შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს დაიცვან კანონი

© Sputnik / Alex Shlamovმიკროავტობუსები, რომლებითაც აქციის მონაწილეები უნდა გაიყვანონ
მიკროავტობუსები, რომლებითაც აქციის მონაწილეები უნდა გაიყვანონ - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
გამოწერა
რუსთაველის გამზირზე, სადაც ორი აქცია იმართებოდა, ვითარება პრაქტიკულად უკონტროლო გახდა. ადგილზე მართლწესრიგის დასაცავად იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი.
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს, უწყებამ დღეს უკვე მესამე საგანგებო განცხადება გაავრცელა.
რუსთაველის გამზირზე, სადაც ერთბაშად ორი აქცია იმართებოდა, პოლიციამ დამატებითი ძალები შემოიყვანა.
შსს-ს ცნობით, ადგილზე მართლწესრიგის დასაცავად იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს - შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. ამასთან, ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი“, - აღნიშნულია განცხადებაში.
დაკავებები აქციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
რუსთაველის გამზირზე პოლიციელები დაშავდნენ
გარკვეულ მომენტში ვითარება რუსთაველის გამზირზე პრაქტიკულად უკონტროლო გახდა. რადიკალური დაჯგუფებების წარმომადგენლებმა გაარღვიეს პოლიციის კორდონი, რომელიც მათ ყოფდა დუმილის აქციის მონაწილეებთან, რომლებიც გუშინ დაშავებული ჟურნალისტების და საზოგადოების წარმომადგენლების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.
დუმილის აქციის მონაწილეები მოუწოდებენ პოლიციას, გამოიყენოს სპეციალური საშუალებები აგრესიულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ.
ამ დროისთვის პოლიცია ცდილობს, ორივე აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირი დაატოვებინოს. მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმისათვის, რომ აქციის მონაწილეთა გაყვანა უსაფრთხოდ მოხდეს.
5 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ და მათი მხარდამჭერი აქტივისტების მიერ ლგბტ თემის უფლებების დასაცავად დაგეგმილი იყო აქცია „ღირსების მარში". მაგრამ უკვე დილის 11 საათზე, დაგეგმილ მარშამდე დიდი ხნით ადრე, რუსთაველის გამზირზე „ზნეობის მცველების" აგრესიული კონტრაქცია დაიწყო.
გამზირზე ლგბტ თემის წარმომადგენლები და მათი მომხრეები არ გამოჩენილან, ხოლო „ტრადიციული ღირებულებების დამცველების” აგრესიის სამიზნე ჟურნალისტები გახდნენ. მათ სცემდნენ ყველაფრით, რაც ხელში მოხვდებოდათ, უმტვრევდნენ აპარატურას, შეურაცხყოფას აყენებდნენ, განურჩევლად იმისა ვინ რომელ მედიას წარმოადგენდა. თავს დაესხნენ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისებს, რიგით გამვლელებს, რომელთა გარეგნობამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია. ქალაქში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით გადაწყდა, რომ „ღირსების მარში" არ ჩატარდებოდა.
არეულობების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძალადობის 55 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 53 მასმედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ იყო მიმართული.
5 ივლისს 8 პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, დღეს ჟურნალისტებზე თავდასხმისთვის სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში სამი ადამიანი დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია, დღეს საღამოს აქციაზე რამდენი ადამიანი დააკავა პოლიციამ.
დაკავებები ამ წუთებშიც გრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0