სანდრო გეგეჭკორი Maria Canals-ის კონკურსის გამარჯვებული გახდა

© FB / Gulta Kvantrishviliსანდრო გეგეჭკორი
სანდრო გეგეჭკორი - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2021
გამოწერა
კონკურსის მონაწილეები კატალონიური მუსიკის სასახლის საკონცერტო დარბაზში მსმენელის წინაშე სიმფონიური ორკესტრის თანხლებით წარდგნენ. გეგეჭკორმა ჩაიკოვსკის საფორტეპიანო კონცერტი შეასრულა.
თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. ახალგაზრდა ქართველი ვირტუოზი პიანისტი სანდრო გეგეჭკორი ბარსელონაში Maria Canals-ის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა, იუწყება „პირველი არხი".
სანდრო გეგეჭკორი - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
ქართველი ვირტუოზი პიანისტი Maria Canals-ის კონკურსის ფინალში გავიდა
კანალსის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი ევროპის ერთ-ერთი უძველესი მუსიკალური კონკურსია, რომელიც კატალონიური მუსიკის სასახლეში (Palau de la Música Catalana) 1954 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. მას შემდეგ კონკურსში 100-ზე მეტი ქვეყნის 7 ათასზე მეტმა პიანისტმა და ჟიურის 180-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა.
წელს ფინალში ქართველ პიანისტს კონკურენციას უწევდნენ პორტუგალიელი პიანისტი რაფაელ კირიჩენკო (Rafael Kirichenko) და ჩინეთის წარმომადგენელი ციმინგ რენი (Ziming Ren).
გამარჯვებულს დიპლომთან ერთად ფულადი ჯილდო – 25 ათასი ევრო გადაეცემა.
მრავალი საერთაშორისო პრემიის ლაურეატი სანდრო გეგეჭკორი 2000 წელს ჭიათურაში დაიბადა. დაამთავრა სანდრო კავსაძის სახელობის ჭიათურის №1 მუსიკალური სკოლა. 10 წლიდან საკუთარ ნაწარმოებებს წერს. არის თბილისის ზაქარია ფალიაშვილის მუსიკალური სკოლის „ნიჭიერთა ათწლედის" კურსდამთავრებული (პროფესორ საშა გარბერის კლასი).
2019 წელს პიანისტმა იტალიაში საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე Brescia Classica International Competition სპეციალური პრიზი მიიღო. ის ფრანც შუბერტის ნაწარმოებების საუკეთესო შემსრულებლად დაასახელეს. მანამდე, 2017 წელს გახდა ავსტრიაში ფოირიხის საფორტეპიანო, ვოკალური და კამერული მუსიკის II საერთაშორისო კონკურსის პრიზიორი – მიიღო კონკურსის გრან-პრი და ორი სპეციალური პრიზი.
ყველა ახალი ამბავი
0