პირველი ქართული ოქრო – ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია!

© REUTERS / SERGIO PEREZლაშა ბექაური
ლაშა ბექაური - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
გამოწერა
ლაშა ბექაურისთვის ეს პირველი ოლიმპიური თამაშები იყო. ქართველი ფალავანი ოლიმპიურ ოქროს მედალს ფინალში გერმანელ ედუარდ ტრიპელთან გამარჯვებით დაეუფლა.
თბილისი, 28 ივლისი - Sputnik. ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია, მან ქართულ დელეგაციას პირველი ოლიმპიური ოქრო მოუტანა.
21 წლის ქართველმა ფალავანმა, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტრიუმფალური გამოსვლა პოლონელ პიოტრ კუჩერასთან გამარჯვებით დაიწყო. მერვედფინალში ბექაურის მეტოქე ისრაელის წარმომადგენელი ლი კოჩმანი იყო და მიუხედავად კოჩმანის უპირატესობისა, ბექაურმა მისი დამარცხება ზედიზედ ორი ვაზარით შეძლო. კოჩმანის შემდეგ მეოთხედფინალში ლაშამ უზბეკი დავლატ ბობონოვიც დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც რუს მიხაილ იგოლნიკოვს ვაზარით აჯობა.
ფინალური შეხვედრა ტრიპელმა ჩვეულ სტილში აგრესიულ სტილში დაიწყო, თუმცა ლაშა ბექაურმა ორთაბრძოლის მეორე წუთზევე ულამაზესი გდება შეასრულა და პირველი ვაზარიც მოიპოვა.
აღნიშნული ილეთის დროს ბექაურმა მოწინააღდეგე შებოჭა, თუმცა გერმანელმა თავი მალევე დაიძვრინა და ლაშას სუფთა გამარჯვების მოსაპოვებლად სამი წამი დააკლდა. ქართველმა ძიუდოისტმა აღებული ქულის შემდეგ ტაქტიკურ ჭიდაობას მიმართა და მოპოვებული ქულა გამარჯვებად აქცია.
ლაშა ბექაური - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
საქართველო ოლიმპიური ოქროს მოლოდინში - ბექაური ფინალშია!
აღსანიშნავია, რომ ვერცხლის მედლის მოსაპოვებლად ტრიპელმა ჯერ ორგზის მსოფლიო ჩემპიონი სერბი ნემანია მაიდოვი დაამარცხა, შემდეგ კი სამხრეთკორეელ დონგ-ჰან გვაკსა და უნგრელ კრისტიან ტოტს აჯობა. ნახევარფინალურ ეტაპზე გერმანელმა ევროპის 2019 წლის ჩემპიონის, თურქეთის სახელით მოასპარეზე მიჰალ ზგანკის ბარიერიც დაძლია და ფინალში ბექაურზე გავიდა.
რაც შეეხება ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას, იქ ერთმანეთს კრისტიან ტოტი და მიხაილ იგოლნიკოვი შეხვდნენ. დაპირისპირება დამატებით დროში გადავიდა, სადაც უნგრელ სპორტსმენს ორი გაფრთხილება გადაჰყვა. საბოლოოდ მაინც ტოტის აქტიურობამ გამოიღო შედეგი და ოლიმპიური ბრინჯაო უნგრელს დარჩა.
ოლიმპიურ თამაშებზე ხვალ ტატამზე საქართველოს ძიუდოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი გავა (-100 კგ), ხოლო ბოლო საჭიდაო დღეს მაყურებელი მძიმეწონოსან გურამ თუშიშვილს იხილავს.
ყველა ახალი ამბავი
0