„ღამღამობით ძველ ბინაში მიდიოდა...“ – ბუბა კიკაბიძემ მეუღლეს საოცნებო სახლი და ბაღი აჩუქა

© photo: Sputnikბუბა კიკაბიძე
ბუბა კიკაბიძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
გამოწერა
1965 წელს ირინა ქებაძე და ვახტანგ კიკაბიძე ცოლ-ქმარი გახდნენ. მანამდე ირინას ქმარი სახალხო არტისტი გურამ საღარაძე იყო. მათ უკვე შვიდი წლის გოგონა – მარინა საღარაძე ჰყავდათ. მას შემდეგ ბუბას მარინა საკუთარი შვილივით, კონსტანტინესავით უყვარს...
რუსულ ჟურნალში Домашний очаг გამოქვეყნდა სტატია სათაურით – „ყველაზე მტკიცე ქორწინება: ვახტანგ კიკაბიძის ოჯახური ბედნიერების საიდუმლო. ლეგენდარული თბილისელი დონ ჟუანი ბუბა ყოველთვის ეძებდა ქალს, ვისთანაც ცხოვრება საიმედო და საინტერესო იქნებოდა… და როცა ასეთი ქალი იპოვა, იგი იდეალური მეოჯახე გახდა” (ავტორი – ლარისა ხომაიკო).
სტატიაში აღნიშნულია, რომ თავის სიცოცხლეში ვახტანგ კიკაბიძე მხოლოდ ორჯერ იყო ძალიან შეყვარებული: ერთხელ ბავშვობაში, მეორედ – ბუდაპეშტში, ქუჩის არეულობების დროს. პირველი სიყვარულიდან მას ფეხზე ტატუ დარჩა, მეორედან კი – შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები, სახლი, ბაღი და ბედნიერება მთელი ცხოვრების განმავლობაში.
როგორც სტატიის ავტორი წერს, ისე ჩანდა, რომ ვახტანგი სამუდამოდ უცოლშვილო დარჩებოდა, მაგრამ იგი ერთხელ ერთ ქალს შეხვდა და მიხვდა: დიახ, ის მისი ცოლი გახდებოდა. ირინა თბილისის აკადემიური საოპერო თეატრის პრიმა-ბალერინა იყო, ზრდიდა რვა წლის გოგონას პირველი ქორწინებიდან და საერთოდ არ შედიოდა ლეგენდარული ბუბას თაყვანისმცემელთა რაზმში. მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ისინი ერთად აღმოჩნდნენ ბუდაპეშტში, გასტროლზე და იქ, უნგრეთის დედაქალაქში ერთ საღამოს მშვიდობიანი ცხოვრება დაირღვა: ავტომანქანებმა სიგნალი ჩართეს, ხალხი ყვიროდა, სადღაც გარბოდა, შემდეგ მათ გაიგეს, რომ იმ დღეს ამერიკაში პრეზიდენტი ჯონ კენედი მოკლეს, ირინა და ვახტანგი ხალხის მჭიდრო ტალღაში მოხვდნენ. მან გამხდარ ბალერინას ხელი მოხვია და მიხვდა, რომ გაშვება აღარ უნდოდა... და როცა მათ უფრო ახლოს გაიცნეს ერთმანეთი, ვახტანგმა იგრძნო, რომ მთელი ცხოვრება ირინას ელოდა.
პირველ ხანებში ახალგაზრდა წყვილი ირინას მშობლებთან, პატარა ბინაში ცხოვრობდა, თითქმის ნახევარსარდაფში. ჯერ ერთმანეთს ეჩვეოდნენ: ვახტანგი უცოლო კაცის ჩვევებს ემშვიდობებოდა, მეგობრებთან ქეიფებს... თავის მხრივ, ირინას ქმრისგან უსაზღვრო ეჭვიანობის გადატანაც კი მოუხდა. შემდეგ დაიბადა ვაჟი კონსტანტინე და ოჯახი ბედნიერი გახდა ორ შვილთან ერთად. დაცოლშვილების შემდეგ ვახტანგის საქმეები წარმატებით აეწყო. იგი ფილმებში გადაიღეს, მისი ანსამბლი „ორერა” კი მთელ საბჭოთა კავშირში ცნობილი გახდა. მომღერლებმა მთელი ქვეყანა მოიარეს და ყველა მაყურებელს ეგონა, რომ ვახტანგის ცოლი „ორერას” სოლისტი ნანი ბრეგვაძე იყო, მაგრამ სინამდვილეში ნანი სხვაზე იყო გათხოვილი, ბუბა კი ყოველი კონცერტის შემდეგ სახლში დაბრუნებას ცდილობდა. ამასთან, იგი არასდროს არავის საყვედურობდა იმისთვის, თუ ვინმე სხვანაირი ცხოვრებით ცხოვრობდა.
ვახტანგმა და ირინამ ერთად მთელი ცხოვრება იცხოვრეს. 2001 წელს ქმარმა ცოლს ისეთი სახლი და ბაღი აჩუქა, რომელზეც ირინა ოცნებობდა. თვითონ ვახტანგს სახლი ძალიან დიდი ეჩვენებოდა და რამდენიმე თვე იქ ვერც ჩერდებოდა, ღამღამობით ძველ ბინაში მიდიოდა ხოლმე, მაგრამ შემდეგ მიეჩვია. ვახტანგი ხშირად ფიქრობდა, რატომ იყო ცოლთან ერთად ასე ბედნიერი და ერთხელ პასუხიც იპოვა: საქმე ურთიერთპატივისცემაშია.
 
ყველა ახალი ამბავი
0