულმა საქართველომ“ ყველასთვის მოულოდნელად გაუქმებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით 19 აპრილს ხელმოწერილი კომპრომისული შეთანხმება, რითიც უარი განაცხადა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე იმ შემთხვევაში, თუ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი პარტია ხმების 43%-ს ვერ აიღებს. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ქვეყნის დასავლელი პარტნიორების კრიტიკა გამოიწვია, რომლებმაც ხელისუფლების პროდასავლური კურსი ეჭვქვეშ დააყენეს.
„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს არ ექნება არავითარი მნიშვნელობა. რომც ავიღოთ „ლელოსავით“ 3%, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, 93% რომ ავიღოთ, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები“, — განაცხადა კობახიძემ.
პარტიის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მხოლოდ მათი კეთილი ნება იქნება.
  • „ნებისმიერ დროს, თუ დავინახავთ, რომ ვითარება იქნება მომწიფებული იმისათვის, რომ საქართველოში ჯანსაღი კოალიციური მმართველობა შედგეს, ამ შემთხვევაში ჩვენ ჩვენი კეთილი ნებით მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მმართველმა პარტიამ რეგიონებში მერობის კანდიდატები დაასახელა: ქვეყნდება სია>>
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს ჩატარდება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად აგვისტოს პირველ რიცხვებში დაიწყება. სავარაუდოდ, არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლების დიდ ინტერესს გამოიწვევს და, ადრინდელი ადგილობრივი არჩევნებისგან განსხვავებით, ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაცია ქვეყანაში დიდ დელეგაციას გამოგზავნის.
ყველა ახალი ამბავი
0