საქართველოს ნაკრების მესამე დღე ტოკიოს ოლიმპიადაზე – შედეგები

© photo : Georgian National Olympic Committee / FBლაშა შავდათუაშვილი
ლაშა შავდათუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2021
გამოწერა
ტოკიოს ოლიმპიადის მესამე დღემ საქართველოს მეორე ვერცხლის მედალი მოუტანა და კვლავ ძიუდოში – ოლიმპიური ტურნირის ვიცე-ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი გახდა.

ლაშა შავდათუაშვილი – ძიუდო, -73 კგ

ლაშა შავდათუაშვილი – ლონდონის (2012) ოლიმპიური ჩემპიონი, რიო-დე-ჟანეიროს (2016) თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი და მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია. ლოგიკურია, რომ ტოკიოს თამაშების დაწყებამდე შავდათუაშვილი მედლის ერთ-ერთ პრეტენდენტად განიხილებოდა. რჩებოდა მხოლოდ ერთი კითხვა – რომელი სინჯის მედლის?
საბოლოოდ მისთვის მესამე ოლიმპიადაზე შავდათუაშვილმა ფინალში იაპონელ შოჰეი ონოსთან წააგო და ვერცხლი მოიპოვა.
ლაშა შავდათუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2021
საქართველოს მეორე მედალი ტოკიოს ოლიმპიადაზე – ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლი მოიგო
ქართველმა ძიუდოისტმა ძალიან აქტიურად ჩაატარა ფინალური შეხვედრა და მეტოქეს პასიური ბრძოლისთვის ორი შიდოც მიაღებინა. მაგრამ მეხუთე დამატებულ წუთზე ონომ მაინც მოახერხა ილეთის ჩატარება, რომელმაც მას ოქროს მედალი მოუტანა.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შევძელი და მოვიპოვე მესამე ოლიმპიური მედალი. ფინალს რაც შეეხება, გულდასაწყვეტია, ძალიან ახლოს ვიყავი ჩემპიონობასთან. მაგრამ ეს სპორტია... დღეს ძალიან მოტივირებული ვიყავი ბრძოლისთვის, ძალიან თავისუფლად ვიყავი ოლიმპიურ თამაშებზე. უზომოდ ბედნიერი ვარ და მივულოცავ მთელ საქართველოს ამ წარმატებას, გულშემატკივარს, ოჯახს, ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ წარმატებაში“, – ასეთი კომენტარი გააკეთა ლაშა შავდათუაშვილმა.
ამ ვერცხლის მედლის შემდეგ შავდათუაშვილი ოლიმპიური მედლების რაოდენობითა და სინჯებით სახელოვან ნინო სალუქვაძეს გაუტოლდა.

ეთერ ლიპარტელიანი – ძიუდო, -57 კგ

21 წლის ეთერ ლიპარტელიანს სულ ცოტა დააკლდა იმისათვის, რომ ქალთა შორის ძიუდოში პირველი ოლიმპიური მედალი მოეპოვებინა საქართველოსთვის.
ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა დამაჯერებლად მიაღწია მეოთხედფინალამდე, სადაც ოლიმპიადის მომავალ ვერცხლის პრიზიორთან, ფრანგ სარა-ლეონი სიზიკთან დამარცხდა. შემდეგ რეპეშაჟში ლიპარტელიანმა მოუგო პოლონელ იულია კოვალჩიკს, მაგრამ ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ვეღარ მოერია გამოცდილ იაპონელს ცუკასა იოშიდას.
შემაჯამებელ ოქმში ლიპარტელიანმა მეხუთე ადგილი დაიკავა, რაც ძალიან კარგი შედეგია ოლიმპიური დებიუტისთვის.

გიორგი ხარაბაძე (-75 კგ) და სახილ ალახვერდოვი (-52 კგ) – კრივი

სამწუხაროდ, ოლიმპიადის მესამე დღე წარუმატებელი გამოდგა ქართველი მოკრივეებისთვის, რომლებიც პირველივე ბრძოლებში დამარცხდნენ. სახილ ალახვერდოვი (-52 კგ) დამარცხდა ჩინელ ხუ ძანგუანთან (Hu Jianguan) (0:5), ხოლო ხარაბაძემ ასეთივე ანგარიშით წააგო უზბეკ ფანატ კახრამონოვთან.
ქართველი მოკრივეების „აქტივში“ ახლა მხოლოდ ესკერხან მადიევი (-69 კგ) დარჩა, რომელიც 1/16 ფინალში უგანდელ შადირი ბვოგის შეხვდება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - ჩოგბურთი

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (АТР-ს რეიტინგით 42-ე ნომერი) 1/16 ფინალში სამ სეტში 6:4, 3:6, 6:4 მოუგო იტალიელ ლორენცო სონეგოს (26). მეოთხედფინალში გასასვლელად ქართველი ჩოგბურთელი გერმანიის წარმომადგენელ ალექსანდრ ზვერევს (5) დაუპირისპირდება. მატჩი 28 ივლისს გაიმართება.
27 ივლისს ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებს წარადგენს ორი სპორტსმენი: ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო, -81 კგ) და ესკერხან მადიევი (კრივი, -69 კგ).
ყველა ახალი ამბავი
0